პენტაგონი: ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემია

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი სამხედროები M777 ჰაუბიციდან ისვრიან რუსული ჯარების პოზიციების მიმართულებით. ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 21 ივლისი.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, საშა ბეიკერის თქმით, უკრაინის კონტრშეტევამ, რომელიც 1 სექტემბერს ხერსონის რეგიონში დაიწყო, აჩვენა, რომ უკრაინელებმა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტიანად გამოყენება შეძლეს, - მან უკრაინის შესახებ პარასკევს, 9 სექტემბერს ისაუბრა ბრიფინგზე.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას. ვფიქრობ, ვიხილეთ იმედისმომცემი ნიშნები, თუნდაც ბოლო 2 დღეში, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი სასტიკი მოწინააღმდეგეა და წინ კიდევ ხანგრძლივი ბრძოლა გველის", - თქვა ბეიკერმა.

CNN-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას პირველად უწოდა კონტრშეტევა. აქამდე, ამ ტერმინის გამოყენებას მაღალჩინოსნები თავს არიდებდნენ, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი.

ასევე ნახეთ არესტოვიჩი: რუსულ ჩატებში ამბობენ რომ იზიუმზე შტურმი დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 სექტემბერს, თავის საღამოს მიმართვაში თქვა, რომ უკრაინის სამხედროებმა რუსეთის ძალებისგან "ათობით დასახლება გაათავისუფლეს" და კონტროლი აღადგინეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე. 9 სექტემბერს მან გათავისუფლებულ დასახლებებზე საუბრისას მეტად დააკონკრეტა რიცხვი და თქვა, რომ 30-ზე მეტი დასახლებაა ხარკოვის რეგიონში რუსებისგან გათავისუფლებული.

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ქვეყნის ძალებმა ხარკოვიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კილომეტრით წაიწიეს წინ.

რუსეთის ოფიციალურ პირებს არაფერი უთქვამთ ამ ორი ფრონტის, ან უკრაინის წარმატების შესახებ. თუმცა პრორუსულად განწყობილი, სამხედრო თემატიკის ბლოგერები ბოლო დღეებში ორივე ადგილას ინტენსიურ გადაადგილებებს აღწერენ.

9 სექტემბერს ხარკოვის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრატორმა ტელეარხ Rossia-24-ს უთხრა, რომ უკრაინის ძალებმა ამ აღმოსავლეთის რეგიონში "მნიშვნელოვან გამარჯვებას" მიაღწიეს.

ასევე ნახეთ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის ძალებს წარმატება აქვთ ხერსონთან და ხარკოვთან