დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე 24 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.
მისი სიტყვებით, დაღუპულებს შორის ერთი 11 წლის ბავშვია, რომელიც შენობის ნანგრევებში მოყვა, კიდევ ერთი 6 წლის ბავშვი კი, სარკინიგზო სადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო ავტომობილში დაიღუპა.
უკანასკნელი მონაცემებით, დაშავებულია 31 ადამიანი.
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა და თავდასხმას სიმხეცე უწოდა.