Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება” - ვინ ახსნის, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი კანონში? 


საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა 7 სექტემბერს წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში აჩენს ისეთ ცნებებს, როგორიცაა პასუხის უფლება და ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა.

კანონპროექტის ავტორები საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით ხსნიან, მედია კი შიშობს, რომ კანონი ცენზურის დაწესების და კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობაა.

რას ნიშნავს პასუხის უფლება?

ადამიანს, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ მაუწყებელმა მასზე არასწორი ინფორმაციის გადაცემით ზიანი მიაყენა, უფლება ექნება მაუწყებელს მოსთხოვოს “მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა“. შესწორებისთვის ჟურნალისტებს ექნებათ 10 დღე. თუკი რედაქცია უარს იტყვის შესწორებაზე, მოქალაქეს ექნება უფლება მიმართოს მარეგულირებელ კომისიას ან სასამართლოს. კონკრეტულად როგორ შეიძლება წარიმართოს ეს პროცესი და რა შემთხვევაში შეიძლება მიმართოს მომჩივანმა სასამართლოს და რა შემთხვევაში კომისიას, კანონის ამ დროისთვის არსებულ დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის.

როგორ არის ახლა?

დღევანდელი კანონმდებლობა იცავს გამოხატვის თავისუფლების მაღალ ხარისხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ საკითხებზე მედია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განაცხადის შეტანის შემთხვევაში, ქარტიის გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. თუკი საქმე ეხება ცილისწამებას ან ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, შესაძლებელია სამოქალაქო დავა სასამართლოში მედიის წინააღმდეგ.

რას ნიშნავს ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა?

საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში ასევე მედიას აეკრძალება აუდიტორიის ქვეცნობიერზე ზემოქმედება. ვინ ან როგორ დაადგენს, იმოქმედეს თუ არა ჟურნალისტებმა (ან რეკლამამ) მაყურებლის ქვეცნობიერზე, კანონი არ აზუსტებს.

თუმცა კანონში არის მცდელობა, განმარტონ, რა შეიძლება ჩაითვალოს საზიანო მედიაპროდუქტად. განმარტებაში ნათქვამია, რომ ქვეცნობიერზე ზემოქმედებას ახდებს და, შესაბამისად, საზიანოა მედიაპროდუქტი, “რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა”.

“ჯეროვანი სიზუსტე” - კიდევ ერთი ახალი ტერმინი კანონში?

საკანონმდებლო ცვლილებებით კანონში შედის “ჯეროვანი სიზუსტის” განსაზღვრებაც და ჩნდება შემდეგი ჩანაწერი: “მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები”.

ფაქტების უზუსტობაზე დავა ამ დრომდე ქარტიაშია შესაძლებელი, შეცდომების გასწორების წესებს კი ცალკეული მედიების შინაგანაწესები აწესრიგებს. კანონი არ აზუსტებს, რა დროს აძლევს მედიებს შეცდომების გასასწორებლად მარეგულირებელი, ან რა სანქციები გატარდება მის წინააღმდეგ შეცდომების გაუსწორებლობის შემთხვევაში. ისევე, როგორც არ გვთავაზობს განმარტებას, რა იქნება “ჯეროვანი სიზუსტის” დადგენის მექანიზმები.

ამის გარდა კიდევ რამე იკრძალება?

საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ასევე აკრძალავს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებს. უფრო კონკრეტულად კი, “ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე”.

კი მაგრამ, რატომ აჩენს ეს ცვლილებები ცენზურის საფრთხეს?

თუკი “ქართული ოცნება“ შეიტანს ცვლილებებს კანონში, სახელმწიფოს ექნება უფლება ჩაერიოს მედიის მუშაობაში და ჟურნალისტებს მიუთითოს, რისი დაწერა უფლება აქვთ და რისი არა. ყველა ის საკითხი, რომელსაც მომავალში კანონი დაარეგულირებს, ახლა თავად მედიის გადასაწყვეტია, რაც გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტებს შეესაბამება.

მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ ახალი კანონით სახელმწიფო მედიების შინაარსობრივ საქმიანობაში ჩაერევა. ამ შიშის ფონია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კრიტიკულად განწყობილი მედიების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიძულვილის ენის გამოყენებასა და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე.

2022 წლის 23 აგვისტოს მარეგულირებელმა კომისიამ სანქციებიც კი დაუწესა სამ კრიტიკულ ტელევიზიას “შინ ევროპისკენ” აქციის კლიპის გაშვებისთვის.

თავისუფალ მედიას ცენზურა, ხელისუფლების მხარდამჭერს წახალისება?

კიდევ ერთი საფრთხე, რაზეც მედიის თავისუფლებაზე მომუშავე სპეციალისტები მიუთითებენ, ესაა საბიუჯეტო თანხების ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ მედიებში გადარიცხვის შესაძლებლობაა. საკანონმდებლო ცვლილებები მედიებს ავალდებულებს, ”უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის”, კანონის განმარტებით ბარათში კი ნათქვამია, რომ შშმ პირებისთვის მედიაპროდუქტების ადაპტაციის ხარჯები შესაძლოა დაფინანსდეს ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან. ბოლო წლების პრაქტიკა, რაც სახელმწიფო უწყებებიდან სარეკლამო თანხების პროსახელისუფლებო მედიებში მობილიზაციას გულისხმობს, მედიამკვლევრებს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერი იყოს ხელისუფლებისთვის ლეგალური გზა მათთვის სასურველი მედიების ფინანსურად გასაძლიერებლად.

როგორ ხსნის “ოცნება” საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას?

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის აუცილებლობას მმართველი პარტიის დეპუტატები ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზების აუცილებლობით ხსნიან და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებად მიიჩნევენ.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, “აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის წინაპირობაცაა”.

"შემოქმედებითი ევროპა" ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტიც რამდენიმე მილიარდია და რომელიც ძირითადად შემოქმედებით ინიციატივებს აძლიერებს და სახელოვნებო ორგანიზაციებს შორის კავშირების დამყარებას უწყობს ხელს.

რა მოთხოვნები აქვს სინამდვილეში ჰარმონიზაციის პროცესს?

საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი “საგზაო რუკა” ახლა ევროკავშირის რეკომენდაციების 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა. იმ მოთხოვნებს შორის, რომლებიც საქართველოს დასავლეთმა წაუყენა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, არის მედიადამოუკიდებლობა, საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების და კანონების შემუშავების პროცესში და პოლარიზაციის შემცირება.

საქართველოსგან ევროპა ელის, რომ 6 თვის ვადაში ხელისუფლება სხვა პოლიტიკურ აქტორებთან თანამშრომლობით შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს და ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს. ასევე არსებობს მოლოდინი იმისა, რომ "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს".

ვინ არიან კანონპროექტის ავტორები და როდის იქნება მისი განხილვა პარლამენტში?

კანონპროექტის ავტორებიც და ინიციატორებიც, პარლამენტის ვებგვერდის თანახმად, არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები:

  • დავით სონღულაშვილი
  • ეკა სეფაშვილი
  • ბეჟან წაქაძე
  • ისკო დასენი
  • გელა სამხარაული
  • ლევან მგალობლიშვილი
  • გიორგი ამილახვარი
  • ბაია კვიციანი
  • ირაკლი მეზურნიშვილი
  • ქეთევან დუმბაძე
  • ბექა ოდიშარია

წამყვანი კომიტეტი ამ საკითხზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია. საკითხის საკომიტეტო მოსმენა 16 და 17 სექტემბერსაა ჩანიშნული. პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა კი 20 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდეა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG