ოკუპირებულ აფხაზეთში საფრთხედ აღიქვეს „მეორე ფრონტის“ შესახებ რეფერენდუმის „იდეა“

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის "სახელმწიფო დროშა"

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს.

კონსულტაციის მთავარი თემა ჟენევის დისკუსიის 56-ე რაუნდის 5 ოქტომბერს ჩატარების შესაძლებლობა იყო. მანამე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მორიგი რაუნდის გამართვის თაობაზე საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვი თანათავმჯდომარეებისგან მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე "ნათელ და გასაგებ პასუხებს" მოელის, "რაც მოხსნიდა რუსეთის შეშფოთებას".

ასევე ნახეთ ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდი შესაძლოა 5 ოქტომბერს გაიმართოს

სოხუმში გამართულ შეხვედრაზე „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე ყურადღებით აკვირდება რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მედიასთან გაკეთებული კომენტარი ახსენა „მეორე ფრონტის“ გახსნის თემაზე პლებისციტის გამართვის შესაძლებლობის თაობაზე, რაზეც კობახიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ მისი სიტყვები ინიციატივის შესახებ სარკაზმი იყო.

ასევე ნახეთ კობახიძე განმარტავს, რატომ ისაუბრა "მეორე ფრონტის" გახსნაზე პლებისციტის ჩატარების შესახებ

რა იგულისხმება „მეორე ფრონტის“ უკან ჩვენ ყველამ შესანიშნავად ვიცით და ეს ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს“, - განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.

მან თანათავმჯდომარეებს მსგავს საფრთხეებზე რეაგირებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია რეგიონში და ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე, რომელიც, ტუჟბას თქმით, საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

„რამდენიმე დღის წინ დასრულდა ნატოს ეგიდით მორიგი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელიც გაიმართა საქართველოში სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“. ამ წვრთნებში 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათში 2500 სამხედრო მოსამსახურე და სხვადასხვა ტიპის თანამედროვე სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული“, - განაცხადა მან.

ირაკლი ტუჟბამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და „აფხაზურ მხარეს“ შორის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შეთანხმებისა და შემდგომი ხელმოწერის აუცილებლობას (თბილისში ამბობენ, რომ ასეთი დოკუმენტის გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ მოსკოვთან).

"ეს ის საკვანძო მიზანია, საკვანძო ამოცანა, რომელიც ჟენევის დისკუსიების წინაშე დგას“, - დასძინა მან.

შეხვედრაზე განიხილეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განბლოკვის საკითხი. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი ელიან ოფიციალურ პასუხს აფხაზური მხარის მიერ გაეროს თანათავმჯდომარეებისგან განახლებული დღის წესრიგის წინადადებებზე.

„აფსნიპრესის“ ცნობით, გაეროს წარმომადგენელმა ჯიჰან სულთანოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა შეხვედრები რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს და შავი ზღვის სანაპიროზე ვითარება იოლი არაა. თუმცა, თანათავმჯდომარეებმა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებთან არაერთი მოსამზადებელი შეხვედრის გამართვა მოახერხეს. თანათავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი და გამოხატეს ვალდებულება, უმასპინძლონ მომდევნო რაუნდს ჟენევაში.