"ენერჰოატომი" ზაპოროჟიეს აეს-ის დახურვას განიხილავს, მხარს უჭერს სამშვიდობო ძალების განლაგებას

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინის ბირთვულმა ოპერატორმა „ენერჰოატომმა“ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ოფიციალური პირები განიხილავენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დახურვას. გამოითქვა ასევე წინადადება, რომ აეს-ის ტერიტორიაზე განლაგდნენ სამშვიდობო ძალები.

„ენერჰოატომის“ ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის ეს განცხადება მოჰყვა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშს. ანგარიშში ექსპერტები აცხადებენ, რომ აეს-ში ვითარება „მიუღებელია“ და არსებობს „დროული ზომების მიღების გადაუდებელი აუცილებლობა“, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული ავარია.

„ენერჰოატომმა“ 7 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური გათიშული რჩება უკრაინის ენერგოსისტემიდან და გამოთქვა შიში, რომ შემდგომი გათიშვა ოპერატორებს აიძულებს, ჩართონ დიზელის გენერატორები, რაც სარისკო ვარიანტია, ვინაიდან დიზელის საწვავის მარაგი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოიწუროს.

ასევე ნახეთ რუსეთს IAEA-სგან "დამატებითი განმარტება" სურს ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო

ბირთვული სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს აეს-ში ჩერნობილისა და ფუკუშიმის ავარიების მსგავსი კატასტროფა შეიძლება მოხდეს, თუკი რეაქტორი ენერგომომარაგების გარეშე დარჩება.

რუსეთმა, რომლის ჯარებსაც უკავიათ აეს-ი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან დაუყოვნებლივ მოითხოვა „დამატებითი ახსნა-განმარტება“ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც გაეროს ინსპექტორების ვიზიტს ემყარება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „ენდობა“ IAEA-ის ანგარიშს. მისი სიტყვებით, მან რუსეთის ატომური ენერგიის უწყებას, „როსატომს“ სთხოვა საკუთარი წინადადებები წარმოადგინოს აეს-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.