გორბაჩოვის პარადოქსი და დღევანდელი ომი

გია ნოდია


ამბობენ, რომ პოლიტიკოსის მემკვიდრეობა უნდა შევაფასოთ იმით, რაც მან გააკეთა და არა იმით, რა მოტივები ამოძრავებდა. ეს სენტენცია ყველაზე მატად მიხეილ გორბაჩოვს მიუდგება: მისი მოღვაწეობის შედეგები, რასაც მისი გარდაცვალების დღეებში ყველაზე მეტად იხსენებენ და უფასებენ, რადიკალურად აცდა მის საწყის მიზნებს. მაგრამ ეს შედეგები უფრო ფართო კონტექსტში რომ დავინახოთ და დღევანდელობას დავუკავშიროთ, მაშინ ეს შეუსაბამობასაც მნიშვნელოვანი ხდება.


მისმა წამოწყებულმა რეფორმებმა, რასაც თვითონ „პერესტროიკა“ და „გლასნოსტი“ დაარქვა, ობიექტურად კი სისტემის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას გულისხმობდა, საბოლოო ჯამში დაასრულა უკიდურესად რეპრესიული და არაეფექტური კომუნისტური სისტემა და დაშალა მსოფლიოს, შესაძლოა, უკანასკნელი იმპერია. ეს მისი დამსახურებაა, თუმცა არც ერთი და არც მეორე (განსაკუთრებით - მეორე) მისი მიზანი არ ყოფილა.


რატომ დაიწყო მან ეს რეფორმები? შეიძლება თქვან, სისტემა კრიზისში იყო და რეფორმები გარდუვალი გახდა; გორბაჩოვის ადგილზე სხვაც დაახლოებით ამასვე გააკეთებდა. მე ასეთი ვითომ ლოგიკური წინასწარგანსაზღვრულობისა არ მჯერა. კი, სოციალისტური ეკონომიკის არაეფექტურობის გამო საბჭოთა კავშირი სულ უფრო ჩამორჩებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს; რაც მთავარია, ის სულ უფრო აგებდა შეჯიბრებას შეიარაღების სფეროში. პრეზიდენტ რეიგანის ენერგიულმა ანტიკომუნისტურმა პოლიტიკამ ჩამორჩენა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა; ავღანეთის ომში დამარცხება მტკივნეული სიგნალი იყო. იმპერიას რაღაც უნდა ეღონა.


ეს ყველაფერი მართალია. მაგრამ აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ვიღაცას ისეთი ნაბიჯები უნდა გადაედგა, რაც გორბაჩოვმა გადადგა. ქვემოდან ცვლილებების არანაირი იმპულსი არ მოდიოდა. მერე რა, რომ რუსები ამერიკელებსა და ევროპელებზე გაცილებით უარესად ცხოვრობდნენ - ხალხი ამას არ აპროტესტებდა. პოლონეთის მსგავს მასობრივ გამოსვლებთან საბჭოთა ხელისუფლებას საქმე არასდროს ჰქონია. ადამიანები ბუზღუნებდნენ, მაგრამ შეგუებულები იყვნენ იმას, რაც ჰქონდათ და ასე აპირებდნენ ცხოვრების გაგრძელებას. დისიდენტური მოძრაობა დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა: თითო-ოროლა „ამრევი“ მალე გადაჰყავდათ ციმბირში ან ქვეყნიდან აძევებდნენ. საჯაროდ რეჟიმთან დაპირისპირებას ვერავინ ბედავდა. არაფერი მოასწავებდა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლებოდა.
შეიარაღების სფეროში ამერიკისგან ჩამორჩენა, რაც საბოლოოდ ეკონომიკის არაეფექტურობიდან მომდინარეობდა, ცვლილებების ნამდვილ მოტივს ქმნიდა. მაგრამ კონკრეტულად რა სახის ცვლილებებისთვის? ბრეჟნევის მემკვიდრეს, იური ანდროპოვს, ჯანსაღი თირკმლები რომ ჰქონოდა და ხელისუფლებაში მეტხანს გაეძლო, რაღაც რეფორმებს ალბათ ისიც გაატარებდა, მაგრამ სხვანაირს. კომპარტიის ახალი გენერალური მდივნის არჩევისას პოლიტბიუროში ხმები სხვანაირად რომ გადანაწილებულიყო და გორბაჩოვისთვის სხვას ეჯობა, ისტორიაც სხვანაირად წავიდოდა.


ეკონომიკის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია პოლიტიკური რეფორმების გარეშეც შეიძლებოდა. ამის მაგალითი ჩინეთის კომუნისტმა ლიდერმა, დენ სიაო პინმა შექმნა: 1970-იანი წლებიდან მან ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ელემენტები შეიტანა, რის უზარმაზარ შედეგებსაც დღეს ყველა ვხედავთ. მაგრამ პოლიტიკური ლიბერალიზაცია ჩინელებს არ უცდიათ. 1989 წელს დემოკრატიული მოძრაობის პირველივე მცდელობა მათ სისხლში ჩაახშეს და ამის შემდეგ შიდა ოპოზიციისგან საფრთხე აღარ შექმნიათ. რატომ არ შეიძლებოდა, საბჭოთა სისტემის რეფორმატორებიც ამ გზას გაჰყოლოდნენ?


მაგრამ გორბაჩოვმა მოინდომა, ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზაცია პარალელურად მოეხდინა და იმდენი შეძლო, რომ კომუნისტური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გზაზე წაიყვანა. მან ამ გზიდან უკან არ დაიხია მაშინაც, როცა მისი წამოწყების სისტემური რისკები სულ უფრო თვალსაჩინო გახდა. როგორ გახდა ეს შესაძლებელი? მე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არა მაქვს; ეს ერთ-ერთ გამოცანად დარჩება, რაზეც მომავლის ისტორიკოსებს მოუწევთ ტვინის ჭყლეტა. დარწმუნებული არა ვარ, რომ გორბაჩოვს საერთოდ ჰქონდა რაიმე ნათელი გეგმა, მაგრამ იმაში ნაკლებ მეპარება ეჭვი, რომ ის გულწრფელად ცდილობდა თავისი რეფორმებით არსებული პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას და არა მის პრინციპულად შეცვლას. სხვა შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ის შეგნებულად წავიდა პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე - ასეთი რამეები არ ხდება.


ერთ ვარაუდს მაინც გამოვთქვამ. რეიგანს ხშირად მიიჩნევენ გორბაჩოვის რეფორმების სტიმულატორად. ეს სამართლიანია; მაგრამ ასეთად შეგვიძლია ჩავთვალოთ გულუბრყვილო ამერიკელი და ევროპელი მემარცხენეებიც, ვინც თვლიდა, რომ საბჭოთა სოციალიზმისთვის „ადამიანური სახე“ რომ მიგეცა, ამით მისი უპირატესობა კაპიტალიზმთან შედარებით უფრო თვალსაჩინო გახდებოდა. თუ რეიგანმა რუსეთის კომუნისტური ელიტა შეაშინა, დასავლელმა დემოკრატ-სოციალისტებმა გორბაჩოვი აცდუნეს.


ფაქტი ისაა, რომ გორბაჩოვმა, მისივე გადმოსახედიდან, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მას ჩამოენგრა სისტემა, რომლის გაძლიერებაც უნდოდა; მეტიც, შემოეშალა სახელმწიფო, რომელიც კომუნისტურმა პარტიამ ჩააბარა. ის საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის თანამდებობიდან არავის გადაუყენებია: მას გაუუქმეს სახელმწიფო, რისი პრეზიდენტიც იყო. ძნელია, უფრო ხელმოცარული პოლიტიკოსი წარმოვიდგინოთ.
მაგრამ თუ საკაცობრიო ინტერესიდან ამოვალთ, გორბაჩოვის არასწორი გათვლა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და პროდუქტიული შეცდომა აღმოჩნდა. ამიტომ მათთვის, ვინც ვთვლით, რომ თავისუფლება საკაცობრიო ინტერესია, გორბაჩოვი პოზიტიურ ფიგურად დარჩება და ამას ძნელად შეცვლის რაიმე.

გორბაჩოვი და საქართველოს დამოუკიდებლობა


როგორც ვთქვი, გორბაჩოვის მოღვაწეობის მთავარი შედეგი ორია: კომუნისტური სისტემის მსხვრევა და იმპერიის დაშლა; ეს ორი რამ დაკავშირებულია, მაგრამ არა იგივეობრივი. არაა სწორი, გორბაჩოვს დემოკრატი ვუწოდოთ (თუმცა ამას ამ დღეებში ძალიან ბევრი აკეთებს), მაგრამ მისი ლიბერალური რეფორმებიდან ელცინის თუნდაც უაღრესად არასრულყოფილ დემოკრატიზაციამდე ლოგიკური ხაზი შეიძლება გავავლოთ: პოლიტიკის მეცნიერების ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ დემოკრატიზაციები ხშირად ზემოდან ლიბერალიზაციით იწყება. გორბაჩოვისთვის დემოკრატიული რუსეთი, ასეთი რომ მართლაც ჩამოყალიბებულიყო, შეიძლება მიუღებელი სულაც არ ყოფილიყო: მეტიც, ის სიამოვნებით ჩათვლიდა თავს მის ფუძემდებლად. აი, საბჭოთა კავშირის დაშლა კი მისთვის პირადი ტრაგედია იყო და ეს არასოდეს დაუმალავს. ამ კუთხით, კონტრასტი მიზნებსა და შედეგებს შორის გაცილებით უფრო დრამატულია.


ახლა ამ პარადოქსს ჩვენი, საქართველოს პოზიციიდან შევხედოთ. ვისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელია? თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს გამოვყოფთ, ბევრს პირველ რიგში ზვიად გამსახურდია გაახსენდება. მე ასე არ ვფიქრობ. ობიექტურად, დამსახურება ყველაზე მეტად სამ ადამიანს მიუძღვის: მიხეილ გორბაჩოვს, ბორის ელცინს და უკრაინელ ნაციონალ-კომუნისტ ლეონიდ კრავჩუკს, ვისი სახელიც საქართველოში ცოტას ახსოვს. გორბაჩოვის ლიბერალიზაციამ შესაძლებელი გახადა რეჟიმის ზოგადი მორყევა და საქართველოში (ისევე როგორც სხვაგან) მასობრივი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წამოწყება. ელცინმა შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა: რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირისგან განსხვავებული ერთეული (მან ეს პირველ რიგში გორბაჩოვთან დაპირისპირების გამო გააკეთა, მაგრამ, როგორც ვთქვით, მთავარი შედეგია). ლეონიდ კრავჩუკმა ბელოვეჟსკაია პუშჩაში ელცინთან მოლაპარაკებისას უკომპრომისო პოზიცია დაიკავა და აიძულა იგი, საბჭოთა კავშირის დაშლას დათანხმებოდა (მოლაპარაკების მესამე მონაწილეს, ბელარუსის ლიდერ სტანისლავ შუშკევიჩს, შეხვედრის მასპინძლობის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონია).


საქართველო სწორედ ამით, იმპერიული ცენტრის გაუქმებით, გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო - ისევე, როგორც ყირგიზეთი ან თურქმენეთი, რომელთაც ამ მიზნის მისაღწევად თითიც არ გაუნძრევიათ. მეტიც: იმ დღეებში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი წყდებოდა, მისი ეროვნული მოძრაობის ორი ნაწილი რუსთაველზე ერთმანეთის ხოცავდა.


ხსენებული სამი ფიგურიდან ორს - გორბაჩოვს და ელცინს - საბჭოთა კავშირის დაშლა არ სდომებიათ. მისი დაშლისთვის მხოლოდ კრავჩუკი იბრძოდა. მეტიც, გორბაჩოვი პასუხს აგებს 9 აპრილის ტრაგედიაზე - ამის გამო ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, საქართველოში მას პოზიტიურად შეხედონ. მაგრამ, ისევ ობიექტურობიდან გამომდინარე, საბოლოოდ გორბაჩოვის პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ 9 აპრილის მსხვერპლი, არამედ ისიც, რომ ეს ეპიზოდი გახდა არა ახალი რეპრესიების ტალღის, არამედ ქვეყანაში კომუნისტური სისტემის დასრულების დასაწყისი. ჩადენილი დანაშაულის შემდეგ რეჟიმმა უკან დაიხია; არ არსებობს ობიექტური აუცილებლობა, რომ ეს ასე ყოფილიყო. ეს გორბაჩოვის შექმნილ პოლიტიკურ გარემოში გახდა შესაძლებელი.

გორბაჩოვის მოღვაწეობის შედეგები და დღევანდელი ომი


გორბაჩოვის ნამოღვაწარის პარადოქსულობა პირდაპირ კავშირშია პუტინის დღევანდელ ომთან. ის პუტინის და პუტინისტებისთვის საძულველი ფიგურაა, როგორც იმპერიის დამანგრეველი; მაგრამ, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლა გორბაჩოვისთვისაც ტრაგედია იყო და პუტინისთვისაც - ამ ნიშნით მათ შორის არსებითი სხვაობა არ არის.
პუტინის დღევანდელი ომი, ისევე როგორც 2008 წლის ომი, გორბაჩოვის დაშვებული შეცდომის გამოსწორების მცდელობაა. ცხადია, ეს ომები მისი პირადი პასუხისმგებლობაა; მაგრამ მისი წანამძღვარი ისაა, რომ დემოკრატიულად განწყობილი რუსების დიდმა ნაწილმა - მათაც, ვისაც თავის ქვეყანაში მართლა დასავლური ტიპის დემოკრატია უნდოდა (ასეთი კი „პერესტროიკის“ პერიოდში და 1990-იანებში დღევანდელთან შედარებით ბევრი იყო), საბჭოთა კავშირის დაშლა მტკივნეულად განიცადა. პუტინისგან განსხვავებით, ბევრი მათგანი შეეგუა სამწუხარო ახალ რეალობას; მაგრამ ბევრი არ შეგუებია. „პერესტროიკის“ ზოგი დემოკრატი პუტინის ნეოიმპერიული პროექტის მხურვალე პროპაგანდისტი გახდა.
ამიტომაა დღესაც მნიშვნელოვანი, ითქვას, რომ იმპერიის დაშლა გორბაჩოვის პოლიტიკის არა მარტო გაუთვალისწინებელი, არამედ პრინციპულად მიუღებელი შედეგი იყო: არა მხოლოდ რუსი კონსერვატორებისთვის, არამედ გორბაჩოვის ან ელცინის მომხრე დემოკრატების ცნობიერებაში ეს დარჩა შეცდომად, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ამან საფუძველი შეუქმნა პუტინის ნეოიმპერიულ პროექტს: შეცდომა უნდა გამოსწორდეს.


სწორი გაკვეთილი გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ ისტორიიდან ის უნდა ყოფილიყო, რომ დემოკრატიის პირობებში იმპერიის შენარჩუნება პრინციპულად შეუძლებელია; თუ დიქტატურა არ გინდა, იმპერიასაც უნდა შეელიო. „პერესტროიკის“ და შემდეგ ელცინის რუსეთში ეს თითქმის არავის ესმოდა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ფონზე რუსი დემოკრატების რაღაც ნაწილმა გაიაზრა, რომ თავისუფალი რუსეთი შეუძლებელია, თუ იმპერიულ იდეაზე უარი არ ითქვა. ჯერჯერობით, ისინი რუსეთში მარგინალური და პოლიტიკური წონის არმქონე ჯგუფია - ბევრი მათგანი ფიზიკურად ქვეყანაში აღარცაა. მაგრამ თუ რუსეთში ოდესმე დემოკრატიას რაიმე შანსი ექნება, მან გორბაჩოვის მემკვიდრეობა უნდა დაძლიოს: ჰიპოთეტურმა რუსულმა დემოკრატიამ იმპერიულ ამბიციებზე უარი უნდა თქვას.