დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ჯავშანსატანკო ძალები ქვეყნის სამხრეთში ორშაბათიდან განაგრძობენ შეტევას რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფებაზე. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის არმიის ფორმირებებმა გამოიყენეს რუსეთის შედარებით სუსტი თავდაცვა და ფრონტის ხაზი გარკვეული მანძილით გადასწიეს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი შეეცდება საკუთარ ხაზზე სიცარიელე შეავსოს წინასწარ შერჩეული მობილური, სარეზერვო ქვედანაყოფებით, მათ შორის, აღმოსავლეთის დაჯგუფებიდან.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ისევ ცდილობს უკრაინაში დამატებითი ძალების გაგზავნას. კერძოდ, 24 აგვისტოს მოსკოვთან მდებარე ბაზა დატოვეს არმიის ახალი, მესამე კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა, რომლებსაც სავარაუდოდ, უკრაინაში გამოიყენებენ. ამ ბატალიონების ოპერატიული ეფექტურობა უცნობია. ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, არმიის მესამე კორპუსში პირადი შემადგენლობის ნაკლებობაა და ჯარის ამ ნაწილს გავლილი აქვს შეზღუდული მომზადება.
29 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა დაჯგუფება „კახოვკამ“ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ხერსონის ოლქში გაარღვიეს რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველი ხაზი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ შეტევის მცდელობა წარუმატებელი იყო.
ასევე ნახეთ გასაიდუმლოებული კონტრშეტევა და ყირიმის "აქტიური დეოკუპაციის" გამოცხადება - რა ხდება უკრაინაში?