დონეცკელ სეპარატისტთა საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, ცნობილი საველე მეთაური, მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად „გივი“, დონეცკის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ზახარჩენკო - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერაქტის შედეგად დაღუპულ ამ გავლენიან სეპარატისტთა სიას 16 სექტემბერს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო და მისი მოადგილეც დაემატნენ.
ასევე ნახეთ აფეთქების შედეგად "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" გენერალური პროკურორი დაიღუპაროგორც ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა განაცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა უშუალოდ „გენერალური პროკურორის“ სამუშაო კაბინეტში მოვიდა მოქმედებაში. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ აფეთქება პროკურატურის შენობის მესამე სართულზე ხდება, სადაც გორენკოს კაბინეტი ჰქონდა. აფეთქების შედეგად „გენერალური პროკურორის“ გარდა მისი მოადგილე, ეკატერინა სტეგლენკოც დაიღუპა.
რუსეთის პროპაგანდა მომხდარს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ტერაქტს უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი სერგეი გორენკოს აფეთქებას „ადგილობრივ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის მომხდარი კრიმინალური გარჩევა“ უწოდეს.
ბოლო ხანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში, რომელიც ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მაშორებით იმყოფება, რამდენიმე რუსი მოხელე თუ კოლაბორანტი დაიღუპა უცნაურ ვითარებაში.
26 აგვისტოს ბერდიანსკში აფეთქების შედეგად დაიღუპა ქალაქის ავტოინსპექციის უფროსის მოადგილე ალექსანდრ კოვალიოვი. სამი დღის შემდეგ მკვდარი იპოვეს უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის პარტიის“ დეპუტატი, ალექსეი კოვალიოვი, რომელიც რუსეთის ინტერვენციის დროს მოსკოვის მხარეზე გადავიდა და, სოფლის მეურნეობის განხრით, კრემლის მიერ დანიშნული რეგიონის მეთაურის მოადგილედ მუშაობდა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.
აგვისტოს დასაწყისში მოწამლეს ვლადიმირ სალდო, რუსების მიერ ხერსონის ოლქის „ადმინისტრაციის“ მეთაურად დანიშნული მოხელე, რომელიც დღემდე მოსკოვის ტოქსიკოლოგიურ რეანიმაციაში იმყოფება. 24 აგვისტოს ზაპოროჟიეში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსი სამხედროების მიერ ერთ-ერთი სოფლის თავმჯდომარედ დანიშნული ივან სუშკო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა ყველა ამ ტერაქტს ერთი რამ აერთიანებს - მათი სამიზნე ის მოხელეები არიან, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობას 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული მასშტაბური ინტერვენციის შემდეგ დათანხმდნენ.
16 სექტემბერს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გენერალურ პროკურორ“ სერგეი გორენკოსა და მისი მოადგილეზე განხორციელებული თავდასხმა სხვა უფრო გახმაურებულ ტერაქტებთან ამჟღავნებს მსგავსებას.
ასე მაგალითად, 2016 წლის 16 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს დონეცკელ სეპარატისტთა ცნობილი საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“.
იგი სამხედრო ქვედანაყოფ „სპარტას“ ხელმძღვანელობდა. ეს ქვედანაყოფი უკრაინის არმიას ებრძოდა სლავიანსკთან, ილოვაისკთან და დებალცევოს რაიონში, სადაც ხანგრძლივი ალყის შემდეგ, სწორედ „მოტოროლას“ ქვედანაყოფმა აიღო შტურმით დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი და დაატყვევა იქ ცოცხლად გადარჩენილი რამდენიმე ათეული უკრაინელი ჯარისკაცი. უმრავლესობა მძიმედ იყო დაჭრილი და მკურნალობას საჭიროებდა. თუმცა, ზოგიერთი ჯარისკაცი სწორედ ტყვედ აყვანის შემდეგ მოკლეს. როგორც ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯარისკაცები ჰყვებოდნენ, „მოტოროლა“ პირადად მონაწილეობდა დაჭრილი ჯარიკაცების წამებასა და დახვრეტაში.
ასევე ნახეთ დონეცკელი სეპარატისტები მათი მეთაურის გამო შურისძიებით იმუქრებიანცნობილი საველე მეთაურის მკვლელობას დონეცკში უკრაინის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ნამოქმედარი უწოდეს, ხოლო თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკო სეპარატისტთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საველე მეთაურის მკვლელობის გამო კიევს სამაგიეროს გადახდით დაემუქრა.
თუმცა 2 წლის შემდეგ, 2018 წლის 31 აგვისტოს, ტერაქტს თავად ალექსანდრ ზახარჩენკოც ემსხვერპლა. დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერი ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე
„სეპარში“ მართვადი ასაფეთქებელი ნივთიერების მოქმედებაში მოყვანის შედეგად დაიღუპა.
მოსკოვმა აფეთქებაში მყისიერად კიევი დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ მოკლულია უკრაინელ სეპარატისტთა ლიდერი ზახარჩენკოიმხანად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფეთქებას უწოდა „უკრაინის პროვოკაცია ... რომელიც მკაფიო მიზნად ისახავდა მინსკის შეთანხმებების განხორციელებისთვის ძირის გამოთხრას“. უკრაინის უშიშროების სამსახურმა კი უარყო ტერაქტთან რაიმე კავშირი და ზახარჩენკოზე თავდასხმას „ტერორისტებს და მათ რუს მხარდამჭერებს“ შორის კონფლიქტის შედეგი უწოდა.
ანალოგიური იყო კიევის რეაქცია „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ გენერალური პროკურორის აფეთქებაზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სერგეი გორენკოსა და მისი მოადგილის დაღუპვას „ადგილობრივ კრიმინალურ წრეებს“ შორის მომხდარი გარჩევის შედეგი უწოდა.
„ეს არის კრიმინალური გარჩევა ადგილობრივ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის, რომლებმაც მასშტაბური გაქცევის წინ ვერ გაიყვეს ნაძარცვი ქონება. გამოძიება გვიჩვენებს...“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლების ამ ნარატივს უფრო დიდი ქაოსი შეაქვს მოწინააღმდეგის ზურგში, ვიდრე იმის აღიარება იქნებოდა, რომ ტერაქტი უკრაინული დივერსიული ჯგუფის ან მტრის რომელიმე უკრაინული პარტიზანული რაზმის ნახელავია, - ეუბნება რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ანონიმი სამხედრო მზვერავი.
„რა თქმა უნდა დიდია ცდუნება იმისა, რომ გააპიარო თითოეული სეპარატისტი ფუნქციონერის აფეთქება და საკუთარ მოსახლეობას ამით ოპტიმიზმის გარკვეული დოზა მიაწოდო, დაარწმუნო, რომ მტერს ყველგან ებრძვი. მით უფრო, რომ ომში, მოწინააღმდეგის დემორალიზებისთვის, როგორც ამბობენ, ასეთი ინფორმაცია ფასდაუდებელია. მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით, უკრაინის ხელისუფლება სწორად მოქმედებს, როდესაც ამ ტერაქტებთან თავის კავშირს უარყოფს. ჯერ ერთი, სეპარატისტების ლიდერები ისედაც კარგად ხედავენ აქ პროფესიული სპეცსამსახურის ნამოქმედარს, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლობას მომხდარზე არავინ იღებს, მათში ძლიერდება ეჭვი, პანიკა და დაბნეულობა. ისინი ფიქრობენ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შესაძლოა მხოლოდ უკრაინელი დივერსანტები არ მოქმედებენ, როგორც ამაში მათ დარწმუნებას რუსეთის პროპაგანდა ფიქრობს. გარდა ამისა, მათ არ იციან, თუ რა უთხრან საკუთარ მოსახლეობას, რომელშიც პიკს აღწევს დაუცველობის განცდა. ცხადია, მათ საქმე არ უნდა გავუიოლოთ. დონბასელ სეპარატისტთა ლიდერებს ბევრი დანაშაული აწევთ მხრებზე და მათ ძალიან ბევრი მტერი ჰყავთ არა მხოლოდ უკრაინელ სამხედროებში, არამედ თავად სეპარატისტულ დაჯგუფებებში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლენის სფეროების განაწილებისთვის იბრძვიან. გაგახსენებთ, რომ თავის დროზე სწორედ ასე უნდა მოეკლათ ცნობილი საველე მეთაური მეტსახელად „გივი“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ყოფილმა ქართველმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, ამჟამად უკრაინის არმიის შტატიანმა თანამშრომელმა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ასრულებს სპეციალურ დავალებებს აღმოსავლეთ უკრაინაში.
სეპარატისტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ლიდერი, მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად „გივი“, 2017 წლის თებერვალში დონეცკში, საკუთარ კაბინეტში ცეცხლმტყორცნიდან სროლით მოკლეს.
ასევე ნახეთ რუსეთის მომხრე სეპარატისტების ლიდერი, მეტსახელად “გივი”36 წლის „გივი" ხელმძღვანელობდა „სომალის“ ბატალიონის სახელით ცნობილ რაზმს და სეპარატისტებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა დონეცკის აეროპორტისათვის სასტიკი ბრძოლის შემდეგ. 2015 წელს გადაღებულ ვიდეოში ჩანს მისი სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა უკრაინელ სამხედროებზე, რომლებიც ამ ბრძოლის დროს დააკავეს.
მიხაილ ტოლსტიხი, დონეცკის მახლობლად, ქალაქ ილოვაისკში დაიბადა. ზოგი წყაროს ცნობით, იგი დედის მხრიდან ქართული წარმომავლობის იყო და ბაბუის პატივსაცემად აირჩია მეტსახელად „გივი“.