მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოებას არ სურს საქართველოში ომის დაწყება და ამას ადასტურებს კვლევებიც. მისი თქმით, "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე 13 სექტემბერს ნათქვამი მისი მხრიდან სარკაზმი და მცირე ირონიაც იყო.
"სწორედ იმის გამო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ არ უნდათ ქართველ საზოგადოებას ომი, თორემ ქართველებს არასდროს არ უჭირდათ ბრძოლაში შესვლა ისტორიულად. 2008-შიც გვახსოვს, რომ მთელი საზოგადოება იყო გულით ჩართული... ქართველ საზოგადოებას ამის პრობლემა არ აქვს, ყველანაირი მოტივაცია აქვს, რომ სადაც სამშობლოს და ქვეყანას სჭირდება, იქ ომშიც შევიდეს..." - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "რუსთავი 2"-ის ეთერში 14 სექტემბერს.
მისი თქმით, თუ საქართველოში ომი მოხდება, ქართველებს მოუწევთ აფხაზებთან და ოსებთან ბრძოლა, განმეორდება ის, რაც იყო წლების წინ.
"თუ საჭიროა ომი, უნდა იომო, ზოგადად. მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები - ერთი ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი უნდა ავწონოთ, მათ შორის რესურსების კუთხით; რას მოუტანს შესაძლო ომი საქართველოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რასაც საზოგადოებაც ითვალისწინებს - თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში - ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არამარტო რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ. ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.
როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადსხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის", - აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძემ საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნაზე პლებისციტის ჩატარების შესახებ 13 სექტემბერს ისაუბრა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
"უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია, საქართველოში გაიხსნას "მეორე ფრონტი" და საქართველო ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს. ეს ღია გზავნილია. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა, რომ საქართველოში გაიხსნას "მეორე ფრონტი". რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება, იმას გავყვეთ. ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, ეთანხმება უკრაინის მაღალჩინოსნებს თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას "მეორე ფრონტის" არგახსნასთან დაკავშირებით... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხალხს უნდა ვკითხოთ - უნდათ თუ არა "მეორე ფრონტი" საქართველოში თუ არ უნდათ. თუ უნდათ ხალხს, არ ვიცი, მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ", - თქვა მაშინ კობახიძემ.
ასევე ნახეთ კობახიძე: ხალხს უნდა ვკითხოთ მეორე ფრონტის გახსნაზე, თუ უნდათ, მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში "მეორე ფრონტის" საკითხს დაშვებული შეცდომების გადასაფარად იყენებს. მან 14 ივნისს აღნიშნა, რომ რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნის საფრთხე არ არსებობს და არც არავინ ითხოვს ამას საქართველოსგან.
"ეს არის ფორმა, რითაც ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს "მეორე ფრონტის" რისკი, საფრთხე.
ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, რომ ხალხი ხელისუფლების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია", - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება "მეორე ფრონტის" საკითხს ყურადღების გადასატანად იყენებსმმართველი პარტიიდან გამოყოფილი ოთხეულის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის აზრით, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს სურს.
ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, რომლებშიც აშშ-ის საელჩოს მიმართ მუდმივი ბრალდებებია, "ქართული ოცნების" ლიდერები არ ემიჯნებიან.