სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება ომბუდსმენის არჩევის ახალი პროცედურის შესახებ კანონპროექტს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე განცხადებას აქვეყნებს სახალხო დამცველის აპარატი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების მიზანს ემსახურება წარდგენილი კანონპროექტი.

განხადებაში ვკითხულობთ, რომ საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წინაპირობების გარეშე შეუძლებელია საუბარი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობის შექმნასა და ინკლუზიურ პროცესზე, რაც, მისი შეფასებით, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

„კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები სწორედ კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

7 სექტემბრის სხდომაზე პარლამენტმა, 88-ხმით, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა რეგლამენტში ცვლილებებს, რომლითაც ომბუდსმენს ახალი წესით წარადგენენ და აირჩევენ.

ასევე ნახეთ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს.