ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება, სამინისტროს ცნობით, ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ხანძრის ქრობის პროცესი ბორჯომის ხეობაში

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ამ დრომდე ადგილზეა დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი, ისინი ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია.

დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია.

შსს-ს განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა:

"ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი".

Your browser doesn’t support HTML5

რა მოხდა ბორჯომში?

უკვე მე-9 დღეა, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.

ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა.