რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა ბალაკლეიდან და იზიუმიდან უკან დახევა

უკრაინის არმია ცეცხლს უშენს რუსეთის არმიის პოზიციებს (საილუსტრაციო ფოტო)

მას შემდეგ, რაც უკრაინის ჯარების შეტევის შედეგად ფრონტი გაირღვა და ათობით დასახლებული პუნქტი იქნა გათავისუფლებული, შაბათს, 10 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად, ირიბად დაადასტურა რუსეთის ჯარების უკანდახევა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "სამი დღის განმავლობაში განხორციელდა იზიუმ-ბალაკლეის სამხედრო ჯგუფების შეკრებისა "და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაყვანის "ოპერაცია".

ასეთი მანევრის მიზეზად, რომელიც განცხადებაში ჯარების გადაჯგუფებად მოიხსენიება, დასახელებულია "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნების მიღწევის" აუცილებლობა, რაც მოითხოვს "ძალისხმევის გაძლიერებას დონეცკის მიმართულებით".

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქ ბალაკლეის გათავისუფლების შესახებ, 10 სექტემბერს კი კონფლიქტის ორივე მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი იზიუმიც დატოვეს. 10 სექტემბერს უკრაინის ჯარებმა დაიკავეს ქალაქ კუპიანსკის დიდი ნაწილიც, რომელიც იზიუმის სამხრეთით მდებარეობს. ამ ქალაქში უკრაინის ბოლოდროინდელი შეტევის დაწყებამდე მდებარეობდა ხარკოვის რეგიონის რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი საოკუპაციო ადმინისტრაცია.

ასევე ნახეთ უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა კუპიანსკის განთავისუფლება რუსეთის სამხედროებისგან

დღის მეორე ნახევარში, 10 სექტემბერს, გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები ტოვებენ რუსეთის საზღვართან, კუპიანსკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვოლჩანსკსაც.

ყველა ამ ქალაქზე რუსეთმა აიღო კონტროლი ომის დაწყებისთანავე, თებერვალში და მარტში. უკრაინის შეტევა 6 სექტემბერს დაიწყო. 5 დღის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები ათეული კილომეტრებით მიიწევდნენ წინ და ათობით დასახლებული პუნქტი აიღეს.

ასევე ნახეთ პენტაგონი: ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ყველა ცნობა ქალაქების აღების შესახებ. ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ - როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ომს - მიზნებად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ასახელებდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დაცვას და ასევე უკრაინის „დენაციფიკაციასა“ და „დემილიტარიზაციას“.

ამ ტერმინების კონკრეტული შინაარსი, ისევე როგორც მიზნებიც, მუდმივად იცვლება რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებებში. რატომ იყო საჭირო ამ მიზნების მისაღწევად მარტში ხარკოვის რეგიონის ნაწილის დაკავება და რატომ დადგა სექტემბერში იქიდან ჯარების გამოყვანის აუცილებლობა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებებიდან ნათელი არ არის.

აპრილში კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან რუსული ჯარების გაყვანაც ასევე განმარტეს, ერთი მხრივ, "კეთილი ნების ჟესტად", ხოლო მეორე მხრივ, დონბასში ოპერაციის მიზნების მიღწევაზე ფოკუსირების აუცილებლობით.