უკრაინაში ომის ექვსი თვე - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 აგვისტოს

გადარჩენიდან გამარჯვებამდე

საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ უკრაინას მრავალი სირთულის გადატანა უხდებოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე ქვეყანა აღმოჩნდა რეალობაში, რომელსაც ერთი წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა. 2022 წლის 24 აგვისტოს დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საომარი განგაშის სიგნალი ისმოდა, ხოლო უკრაინის არმია, რომელიც ტრადიციულად კიევის ცენტრში აღლუმზე უნდა მდგარიყო, 182-ე დღეა იგერიებს ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრილ რუსეთის ჯარებს.

„დღეს ჩვენ ორ მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ. პირველია დამოუკიდებლობის, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავი და მეორე თარიღია - ომის მე-6 თვე, თარიღი, რომლის დადგომასაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, არცერთი ჩვენგანი არ ელოდა. და განსაცვიფრებელია, რომ ჩვენ ამდენ ხანს გავუძელით, გადავრჩით და ამის შესახებ უკვე შეგვიძლია ლაპარაკი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის პარლამენტის, „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა. ოპოზიციური პარტია „ჰოლოსის“ თავმჯდომარემ, კირა რუდიკმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერატიული ვითარება ფრონტის ხაზზე კვლავაც ძალიან რთულია, განვლილ პერიოდში უკრაინის დამცველებმა არათუ შეძლეს კიევამდე მოსული მოწინააღმდეგის უკუგდება, არამედ ქვეყნის გადარჩენის და გამარჯვების რწმენაც გააჩინეს.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოაცხადა კიევისთვის აქამდე უდიდესი სამხედრო დახმარების შესახებ

დამოუკიდებლობის დღეს უკრაინამ აშშ-სგან ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასშტაბური სამხედრო დახმარების შესახებ შეიტყო. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ ომში მყოფ ქვეყანას 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებასა და აღჭურვილობას გადასცემს.

უკრაინა მიიღებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო სისტემებსა და ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და რადარებს თავდაცვისთვის.

დახმარების ახალ პაკეტში შევა შეიარაღება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთი-ორი წლის შემდეგ აღმოჩნდეს ბრძოლის ველზე, განუცხადეს AP-ს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ვაშინგტონი უკრაინაში სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული გრძელვადიან კამპანიაზე. კერძოდ, შესაძლოა უკრაინას გადაეცეს სამი ტიპის დრონები, ასევე აღჭურვილობა, რომლის მიზანია „დაეხმაროს უკრაინას საშუალო და გრძელი ვადით თავდაცვის სისტემის ფორმირებაში“.

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახეთ ბრიტანეთი უკრაინას 63,5 მლნ დოლარის ღირებულების დრონებს გადასცემს

დეგნანი კობახიძის განცხადებას ISFED-ის შესახებ ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.

"ოცნებამ"გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო საკითხების შესახებ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში დაბლოკა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, რომლის შემდგომ რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.

"ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა და მისი ასე წარმოჩენა ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს რევოლუციური სცენარი იყო ან გამიზნულად მოხდა. ყველამ, ვინც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა, ძალიან კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზანი სიტუაციის დეესკალაცია გახლდათ და პარტიების პარლამენტში შესვლა იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

წაიკითხე მეტი.

ხანძარი ბორჯომში: ქრობაში თურქული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში გუშინ თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვნენ.

"ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი", - აცხადებენ უწყებაში.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

"ფორმულის" ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "ფორმულის" თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სსკ-ის 154-ე მუხლი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტელეკომპანია "ფორმულის" გადამღებ ჯგუფთან მუშაობის პროცესში უცნობი პირი დანით მივიდა და ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ვიდეოში ისმის, რომ ის დანით იმუქრება. "მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი. ბადრი, ჩელენჯს გიცხადებ. მოდი, შევხვდეთ, როცა გინდა, სადაც გინდა", - ყვიროდა მოქალაქე.

წაიკითხე მეტი.

ევროპა რუსული გაზის გარეშეც მზად არის ზამთრისთვის

ევროპის ქვეყნები შემოდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ რუსეთისგან დამატებითი გაზის შესყიდვის გარეშე უკვე მზად არიან ზამთრისთვის. გერმანიის გაზის საცავები 80,65%-ით არის შევსებული. ეს საკმარისია ზამთარში გაზით ქვეყნის უზრუნველსაყოფად. დიდი ბრიტანეთი კი საერთოდ აღარ აწარმოებს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტს.

გერმანიის ენერგეტიკული ქსელების სააგენტომ (Bundesnetzagentur) განაცხადა, რომ 24 აგვისტოსთვის გერმანიის გაზის საცავები შევსებულია 80%-ზე ოდნავ მეტით. ენერგეტიკული კომპანიების სურვილია 1 ოქტომბრისთვის საცავების 85%-მდე შევსება, 1 დეკემბრისთვის კი - 95%-მდე. მაგრამ უკვე არსებული რეზერვებიც საკმარისია ზამთრისთვის. მიუხედავად ამისა, სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს მომავალში გაზის ფასების ზრდის შესახებ და მისი ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდებს მათ.

წაიკითხე მეტი.

ბათუმს რა უქნეს?! - არდაგანის მაყურებლები

ახალი ბულვარის გაყოლებაზე აღმართული განათებული ცათამბჯენები ღამით დამთვალიერებელს თვალს ჭრის და შავიზღვისპირა პატარა ქალაქის ნაცვლად თავს დუბაიში ან რომელიმე დიდ მეგაპოლისში აგრძნობინებს. „რა უქნეს ბათუმს?!“ - სინანულით ნათქვამ ამ ფრაზას ახლა პასუხად ეს ხედი აქვს.

ბათუმში არის ასეთი უბანი „არდაგანი“, რომელიც ადგილობრივებს თურქულიდან წარმოქმნილი სახელი ჰგონიათ. სინამდვილეში, ამ უბნის სახელი “არტაანიდან” უნდა მოდიოდეს, საქართველოს ქალაქიდან, რომელიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა, ბათუმიდან 200 კილომეტრში. თუმცა დანამდვილებით ამის თქმაც ძნელია, არდაგანი ჯერ არავის უკვლევია. უბნის ათიოდე გადარჩენილი სახლი, იმსახურებს ხელოვნებათმცოდნეების ყურადღებას - მიშენებებისა და გადაღებილ-გადმოღებილი ფასადების მიღმა მეოცე საუკუნის დასაწყისის ისტორია იმალება.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული ბათუმში არდაგანის საძიებლად წავიდა. წაიკითხე და ნახე მეტი აქ.

პუტინი ამტკიცებს, რომ თანამედროვე უკრაინა რუსეთმა შექმნა. აი, 4 საკვანძო მომენტი ისტორიიდან, რომელმაც უკრაინული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.