სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმარი სოსო გოგაშვილი "ფეისბუკის" საშუალებით ახალ წერილს ავრცელებს, რომელშიც დეტალურად იხსენებს 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ სატელეფონო საუბრებს მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრებს 30 ივლისს და 5 აგვისტოს. გოგაშვილის წერილში გადმოცემული ფაქტები უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის მისი ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველების განცხადებებიდან. მათ ამ თემაზე პირველი განცხადება 11 აგვისტოს გააკეთეს.
ყოფილი თანაგუნდელი ვახტანგ გომელაურს მასზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისგან პროკურატურისთვის ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენების მიცემას ითხოვდა არჩევნების გაყალბებისა და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "პრობლემების დამატებით და ოჯახის წევრების განადგურებით ემუქრებოდა".
გოგაშვილის წერილში მოცემულია ზუსტი დრო, როცა ის ციხის საშხაპეში დატოვებულ ტელეფონზე ვახტანგ გომელაურს ესაუბრა. ამ წერილის მიხედვით, გომელაურმა გოგაშვილს დაურეკა 28 და 29 ივლისს, ასევე 3 და 5 აგვისტოს. გომელაურის ზარებს შორის, გოგაშვილთან ორჯერ, 30 ივლისსა და 5 აგვისტოს მოსანახულებლად შევიდნენ მისი ოჯახის წევრები. პაემნების უფლება გოგაშვილს შეზღუდული ჰქონდა და ოჯახის წევრების მასთან დაშვება გამონაკლისის ფორმით მოხდა. ციხეში განხორციელებულ ამ ვიზიტებს ადასტურებენ როგორც ოჯახის წევრები, ისე იუსტიციის მინისტრი.
ასევე ნახეთ გოგაშვილის ინფორმაციით, მასზე ზეწოლის საქმეზე ივანიშვილის დავალებით მტკიცებულებებს შლიანსოსო გოგაშვილის წერილიდან ირკვევა, რომ მან იცის ის ნომერიც, საიდანაც გომელაური ურეკავდა და ის ნომერიც, რომელიც ციხის სააბაზანოში მისთვის დატოვებულ ტელეფონში იდო. ასევე, წებოვანი ლენტის საშუალებით, ამ ტელეფონიდან მას აღებული აქვს თითის ანაბეჭდები.
სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ საკნიდან საშხაპეში მისი გაყვანისას, ციხის დერეფანში არ იყვნენ ბადრაგები, ამ არეალს კი 7 კამერა აკონტროლებდა. ორი კამერა განთავსებულია ასევე გოგაშვილის საკანში. მისივე თქმით, იმ დღეებში, როცა ვახტანგ გომელაური ურეკავდა, საკნიდან საშხაპემდე ან ციხის უფროსი ზურაბ მოდებაძე, ან მისი მოადგილე, "გვარად ხარიტონაშვილი" აცილებდნენ. ხარიტონაშვილის სახელს გოგაშვილი წერილში არ ასახელებს.
"მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი", - ამ ფრაზით ამთავრებს გოგაშვილი წერილს, რომელიც, მისი მტკიცებით, ვახტანგ გომელაურმა 5 აგვისტოს უთხრა.
ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გოგაშვილის წერილებსა და მისი ადვოკატების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. სოსო გოგაშვილი გამოჰკითხა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ასევე ნახეთ სოსო გოგაშვილი ვახტანგ გომელაურს ახალ ბრალდებებს უყენებს, მათ შორის, პანკისში სპეცოპერაციაზეგოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი გადამოწმებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნეს.