სულ მცირე 64 ადამიანი დააკავეს ბელგრადში 17 სექტემბერს ლგბტ+ მარშზე, რომელიც, ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, მაინც გაიმართა. დაკავებულთა უმრავლესობაა მემარჯვენე აქტივისტები და ფეხბურთის ფანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აქციის გამართვას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოუხდათ.
პრაიდი ბელგრადში ყოველწლიურად იმართება, მაგრამ წელს იგი არ ყოფილა შეთანხმებული სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემარჯვენე აქტივისტებისა და მოსახლეობის რელიგიურად განწყობილი ნაწილის პროტესტის გამო.
პრაიდს ბელგრადში უნდა დაესრულებინა "ევროპრაიდის კვირეული" - სექსუალური უმცირესობების უფლებებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქცია, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მაგრამ აგვისტოში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ამ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მან განაცხადა, რომ აღიარებს ქვეყანაში ლგბტ+ წარმომადგენელთა უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ პრობლემებს, მაგრამ მთავრობა ძლიერ ზეწოლას განიცდიდა მემარჯვენე ჯგუფებისა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრაიდის აკრძალვის მოთხოვნით.
ასევე ნახეთ
სერბეთის პრეზიდენტმა ბელგრადში გააუქმა ევროპრაიდის ღონისძიება, ორგანიზატორები უკან არ იხევენბელგრადში გამართულ პრაიდში მონაწილეობას იღებდნენ სერბეთში მოქმედი უცხოელი დიპლომატები. მათ შორის აშშ-ის ელჩი ქრისტოფერ გილი, რომელმაც განაცხადა, რომ აქციაზე ლგბტ+ საზოგადოების მხარდასაჭერად მოვიდა. მანამდე 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დიპლომატებმა სერბეთის მთავრობას პრაიდის ჩატარებაზე აკრძალვის გაუქმების თხოვნით მიმართეს.
სერბეთის ღიად ჰომოსექსუალმა პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ ამაყობს იმით, რომ პრაიდის დროს, ისევე როგორც მთელი კვირეული განმავლობაში, სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა და დასძინა, რომ მისი რწმენით, სწორედ ასეთი უნდა იყოს თანამედროვე სერბეთისა და ბელგრადის იმიჯი.