კიევი: "საინფორმაციო ტექნოლოგიების არმიამ" მოიპოვა "ვაგნერის" მონაცემთა ბაზა

საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის მთავრობაში განაცხადეს, რომ მოიპოვეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულთა მონაცემები. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხაილო ფიოდოროვმა 19 სექტემბერს ღამით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „საინფორმაციო ტექნოლოგიების არმიამ“ გატეხა „ვაგნერის“ საიტი, რომელიც უკრაინასთან ომისთვის აგროვებს რუს პატიმრებს.

ფიოდოროვი აცხადებს, რომ დაქირავებულთა ყველა პერსონალური მონაცემი მათ ხელთაა და თითოეულ მკვლელს და მოძალადეს მკაცრი სასჯელი ელის.

რუსეთი უკრაინასთან ომში აქტიურად იყენებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს". ბოლო ხანს გავრცელებული ცნობებით, როგორც "ვაგნერში", ისე რეგულარულ არმიაში დიდი დანაკარგის შევსებას რუსეთი ცდილობს პატიმრების დაქირავებითაც. მათ სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომრად წასვლას და ამ პროცესს ხელმძღვანელობს "ვაგნერის" დამფუძნებლად მიჩნეული, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.

ასევე ნახეთ გამოქვეყნდა პატიმრების გადაბირების ამსახველი ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, პრიგოჟინი ჩანს