სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე იერიშს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს

სარკინიგზო სადგური ჩაპლინო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე 24 აგვისტოს განხორციელებულ თავდასხმას და ამავდროულად ირწმუნება, რომ სამხედრო ეშელონი გაანადგურეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, „დაიღუპა 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და განადგურდა 10 ერთეული ტანკი, თავდასხმა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით განხორციელდა“.

უკრაინის ხელისუფლებამ აფეთქებული ვაგონების ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 11 და 6 წლის ორი ბავშვი.

სამხედრო მოსამსახურეთა შორის არსებულ მსხვერპლზე კიევი არ საუბრობს.

ასევე ნახეთ 25-მდე გაიზარდა სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინის გენერალური პროკურატურა წერს, რომ დაბომბვის შემდეგ „სმერჩისა“ და С-300 ტიპის რაკეტების ფრაგმენტები აღმოაჩინეს, სოფლებში კერძო სახლებს კი „ისკანდერის“ რაკეტა მოხვდა.

ომის პირობებში ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა და თავდასხმას სიმხეცე უწოდა.