Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი სუს-ის ანგარიშს მოისმენს - მოულოდნელი ცვლილება დღის წესრიგში


შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, 9 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ დეპუტატები. სუს-ის ანგარიშის წარდგენა დღეს გაწერილი არ იყო და ის მოულოდნელად ჩაიწერა დღის წესრიგში.

თავმჯდომარის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს საღამოს, გვიან ღამემდე მოუსმენენ.

"დღის წესრიგში დღეს დავამატეთ კიდევ ერთი, სუს-ის ანგარიშის მოსმენა. დღევანდელი ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ეს მოსმენა გაგრძელდეს რამდენიც საჭიროა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ღამის 12 საათის მიღმაც შეიძლება, გაგრძელდეს" - თქვა პაპუაშვილმა სხდომის გახსნისას.

გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშის მოსმენის მოულოდნელი დანიშვნა ოპოზიციამ გააკრიტიკა.

"ან ანგარიშის დამალვა და უცებ, ასე მიფუჩეჩებით გამოგდება პარლამენტზე, ესაა მიზანმიმართულად. ჩვენ არ უნდა ვიგებდეთ, მათ შორის საზოგადოება, წინა დღეს, ან დილას, რომ სუს-ის ანგარიში გამოდის", - თქვა ენმ-ს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ბიუროს სხდომაზე.

სუს-ის ანგარიშის მოსმენის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით, თავმჯდომარემ თქვა, რომ ამაზე, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ეს საკითხი სხდომაზევე გაირკვევა.

XS
SM
MD
LG