რუსეთის მიერ შექმილი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან (ДНР) იტყობინებიან, რომ „საერთაშორისო ტრიბუნალი“ ქალაქ მარიუპოლში, ღია წესით - მარიუპოლის ფილარმონიაში ჩატარდება. სამხედრო ტყვეებისთვის სპეციალურ რკინის საკანს ამზადებენ. ასევე იუწყებიან, რომ პროცესი სირიის, ირანის, ჩრდილოეთი კორეისა და ბოლივიის მონაწილეობით გაიმართება.
ზოგიერტი ექსპერტის ვარაუდით, „აზოველებს“ შესაძლოა სიკვდილით დასჯის განაჩენსაც უმზადებენ.
უკრაინის ეროვნული გვარდიის შენაერთის - ბატალიონ „აზოვის“ წევრები, „აზოვსტალში“ მყოფ სხვა მებრძოლებთან ერთად, 2-თვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, რუს სამხედროებს მაისში ჩაბარდნენ ტყვედ.
აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, ბატალიონი „აზოვი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
მზადება საჩვენებელი „ტრიბუნალისთვის“
თუკი დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, „აზოველები“ უახლოეს დღეებშიც კი გაასამართლონ.
„ДНР“-ის ლიდერმა, დენის პუშილინმა, რომელიც მანამდე „ტრიბუნალის“ „ზაფხულის ბოლომდე“ გამართვას აანონსებდა, 22 აგვისტოს რუსეთის სახელისუფლებო ტელეარხს - „როსია 24“-ს უთხრა, რომ უკვე სრულად არის შეგროვებული „საგამოძიებო მასალები 80 ეპიზოდთან“ დაკავშირებით, რაც „აზოვის“ წევრთა „მძიმე დანაშაულებს“ ადასტურებს.
პუშილინის განცხადებები ემთხვევა მოსკოვიდან გავრცელებულ ცნობებს, რომ ტყვეები - „მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის“ გასამართლდებიან. „აზოველებს“ ბრალდებათ ყველაფერი, რისი წარმოდგენაც ადამიანის ფანტაზიას შეუძლია და მათ შორის - კანიბალიზმიც.
ინფორმაცია „აზოვის“ წინააღმდეგ „ტრიბუნალის“ წესდების პროექტის მომზადების შესახებ, დონეცკიდან ჯერ კიდევ 27 ივლისს გავრცელდა. ითქვა, რომ პროცესში ჩართულია რუსეთის ფედერაციის პროკურატურა. იმავე პერიოდში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა თქვა, რომ განიხილება პროცესში სირიის, ირანისა და ბოლივიის ჩართვა. ბოლო პერიოდში კი ამ ჩამონათვალს ჩრდილოეთი კორეაც დაამატეს.
ასევე ნახეთ რა ემუქრებათ "აზოვსტალის" მებრძოლებს? - რუსეთი სიკვდილით დასჯისთვის ამზადებს ნიადაგსპუშილინი ამბობს, რომ აწ უკვე „ტერორისტული ორგანიზაციის“ - „აზოვის“ წევრები „მაქსიმალურად ღია პროცესზე“ გასამართლდებიან და „ყურადღებას არავინ მიაქცევს“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს, რომ „აზოველების“ გასამართლება წერტილს დაუსვამს ყველანაირი მოლაპარაკების შესაძლებლობას.
„აზოვის“ მებრძოლების საჩვენებელი "ტრიბუნალისთვის", როგორც იუწყებიან, უკვე კარგა ხანია მზადდება მარიუპოლის ფილარმონია. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს კომისიის წევრმა ალექსანდრ დიუკოვმა 10 აგვისტოს რუს ჟურნალისტებს სპეციალური რკინის საკანიც აჩვენა, სადაც პროცესის დროს ბრალდებულები იქნებიან განთავსებული. უკრაინაში ეს საკანი გალიას შეადარეს.
რას უპირებენ „აზოველებს?“
უკრაინელი ექსპერტების ვარაუდით, ე.წ. ტრიბუნალისთვის რუსეთმა დონეცკის საოკუპაციო რეჟიმი იმიტომ შეარჩია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ივლისში, იქ გააუქმეს მორატორიუმი სიკვდილით დასჯის განაჩენზე. რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი თავის ტელეგრამარხზე ივნისში წერდა, რომ „ДНР“-მა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სასჯელის უმაღლესი ზომა, რადგან ამას იმსახურებენ „ფაშისტები“„კიევის ნაციონალისტური რეჟიმიდან“.
ივნისში სასჯელის უმაღლესი ზომა „ДНР“-ში უკვე მიუსაჯეს ორ ბრიტანელსა და ერთ მაროკოელს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.
ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინელი სამხედროების „გასამართლება“ მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის
"აზოვის" მებრძოლები, რომელთა გათავისუფლებაც ტყვეთა გაცლის პროცესში, ივნისში, მოხერხდა, ჰყვებიან, რომ ელენოვკის კოლონიაში ყოფნის დროს რუსები მათ უსვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც თავისთავად ბრალდებებსაც მოიცავს.
„შეკითხვა ასე კი არ იყო ფორმულირებული, რომ, მაგალითად - ხომ არ დაგინახავს, ვინ ესროდა მშვიდობიან ადამიანებს?... არამედ, შეკითხვას გვისვამდნენ ასე - რატომ ესროდით მშვიდობიან ადამიანებს? თვითონ შეკითხვები გამორიცხავდა პასუხს, რომ - მე არ ვესროდი მათ... ისინი გვაბრალებენ ჩვენ იმას, რასაც თავად აკეთებენ... თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ბრალდებები ექნებათ ამ ფეიკ-სასამართლოს დროსაც“, - თქვა 22 აგვისტოს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე „აზოვის“ მებრძოლმა კოდური სახელით „ვიკიპედია“.
ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინული პოლკი "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა ასევე ნახეთ "აზოვსტალის" დამცველი უკრაინელი მებრძოლების ნაწილი, სავარაუდოდ, რუსეთში გადაიყვანეს
"აზოვის მებრძოლები" არ გამორიცხავენ, რომ - ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, თანამოაზრისა და თანამშრომლის - დარია დუგინას აფეთქება, შესაძლოა, გამოიყენონ მარიუპოლში დაგეგმილ "ფეიკ-სასამართლოზე".
მებრძოლი კოდური სახელით - „ვიკიპედია“ არც იმას გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, რუსი სამხედროები, კოლონიაში აწამებენ ჯერ კიდევ ტყვედ მყოფ მის თანამებრძოლებს, რათა ათქმევინონ, რომ - იცნობდნენ ეფესბეს მიერ დუგინას მკვლელად დასახელებულ უკრაინელ ქალს, ნატალია ვოვკს, რომელზეც რუსული სპეცსამსახურები ამბობენ, რომ „აზოვის" წევრი იყო.
„აზოველები“ პრესკონფერენციაზე ასევე ამბობენ, რომ ეს პიროვნება მანამდე არასოდეს უნახავთ და სამხედრო ფორმა, რომელიც ნატალია ვოვკს რუსეთის მიერ ნაჩვენებ ფოტოზე აცვია - არ არის „აზოვის“ ფორმა და მათ მსგავსი ფორმა არასდროს ჰქონიათ.
ასევე ნახეთ "აზოვის" პოლკი აცხადებს, რომ ნატალია ვოვკს არავითარი კავშირი არ ჰქონია უკრაინულ დანაყოფთანსხვადასხვა დროს, რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, ტყვედ ჩაბარებული "აზოველების" რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანის შესახებ. როგორც იუწყებოდნენ, სავარაუდოდ, რუსეთში გადაიყვანეს "აზოვის" ბატალიონის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.
ზუსტი ინფორმაცია არავინ იცის. როგორც პროკოპენკოს მეუღლე კატერინა პროკოპენკო უკრაინულ გამოცემა „Suspiliny“-სთან აღნიშნავს, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი ვერც წითელი ჯვრისგან მიიღო.
როგორც ტყვეობიდან გათავისუფლებულმა "აზოველებმა" აღნიშნეს 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, წითელი ჯვარი მათ სანახავად, კოლონიის ტერიტორიაზე ვერ შედიოდა.
უკრაინის მოქალაქეების რუსეთში გადაყვანის მიზნითა და „აზოველების“ ამოსაცნობად, რუსებმა სპეციალურად შექმნეს ე.წ. ფილტრაციის ბანაკები დონეცკის ოლქში. ისინი მარიუპოლიდან გამოსულებს ყურადღებით უთვალიერებდნენ სხეულს და ეძებდნენ ტატუს, რომელიც ყოველ „აზოველს“ აქვს.
ქალაქ მარიუპოლს ამ ეტაპზე რუსი სამხედროები აკონტროლებენ. გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად, მარიუპოლში დაინგრა საცხოვრებელი შენობების თითქმის 90% და კერძო სახლების თითქმის 60%. დაღუპულად გამოცხადდა 10 ათასი ადამიანი; თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი ორჯერ უფრო მაღალი იყოს.