სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი, 56-ე რაუნდი, შესაძლოა, 5 ოქტომბერს გაიმართოს.
გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენელმა დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა თბილისსა და ცხინვალში კონსულტაციები უკვე გამართეს. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზას" განუცხადეს, რომ 56-ე რაუნდის ჩატარებაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი დენის გონჩარი ამბობს, რომ მოსკოვი თანათავმჯდომარეებისგან მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე "ნათელ და გასაგებ პასუხებს" მოელის, "რაც მოხსნიდა რუსეთის შეშფოთებას".
გონჩარმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პრობლემურია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეხვედრების გამართვა შვეიცარიაში.
„მას შემდეგ, რაც ბერნი არალეგიტიმურ ანტირუსულ სანქციებს და სხვა დისკრიმინაციულ შეზღუდვებს, ასევე აღვირახსნილ რუსოფობიურ ისტერიას შეუერთდა, შვეიცარიულმა მხარემ ნეიტრალური მოლაპარაკებების პლატფორმის სტატუსის დისკრედიტაცია მოახდინა. შედეგად, ჩვენს მიერ დაყენებული იქნა რაუნდების გადატანის საკითხი მოლაპარაკების ყველა მონაწილისთვის უფრო მისაღებ ადგილზე“, - განაცხადა მან.
გონჩარის თქმით, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მუშაობა „ადგილზე“ გრძელდება. აღნიშნავს, რომ წელს სოფელ ერგნეთში მომლაპარაკებლები ოთხჯერ შეიკრიბნენ, შემდეგი შეხვედრა 23 სექტემბერსაა დაგეგმილი. გალში შეხვედრების განახლების პერსპექტივაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი ელიან ოფიციალურ პასუხს აფხაზური მხარის მიერ გაეროს თანათავმჯდომარეებისთვის წარდგენილი განახლებული დღის წესრიგის წინადადებებზე.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო, 55-ე რაუნდი, 2021 წლის დეკემბერში შედგა. მაშინვე 56-ე რაუნდი მარტში დაიგეგმა, თუმცა ამ დრომდე არ გამართულა. ამის მიზეზად იქცა რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში - ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).