CNN: უკრაინის კონტრშეტევას წინ უძღოდა აშშ-უკრაინის "სამხედრო თამაშები"

რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ ამერიკულ ჰაუბიცას M777

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის არმიის წინააღმდეგ დაწყებული კონტრშეტევის მზადებისას, აშშ-მა კიევს ურჩია, შეეზღუდა ოპერაციის მიზნები და გეოგრაფია, რათა თავიდან აეცილებინა რამდენიმე ფრონტზე ბრძოლის გაშლა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აცნობა არაერთმა ოფიციალურმა პირმა როგორც აშშ-ში, ისე უკრაინაში. ინფორმირებული წყაროების თანახმად, უკრაინელები განიხილავდნენ გაცილებით ფართომასშტაბიან კონტრშეტევას, თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ოპერაცია მოიცავდა ხერსონის ოლქს.

CNN-ის წყაროთა ცნობით, კონტრშეტევის დაწყებამდე უკრაინა და აშშ ატარებდნენ ერთობლივ, ე.წ. „სამხედრო თამაშებს“, ანუ ანალიტიკურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, რათა უკრაინელ სამხედროებს უკეთ დაენახათ, რა ძალები და საშუალებები სჭირდებათ წარმატების მისაღწევად.

რაც შეეხება ოფიციალურ განმარტებას, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა CNN-ს უთხრა, რომ ამერიკელ და უკრაინელ სამხედროებს სხვადასხვა დონეზე მუდმივი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ სპეციფიკაზე კომენტარს არ აკეთებენ. რაიდერის განცხადებით, უკრაინელებს აწვდიან ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება უკეთ შეაფასონ საფრთხეები და ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან დაიცვან, ოპერაციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებებს კი, თავად უკრაინა იღებს.

ასევე ნახეთ გასაიდუმლოებული კონტრშეტევა და ყირიმის "აქტიური დეოკუპაციის" გამოცხადება - რა ხდება უკრაინაში?

CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის და რუსეთის ძალები სულ უფრო უახლოვდებიან პარიტეტს, თუმცა, ჯერ ნაადრევია რეალურ კონტრშეტევად შეფასდეს უკრაინის არმიის მიერ ხერსონის ოლქში 29 აგვისტოს დაწყებული ოპერაცია.

ამერიკული ტელეკომპანიის წყაროთა თანახმად, ჯერჯერობით ღიაა საკითხი, რამდენად წარმატებული იქნება უკრაინის მოქმედებები საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად. CNN-ი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომ ამჟამინდელი შეტევა სავარაუდოდ, ნელი ტემპით განვითარდება და მოახლოებული ზამთარი და ადრე გაზაფხული საბრძოლო მოქმედებებში იძულებით პაუზებს გამოიწვევს.

ასევე ნახეთ ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის არმიამ სამხრეთში ფრონტის ხაზი გარკვეული მანძილით გადასწია

რუსეთის მიერ 2022 წლის გაზაფხულიდან კონტროლირებულ ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებებისას უკრაინის არმია აქტიურად იყენებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებულ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის სარაკეტო სისტემებს, HIMARS-ს.