ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ილაპარაკა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხზე საქართველოს პოზიციის შესახებ. გარდა ამისა, ელჩმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს და მის ინტერესებში არ შედის საქართველოში ამ ომის გავრცელება.
„შეერთებული შტატები ძალიან აფასებს საქართველოს [უკრაინისადმი] მხარდაჭერას საერთაშორისო ფორუმებზე: ეროვნული ბანკის სწრაფ ქმედებას ფინანსური სანქციების შესაბამისად, იმ შთამბეჭდავ ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ გაიღო უკრაინელი ხალხისთვის. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კარგად გვესმოდა ის განსაკუთრებული ვითარება, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ კარგად გვესმის რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველო და ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად და იმის გასაკეთებლად რაც შეეძლო. სწორედ ეს ვთხოვეთ ყველა ქვეყანას, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ: დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საკუთარი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში და აღკვეთონ რუსეთის მცდელობა აღადგინონ რუსეთის იმპერია, როგორც ეს თავად პუტინმა აღიარა, - განაცხადა ელჩმა და განაგრძო, - ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე, ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე“ („იმედის" თარგმანი).
ასევე ნახეთ „ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად" - დეგნანი „ხალხის ძალის" განცხადებებზეომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, მაგრამ მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება.
ივანიშვილის განცხადებითვე, დღეს, როცა ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მეტწილად გადაიტანოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, არ დაზიანდეს. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით შეხვდა 21 მარტს. ივანიშვილმა არ დაასახელა დეგნანთან შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.
ასევე ნახეთ კობახიძის ინფორმაციით, ივანიშვილსა და დეგნანს შორის შეხვედრა მეგობრული არ ყოფილა28 ივლისს სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.
„ქართული ოცნებიდან" წასულმა ოთხმა დეპუტატმა (სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა) ელჩ კელი დეგნანის მისამართით არაერთი განცხადება გაავრცელა. მაგალითისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს ერთ-ერთ წერილში, რომლის ადრესატიც სწორედ კელი დეგნანი იყო, აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმის.
მიხეილ ყაველაშვილის წერილის შესახებ შეკითხვას 8 ივლისს უპასუხა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. „ეს წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე“, - აღნიშნა ელჩმა.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეგნანის განცხადება დეპუტატის მისამართით შეურაცხმყოფელია.
ასევე ნახეთ კობახიძე დეგნანის განცხადებაზე: „შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, მიშა ყაველაშვილს“