უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში, იზიუმის მიმართულებით რუსეთის არმია სრულ კოლაფსსა და კატასტროფას განიცდის.
„რუსულ ჩატებში ამბობენ, რომ იზიუმის სამხრეთით [უკრაინის თავდაცვის ძალების] შეტევა მიმდინარეობს. საშინელი უსიამოვნებები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ იზიუმზე შტურმი დაიწყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის „არ გვჯერა“, - თქვა არესტოვიჩმა. მისი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს სამხედრო ტექნიკა, აიყვანეს ტყვეები და თითქმის იზოლირებულია იზიუმის დაჯგუფება. არესტოვიჩმა დააზუსტა, რომ იქ მხოლოდ ერთი გასასვლელი დარჩა.
„[ქალაქ კუპიანსკში] მდინარე ოსკოლის ხიდი აფეთქეს, ერთადერთი ხიდი, რომლიდანაც ხდებოდა მომარაგება. ისინი იზოლირებული არიან. ოპერატიული თვალსაზრისით, ჩათვალეთ, რომ ალყაში არიან“, - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 სექტემბერს, საღამოს, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა ხარკოვის ოლქში აიღეს 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, რეგიონის სოფლების ნაწილში ღონისძიებები მიმდინარეობს შემოწმებისა და მათი უზრუნველყოფის მიზნით. „სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტზე ვამყარებთ კონტროლს. ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, სასტიკი ბრძოლა გრძელდება დონბასსა და უკრაინის სამხრეთით.
პრეზიდენტი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს სთხოვს, უკრაინის ძალების წარმომადგენლებს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, უკრაინის ტერიტორიაზე „ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 სექტემბერს, თავის საღამოს მიმართვაში თქვა, რომ უკრაინის სამხედროებმა რუსეთის ძალებისგან "ათობით დასახლება გაათავისუფლეს" და კონტროლი აღადგინეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ქვეყნის ძალებმა ხარკოვიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კილომეტრით წაიწიეს წინ.
რუსეთის ოფიციალურ პირებს არაფერი უთქვამთ ამ ორი ფრონტის, ან უკრაინის წარმატების შესახებ. თუმცა პრორუსულად განწყობილი, სამხედრო თემატიკის ბლოგერები ბოლო დღეებში ორივე ადგილას ინტენსიურ გადაადგილებებს აღწერენ.
9 სექტემბერს ხარკოვის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრატორმა ტელეარხ Rossia-24-ს უთხრა, რომ უკრაინის ძალებმა ამ აღმოსავლეთის რეგიონში "მნიშვნელოვან გამარჯვებას" მიაღწიეს.
"ვითარება ძალიან სერიოზულია" - თქვა ვიტალი განჩევმა და დასძინა: "თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი თავდაცვა დაირღვა, უკვე მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის".