შემცირებული მივლინებები და გაზრდილი სახელფასო ხარჯი - TI ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს

ფოტოილუსტრაცია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსავლები შევიდა და გეგმა გადაჭარბებით (102,7%) შესრულდა.

კვლევით რამდენიმე მიგნებაა გამოვლენილი:

  • "გრანტების 6 თვის გეგმა 134%-ით შესრულდა და სულ 227 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 141 მლნ ლარი უცხოური გრანტებია. უცხოური გრანტების 97% (137 მლნ ლარი) საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო";
  • "2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში შრომის ანაზღაურების ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი - 2022 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 195 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 42 მლნ ლარით (27%-ით), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 69 მლნ ლარით (55%-ით) მეტია";
  • "2022 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 9,6 მლნ ლარით ჩამორჩება. პანდემიამდე, 2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა";
  • "30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 28,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 42,5%-ია";
  • "ბიუჯეტის 17 პროგრამის 6 თვის გეგმა 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 5 პროგრამაზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა. ეს პროგრამებია: საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, თბილისის მეტროს პროექტი, თბილისის ავტობუსების პროექტი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი";
  • "ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროგრამაზე 6 თვეში 760,5 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და 165,9 ათასი დაიხარჯა".
ასევე ნახეთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერების ვიზიტები - ვინ რა მოასწრო?

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუმჯობესოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების და ქვეპროგრამების დაგეგმვის მართვის პროცესი.