სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭომ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გამარტივებული პროცედურით ისარგებლებს ახალგორისა და ჯავის რეგიონის მოსახლეობა - მათ ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით შეეძლებათ გადაადგილება. საუბარია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე "რაზდახანი" (ოძისი/მოსაბრუნი) და "პერეუ" (პერევი).
დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის თქმით, ეს საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, რაიონული ადმინისტრაციებისა და დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილეს.
მიმდინარე წლის 31 ნოემბრამდე მოსახლეობას გადაადგილება "ვადაგასული საშვებითაც" შეეძლება.
დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა "რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.
ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა.