ლილუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშის სუსის 2021 წლის საქმიანობის შესახებ.

როგორც ლილუაშვილმა ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, მან გამოყო ირაკლი ბებუა. როგორც ის აცხადებს, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება.

„2021 წელს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა 11, ხოლო, ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება. 2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საერთო ჯამში იმყოფებოდა საქართველოს 7 მოქალაქე, მათ შორის, ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა 9 წლის ვადით, - აღნიშნა ლილუაშვილმა და დაამატა, - გვსურს დავარწმუნო, პირველ რიგში უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, ასევე, პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო, ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს.

ბრალდების თანახმად, ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა. მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკის დროს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42 აღმოაჩინეს.

გასული წლის დეკემბერში ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასა და სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში, საბრძოლო მასალის შენახვა მას არ უღიარებია.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, 9 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ დეპუტატები. სუს-ის ანგარიშის წარდგენა დღეს გაწერილი არ იყო და ის მოულოდნელად ჩაიწერა დღის წესრიგში.

ასევე ნახეთ პარლამენტი სუს-ის ანგარიშს მოისმენს - მოულოდნელი ცვლილება დღის წესრიგში