სცენარისტი, “ფორმულას” წამყვანი ქეთი დევდარიანი საკუთარი სერიალის და ტელევიზიის მაგალითზე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არაერთხელ გამოუყენებია კეთილი მიზნებით მიღებული კანონები მედიების წინააღმდეგ და იხსენებს რეკლამების კანონს, რომელმაც ტელევიზიებს ფინანსური პრობლემები მოუტანა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის სახელით გატარებულ ცვლილებებს, რომელიც “ჩემი ცოლის დაქალების” წინააღმდეგ სარჩელების საფუძვლად იქცა მარეგულირებელ კომისიაში. მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მთავრობას მაუწყებლის კანონში ცვლილებები ტელევიზიების დასახურად სჭირდება.
ქეთის რადიო თავისუფლება მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მასში ჩადებულ შესაძლო საფრთხეებზე ესაუბრა.
ალბათ ნანახი გაქვთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დოკუმენტი. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მისი წაკითხვის შემდეგ?
აპირებენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. როგორც არ უნდა იყოს შეფუთული ეს კანონი და როგორი “კეთილი მოტივებითაც” არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ემსახურება მედიის შეზღუდვას. საბოლოო ჯამში ეს მიდის მედიის დახურვისკენ, როგორც ეს რუსეთში მოხდა. სერიალზე ახლაც ორი დავა გვაქვს. მარეგულირებელ კომისიაში ჩვენთვის ჩივილი ჩვეულებრივი ამბავია.
ასევე ნახეთ “დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება” - ვინ ახსნის, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი კანონში?კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და იმისთვის, რომ საქართველოს არ შეუწყდეს წვდომა მსხვილ ევროპულ პროგრამაზე “შემოქმედებითი ევროპა”. რატომ არ ენდობით იმას, რაც წერია განმარტებით ბარათში?
ყველაზე ცუდი იქნება, თუ ხალხი, ვინც მართლა იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, იფიქრებს და გაავრცელებს იმ აზრს, რომ ეს არის ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯი. ყველაფერს აქვს კონტექსტი. ხელისუფლება რომ ასე იტყვის, გასაგებია, მაგრამ ქვეყანამ, რომელმაც უარი თქვა სასამართლოს გათავისუფლებაზე, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც დასავლეთს აბრალებს რომ ომში ითრევს, რა კანონიც არ უნდა მიიღოს მედიის შესახებ, ის იქნება მედიაზე თავდასხმის საშუალება იმ მომენტში, როცა ხელისუფლებას ეს დასჭირდება. ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა იცოდეს ქართული კონტექსტი, იცოდეს რომ [ხელისუფლება] არაფერს ასრულებს, რასაც პირველი სამყარო სთხოვს ადამიანების უფლებების დასაცავად და [სჯეროდეს, რომ] უცბად მოუნდათ ადამიანების ქვეცნობიერზე ზემოქმედების კანონის ამოქმედება და შესრულება.
კანონში არ არის ნათქვამი, როგორ გაიზომება ან შეფასდება მედიაპროდუქტების ქვეცნობიერზე ზემოქმედების ხარისხი? "ჩემი ცოლის დაქალები" რომ ავიღოთ, ახდენს ადამიანის ქვეცნობიერზე გავლენას?
შეიძლება ცოტა შორიდან დავიწყო? სამწუხაროდ კინო, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, როგორი კარგიც, საბოლოოდ გავლენას ახდენს მაინც მათზე, ვინც მიდრეკილია…თუ ადამიანი ემპათიურია, მას რაღაც ფილმი ატრიგერებს, რომ კიდევ უფრო ემპათიური გახდეს, მაგრამ მე მაგალითად არც არ უნდა ვიკითხო ასავალ-დასავალი, მისი ემოციური მკითხველი ვერ გავხდები. ამიტომ, პროპაგანდა მუშაობს ისევ შენს მიდრეკილებებზე. ეს არაცნობიერზე, ქვეცნობიერს რომ ეძახიან, გავლენის მოხდენა ისეთი ინტერპრეტირებადი ამბავია, ჩემთვის შეიძლება მუზაც კი იყოს. როგორ უნდა გაზომო არაცნობიერზე ზემოქმედება? არის რამე ობიექტური კრიტერიუმი, მაგალითად რაღაც ფილმი ან ინფორმაცია როგორ მოქმედებს ადამიანზე?
მე მაგალითად, როცა ვუყურებ ირაკლი კობახიძეს, შეიძლება განვაცხადო, რომ ეს მოქმედებს ჩემს არაცნობიერზე მავნედ. რა ხდება მერე? მისი განცხადებები ჩემს ცხოვრებას ცვლის და შეიძლება, მიჩენს სუიციდურ აზრებს. თუ სიძულვილის ენას მეტნაკლებად განმარტება აქვს, რომ ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ნიშნით გამორჩეულ ადამიანებზე თავდასხმა ითვლება სიძულვილის ენის გამოყენებად, ქვეცნობიერზე ზემოქმედებას არანაირი განმარტება არ აქვს. სიგიჟეა, როგორ უნდა გაზომო? როგორ და როგორც გაგიხარდება. პასუხი არის ეგ. ზოგადად, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მიმართული მედიის შეზღუდვაზე. ეს რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის თქვენიც, არ აკმაყოფილებს იმ ამოცანას, რომელიც სჭირდება ამ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. რაც უფრო დიდი დრო გადის ერთი ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნის, მით მეტი ბერკეტი სჭირდება და განსაკუთრებით პროპაგანდისტული, რომ დარჩეს ხელისუფლებაში.
სიძულვილის ენის განმარტება ახსენეთ. პარლამენტის კომიტეტში ამ კანონპროექტის განხილვაზე ერთმა პარლამენტარმა იკითხა, ჩაითვლებოდა თუ არა სიძულვილის ენის გამოყენებად თუკი ის რომელიმე მედიის ეთერში იტყოდა, რომ არ მოსწონს თეთრკანიანი მელოტი მამაკაცები.
კი, აი მე მაგალითად შეიძლება მყავდეს პერსონაჟი, რომელსაც კოგნიტიური პრობლემები აქვს და ვიღაცებს დასცინის სიმელოტეზე, სითეთრეზე, სიშავეზე და მერე მე უნდა ვამტკიცო, რომ არის გროტესკი, პაროდია, ჩემი სათქმელი კი არა, ჩემი კრიტიკის საგანი და სწორედ იმიტომ ლაპარაკობს პერსონაჟი იმას, რაც არ უნდა ილაპარაკოს. ინტერპრეტაცია ყველგან არის შესაძლებელი. ზოგადად, მსგავსი კანონების მიღებას სჭირდება დემოკრატია, რომელიც ჩვენ არ გვაქვს.
ამ კანონის დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელზეც შეიძლება კაცმა იფიქროს, რაა ამაში ცუდი, ძალიანაც კარგი. ვგულისხმობ მაგალითად პასუხის უფლებას, რაც ყველას, ვინც ჩათვლის, რომ მედია მის ინტერესებს აზიანებს, შესაძლებლობას აძლევს ამისათვის პასუხი მოითხოვოს. ან სიზუსტის განსაზღვრება - მედიის მოვალეობა ხომ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა საზოგადოებისთვის. ვისაც არ მოსწონს რომელიმე მედია, იფიქრებს რომ ძალიანაც კარგი, აგოს ახლა ამ მედიამ პასუხი კანონის წინაშე.
სიზუსტე რას ნიშნავს? როცა რაღაც ფაქტი მაქვს მოპოვებული, კომპრომატი მაგალითად ხელისუფლების კორუმპირებულობაზე, ამის ვიდეო-აუდიო მასალაც უნდა მქონდეს? ექსპერტიზითაც უნდა იყოს ეს განმტკიცებული თუ როგორ? ან ვინ ატარებს ამის ექსპერტიზას? მერე პასუხს რაც შეეხება, ჩვენთან ტელევიზიაში არ მოდის არავინ არათუ ხელისუფლების წარმომადგენელი, მათთან დაახლოებული შემოქმედებითი ჯგუფის წევრებიც კი. აკრძალული აქვთ. როგორც მე არასოდეს იმედზე პირდაპირ ეთერს არ მომცემენ, ასევე უარს აცხადებენ ჩვენთან მოსვლასა და პასუხის გაცემაზე. რა უნდა იყოს ოპოზიციური მედიისთვის უფრო საინტერესო და დიდი გამოწვევა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დებატები გადიოდეს მის ეთერში, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეგენი პასუხის გასაცემად არსად არ დადიან.
ხშირად გეუბნებიან ხოლმე, როცა საზოგადოებისთვის რაიმე მოულოდნელი ხდება, რომ გიწინასწარმეტყველია სერიალში, სადაც ეს ვითარება რეალობად ქცევამდე აბსურდულად ჩანდა. გქონიათ “წინასწარმეტყველება”, რომ ერთ დღეს მოგვიწევდა კანონის განხილვა, რომელიც ქვეცნობიერზე ზემოქმედებას კრძალავს. ან რა შეიძლება იყოს ამის შემდეგ?
გავიმეორებ იმას, რასაც ხშირად ვამბობ ხოლმე: სინამდვილეში წინასწარმეტყველება არ არსებობს, არსებობს მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც გკარნახობს, რომ ეს ასე შეიძლება მოხდეს. როდესაც ხედავ, რომ ხელისუფლება სამი-ოთხი წლის დაგვიანებით იღებს იმ კანონებს, რაც რუსეთმა მიიღო იმიტომ რომ ეს მიაჩნია ხელისუფლების შენარჩუნების სწორ გზად, იმის გამოცნობა, რომ თავში რაც მოგივა, ყველაფერი შეიძლება გააკეთონ, [რთული არ არის]. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენთანაც უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადდნენ რაღაც მედიები, როგორც ეს რუსეთში მოხდა. ეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა, დასავლეთის ელჩებზე თავდასხმა, მიანიშნებს იმას, რომ ჩვენთანაც შეიძლება დადგეს ეგ დრო, როცა რომელიმე მედია ან კონკრეტული პირი გამოცხადდება უცხო ქვეყნის აგენტად. ეს ყველაფერი ძალიან ნელა, შეუმჩნევლად კეთდება. ეს არ არის დარბევა, როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ მედიას კამერებს უმტვრევენ, ასე ნელა მოგუდვა რუსეთში ხდებოდა 2014 წლამდე.
შეიძლება ეს იყოს შანსი კრიტიკული, ოპოზიციური მედიისთვის, რომ გააუმჯობესონ მუშაობის ხარისხი? მეტი სიზუსტე დაიცვან, მეტი მრავალფეროვნება შემოიტანონ არა მხოლოდ იმიტომ, რომ კანონი ამას ითხოვს, იმიტომ რომ მაყურებლისგან მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ, უფრო სანდოები იყვნენ.
მედია ეგრე უმჯობესდება, ცენზურის დაწესებით. მე პირადად, ერთი ინდივიდი ყოველთვის ვემხრობი, რომ მედიამ მხოლოდ ის კი არ უნდა აკეთოს, რაც მაყურებელს მოეწონება, ის უნდა აკეთოს, რაც სწორია და მერე ისიც მოეწონება, იმიტომ რომ სანდო მედია სანდო მედიაა და ყოველთვის მეტ ნდობას იმსახურებს. ჩვენ სიზუსტეზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე და თუ საჭიროა, მეტი ვიმეცადინოთ რომ უფრო ზუსტები, უფრო ანალიტიკურები და ნაკლებ ჭორიკანული იყოს მედია, მაგრამ ეს კანონი არ არის ამის გარანტორი. პირიქით, მედიას მოუწევს მთელი ენერგიის დახარჯვა იმაზე, რომ პასუხი აგოს ამა თუ იმ სიუჟეტზე, სანამ მიეჩვევა ეზოპეს ენას და არაკებით ლაპარაკს.
ალბათ ცენზურა რომც არ იყოს გაცხადებული, თვითცენზურა მაინც ირთვება, როცა იცი, რომ უკვე ათი სარჩელია შენ წინააღმდეგ სასამართლოში და შენი მედია ყადაღის საფრთხის წინაშე დგას.
თვითცენზურა ცენზურაზე არანაკლებ საინტერესოა. არავის აუკრძალავს მაგალითად ეკლესიის წევრებისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ როცა მათ იციან რომ არსებობს მათზე კრებსები, დასაშანტაჟებელი საშუალებების მთელი კოლექცია, ისინი ფრთხილობენ. ფრთხილობენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ხალხი. ფრთხილობენ ჩემი სტატუსის დალაიქებას ჩემი მეგობრები, რომლებსაც შეიძლება პრობლემები შეექმნათ და ეს არის თვითცენზურა, თორემ არ ურეკავს ყველას თეა წულუკიანი და არ ეუბნება, [ეს რა მოგიწონებია].
მეც, ციხეში წასვლას ალბათ მირჩევია მოვიგონო ახალი ენა და შეიძლება მითხრათ აი, რა კარგია: მეტს დაფიქრდები, მეტი შემოქმედება, მეტი კრეატივი, მეტაფორა, ალუზია, მეტატექსტი ჩაირთვება და რა სჯობს ამას. არ არის ასე. ისევ რუსეთის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იქაური უფლებადამცველები მაშინ, როცა ოპოზიციონერებს ტრუსებზე "ნოვიჩოკს" უსვამდნენ, ლაპარაკობდნენ იმაზე, ადამიანს რამდენი საათი უნდა ჰქონოდა დაკავების შემდეგ ადვოკატის ასაყვანად, 24 თუ 48. იმდენად უმნიშვნელოა დიდ სურათში ასეთ პატარ-პატარა ცვლილებებზე მუშაობა, შედეგის სიმულაცია არასწორია გზაა.
რუსეთთან მსგავსება ბევრ შემთხვევაშია თვალსაჩინო, თუმცა, არ მგონია რომ საზოგადოებას იგივე აღქმა ჰქონდეს და საფრთხედ მიიჩნევდეს მაგალითად ასეთ კანონებს. ჩვენ სულ ვუყურებთ ჩვენი აუდიტორიის გამოხმაურებებს და როცა პირველად მოვამზადეთ ამ კანონზე მასალა, არ გამხდარა ის საზოგადოებრივი განხილვის საგანი. შეიძლება ვთქვათ, რომ რიგი პრობლემების მიმართ გულგრილი საზოგადოებაც აძლევს ხელისუფლებას ასეთი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას?
ცოტა თვითკრიტიკული ვიქნები. ალბათ ჩვენ ვერ მოვძებნეთ ამდენი ხანი ენა. რეზონირება გვიჭირს ხალხთან. ეს პრობლემა აქვს ოპოზიციასაც, რომელიც ლაპარაკობს სხვა ენაზე. მეც ვფიქრობ, როგორ ავუხსნა ხალხს, რომ ტელევიზია, რომელიც არ მოგწონს, სჯობს იმ ტელევიზიას, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. სახელისუფლებო მედიას თუ შევხედავთ, რიგ წესებს ისინი იცავენ: ცუდ სიტყვებს არ ამბობენ ეთერში, ბევრი სიმშვიდეა, ფერები, ყველაფერზე ნაფიქრია და ჩვენ ამ ომში ვაგებთ. ჩვენ არ გვაქვს ნაფიქრი ენა, რომლითაც ხალხს ავუხსნით, რამდენად პირდაპირ ბმაშია სუს-ის გაძლიერება და მედიის შევიწროება მათ სიღარიბესთან. ჩვენ ახლა ვადგავართ ძალიან საშიშ გზას.
წარმოგიდენიათ ფორმები, როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგოს რიგითი ჟურნალისტი ან რიგითი მოქალაქე ასეთ კანონებს?
არა, ასეთი რეცეპტი რომ მქონდეს, ალბათ აქ ჯდომის მაგივრად პარლამენტში მივიდოდი, რაღაცას გავაკეთებდი.