რას სთხოვს საზოგადოება ქვრივ და განქორწინებულ ქალებს? – „ღირსება“ და სასჯელი

ფოტოილუსტრაცია

„ჩემი ქმარი რომ მოკვდა, მისმა მშობლებმა დაკრძალვიდან მალევე მომთხოვეს, მათთან გადავსულიყავი საცხოვრებლად. ჩემგან რომ უარი მიიღეს, შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებთან დაიწყეს მოლაპარაკებები“, - მიყვება 35 წლის თამთა (სახელი შეცვლილია), რომელსაც ორი შვილი ჰყავს და ორი წლის წინ დაქვრივდა.

გარდა იმისა, რომ შვილების აღზრდის მთელი პასუხისმგებლობა თამთას დაეკისრა, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ მისგან სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა ფორმის ჩარჩოში ჩასმას მოისურვა.

თამთას აქვს სამსახური, მაღალი ანაზღაურება, აქვს საშუალება, რომ სრულიად დამოუკიდებლად აღზარდოს შვილები, მართოს საკუთარი ცხოვრება, მაგრამ იმ წნეხსა თუ სტიგმას, რასაც ხშირად საქართველოში შვილებიანი ქვრივი თუ განქორწინებული ქალები განიცდიან, ვერ ასცდა. ვერ ასცდა ქმრის ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგანაც კი:

„დღემდე მწარედ ჩამესმის მეგობრის ხმა, რომელმაც ჩვენს საერთო მეგობარზე, რომელიც ასევე ქვრივია, მითხრა, იმ დღეს ისეთი გამოპრანჭული მოვიდა, ისე ჰქონდა ფრჩხილები გაკეთებული, საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ქვრივიაო. სასტიკად მომხვდა გულზე მისი სიტყვები“.

თამთას დღესაც შავები აცვია - „ჯერ არ ვარ სხვა ფერის განწყობაზე“, - მეუბნება ის, მაგრამ ამასთანავე, ამჩნევს, რომ გარშემომყოფებიც სწორედ ამას, შავ ფერს მოითხოვენ და ელიან მისგან:

„მაკიაჟიც მხოლოდ ორჯერ გავიკეთე ამ ორ წელში. ხალისი არ მქონდა და იმიტომ. მაგრამ ერთ დღეს, როცა სამსახურებრივ ღონისძიებაზე მომიწია მისვლა მცირე მაკიაჟით, ჩემი თავი დავიჭირე, რომ გარშემომყოფებთან თავის მართლება დავიწყე. ვუხსნიდი, რომ თვალების გარშემო მუქი უპეები მაქვს და იძულებული ვიყავი, მაკიაჟი გამეკეთებინა. ქვრივებს, მაგალითად, სიცილის დეციბალებსაც გვიზომავს საზოგადოება. ცოტა ხნის წინ, სახლთან ველაპარაკებოდი მეგობარს, ჩემი შვილის შესახებ მხიარულ ამბავს ვუყვებოდი და გაგვეცინა, მაშინვე დავიჭირე მეზობლის დაჟინებული მზერა, რომელიც აშკარად გაოცებული და უკმაყოფილო იყო, რომ ეზოში ვიდექი და ვიცინოდი“.

რა და როგორ იქნება წლების შემდეგ, თამთამ არ იცის. იცის ის, რომ ქვრივი თუ განქორწინებული ქალების მიმართ წნეხი იმდენად მძიმეა, იმდენი ადამიანია მათი „ღირსების დაცვით“ დაკავებული, რომ ამ სტერეოტიპებთან და სტიგმებთან ბრძოლა ადვილი გასამკლავებელი არ იქნება. არ უნდა ეს წნეხი მის შვილებზეც გადავიდეს:

„როდესაც დავქრვივდი, ავდექი და ჩემს ირგვლივ, ვინც მეგულებოდა ქვრივი, ყველას ველაპარაკე. ამ ქალების ასაკი სხვადასხვა იყო. ყველა მათგანმა თქვა, რომ ნანობენ, რომ წლების შემდეგ მეორედ არ შექმნეს ოჯახები და დარჩნენ მარტო. და ეს იმიტომ, რომ ხალხი, საზოგადოება, სწორედ ამ მარტოობას მოითხოვდა და ელოდა მათგან. თუკი ქვრივ ქალს, თუნდაც ის ძალიან ახალგაზრდა იყოს, შვილები ჰყავს, საზოგადოებას აღარ წარმოუდგენია, რომ მათ შესაძლოა ჰქონდეთ პირადი ცხოვრებაც. ახლა, ცხადია, ვერც კი წარმომიდგენია სხვა ურთიერთობის დაწყება. მაქვს სხვადასხვა ტიპის შიშებიც, ვინ შეიძლება იყოს ის ადამიანი, როგორი ურთიერთობა შეიძლება აეწყოს ჩემს შვილებთან, მაგრამ უფრო მეტად ერთი რამ მთრგუნავს, მიუხედავად იმისა, რომ ვარ დამოუკიდებელი, აბსოლუტურად ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, მიზნის მისაღწევად რქებით ვაწვები ყველაფერს, სადღაც მაინც გამიელვებს ხოლმე ფიქრი, რომ თუკი როდესმე სხვა ურთიერთობას დავიწყებ, ხომ არ წამოაძახებენ ჩემს შვილებს ისეთ რამეს, რაც მათ გულს ატკენს“.

23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანა (სახელი შეცვლილია) დაქვრივდა. ანა ახლა 45 წლისაა. 22 წლის იყო, როცა მისი ქმარი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ანა ერთი წლის შვილთან ერთად დარჩა მარტო.

ანა აღარ დაქორწინებულა - „იმიტომ არა, რომ ვინმე მთხოვდა გარდაცვლილი ქმრის ერთგულებას, იმიტომ არა, რომ ე.წ. ღირსებას ვუნახავდი შვილს თუ ოჯახს. ჩემი გადაწყვეტილება, ცხადია, არანაირად არ ეხებოდა ე.წ. პატიოსნების შენარჩუნების მიზანს. ეს აბსურდია. ეს იყო ჩემი შინაგანი მდგომარეობა და სხვა ალტერნატივა არც დამიშვია ცხოვრების არცერთ ეტაპზე. ვეღარასდროს წარმოვიდგინე ჩემს გვერდით სხვა ადამიანი. ახლაც კი, როცა ამდენი წელი გავიდა, ვერ ვიტყვი, კარგი ვქენი თუ ცუდი, მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩემი ბიჭი, რომელიც ახლა 24 წლისაა, არ იქნებოდა წინააღმდეგი შემექმნა მეორე ოჯახი. კიდევ გამეჩინა შვილები. ძალიან ლაღი და თავისუფალია ასეთ ურთიერთობებში. შეიძლება მე გამიმართლა, რასაც ხანდახან სხვა ქალებზე, ქალებზე, რომლებიც დაქვრივდნენ ან განქორწინდნენ, ამას ნამდვილად ვერ იტყვი“.

არ გაინტერესებს, რატომ ვზივარ აქ? - დედა მოვკალი

რამდენიმე დღის წინ, 14 აგვისტოს, არ გაუმართლა 34 წლის ქალს, რომელიც ლილოს დასახლებაში 17 წლის შვილმა მოკლა. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შვილმა გადაწყვიტა, რომ დედის ცხოვრება „ხელყოფდა მისი და ოჯახის ღირსებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, „ღირსების აღდგენა“ განიზრახა“. ქალი განქორწინებული იყო.

19 ივლისს არ გაუმართლა არც 38 წლის ქალს, რომელიც ფონიჭალის დასახლებაში 22 წლის შვილმა დაჭრა, მისი პარტნიორი კი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შემთხვევაშიც, შვილი განქორწინებული დედის „ღირსებას“ იცავდა.

რამდენიმე წლის წინ არ გაუმართლა ახალგაზრდა ქვრივ ქალს. მისი არასრულწლოვანი შვილი ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ პენიტენციურ დაწესებულებაში მაშინ გაიცნო, როცა ის არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა:

მაია ცირამუა

„არ გაინტერესებს რატომ ვზივარ აქ? - მკითხა ერთ დღესაც. არადა, ჩემი მიზანი არ იყო პატიმრების ციხეში მოხვედრის მიზეზის ცოდნა. ვუთხარი, შენ თუ გინდა, მითხარი-მეთქი. დედა მოვკალიო, მიპასუხა. ჩვენს საზოგადოებაში ქვრივი ან განქორწინებული ქალების ბიჭ შვილებს თითქოს კოდი აქვთ ჩადებული, რომ ისინი უნდა იდგნენ თავისი და ამ შემთხვევაში, დედის "ნამუსის, ღირსების და პატიოსნების" სადარაჯოზე. და რას ნიშნავს და რატომ არის ნამუსი და ღირსება ის, რომ ქალმა ვერ გაიხაროს, ვერ შექმნას მეორე ოჯახი და სიყვარულის და სხვა ყველაფრის უფლება წაერთვას, ეს არავინ იცის“, - მეუბნება მაია ცურამუა.

„Human Rights Watch“-ის განმარტებით, ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობა (Honor Killing), არის ძალადობის აქტი, მკვლელობა, რომელსაც ოჯახის მამაკაცი წევრი სჩადის ოჯახის ქალი წევრის მიმართ, რომელმაც კაცის რწმენით, ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. მაგალითად, გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მოითხოვა განქორწინება, ქორწინების გარეშე დაამყარა სექსუალური კავშირი პარტნიორთან და ა.შ.

ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი მკვლელობა განსაკუთრებით ხშირია აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიისა და აფრიკის კონტინენტებზე, თუმცა, ყველაზე მეტი მკვლელობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ხდება.

2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი დანაშაულების ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, ირანში, „ღირსების აღდგენის“ მოტივით ჩადენილი დანაშაულების რიცხვი წელიწადში 275-დან 450-მდე მერყეობს. უმრავლეს შემთხვევაში, ქალებს კლავენ მათივე მამაკაცი ნათესავები.

ღირსების ცნებაზე დამყარებული ძალადობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია (HBVA)-ს მონაცემებით, ამ მოტივით, ოჯახის წევრი კაცები წელიწადში, საშუალოდ 5000 ქალს კლავენ. თუმცა, ქალთა უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ მონაცემს ოთხზე ამრავლებს და ამბობს, რომ ღირსების აღდგენის მოტივით, წელიწადში, დაახლოებით 20 000 ქალი კვდება.

ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი დანაშაულის წლიურ საერთაშორისო სტატისტიკაში მოხვდება 14 აგვისტოს, ლილოს დასახლებაში, 17 წლის შვილის მიერ მოკლული 34 წლის ქალიც.

მაია ცირამუას თქმით, ფემიციდისა და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად დედის მკვლელობის ფაქტი ცხადყოფს, რომ შვილები უმეტესწილად „საზოგადოების ნაწილის დაკვეთას ასრულებენ“:

„ჩვენ გვაქვს ასეთი მანკიერი ადათი თუ წესი, რომ თუკი დაქვრივებულ ან განქორწინებულ ქალს ჰყავს შვილი, განსაკუთრებით ვაჟი, დაქვრივებისა თუ განქორწინების შემდეგ, სწორედ მასზე გადადის ე.წ. ოჯახის თავის ფუნქცია, ის ხდება დედის მაკონტროლებელი, მისი პირადი ურთიერთობებისა და „ღირსების დამცველი. ის არასრულწლოვანი პატიმარი, რომელსაც მე რამდენიმე წლის წინ ვესაუბრე და რომელმაც დედა სწორედ „ღირსების“ სახელით მოკლა, გახლეჩილი იყო ორ ემოციას შორის - ერთი რომ საყვარელი ადამიანი გაიმეტა მოსაკლავად და მეორე, მუდმივად ჩაესმოდა ხმა, რომ არ უნდა შელახვოდა ღირსება. ჩვენნაირ, კოლექტივისტურ კულტურაში, კაცები ასრულებენ დაკვეთას. თუ დაკვეთას არ ასრულებენ, მაშინ ეშინიათ, რომ გაირიყებიან, შეარცხვენენ და ამ შერცხვენას ურჩევნიათ სასიკვდილოდ გაიმეტონ ქალი, მათ შორის, დედა. სწორედ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ პრობლემა, რომელიც კაცს ეუბნება, რომ მისი იდენტობაა იყოს კარგი პურის მჭამელი, დამრტყმელი კაცი, რომელსაც თავზე „ქალის ნიფხავი არ ახურავს“ - ლამის ქრომოსომულ დონეზეა ეს შეკვეთა, გენეტიკური კოდი ჩაბეჭდილი. ხოლო იმ ოჯახებში, სადაც მამა აღარ არის, ამას თავის თავზე იღებს შვილი. ხშირად მოგვისმენია, როგორ ეუბნებიან პატარა ბიჭებს, რომლებსაც მამა გარდაეცვალათ, აბა, ახლა შენ იცი, ახლა შენ ხარ კაცი, შენ უნდა გაუძღვე ოჯახს, მიხედო დედას. ადებენ ბავშვებს ტვირთს და ამ წნეხის ფონზე, დედის პირად ცხოვრებას, თუკი დედა ამას როდესმე „გაბედავს“, ისინი ღირსების შელახვად იღებენ, რასაც შემდეგ ასეთ ტრაგიკულ შედეგებამდეც მივყავართ“.

ქალის სექსუალობის კონტროლი პატრიარქალური კულტურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია - მეუბნება ფილოსოფოსი თამარ ცხადაძე. გარდა ამისა, ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, ქალის სოციალური როლი და სტატუსი ძირითადად განსაზღვრულია მისი კავშირით მამაკაცებთან - ის არის რომელიმე კაცის დედა, რომელიმე კაცის ცოლი, რომელიმე კაცის ქალიშვილი და ა.შ. ამასთან, ქალის სექსუალური ქცევა ღირსების საკითხად აღიქმება - სწორედ იმ კაცის ღირსების საკითხად, ვისთან კავშირითაც არის განსაზღრული ქალის სოციალური ადგილი:

„სავარაუდოდ, ეს სქემები გარკვეულ ძალას ინარჩუნებს დღევანდელ საქართველოშიც. ასეთი სქემები რომ მოქმედებდა ქართულ კულტურაში, ამის დამადასტურებელ მაგალითებს იოლად მოვძებნით ფოლკლორშიც, ლიტერატურაშიც, ყოველდღიურ მიმოქცევაში გავრცელებულ ფორმულებშიც“.

ქვრივი თუ განქორწინებული ქალის მეორედ ქორწინება ან პარტნიორის ყოლა, პირდაპირ „ამხელს“ ქალის სექსუალობას, მის პირად ცხოვრებას, რაც პატრიარქალური კულტურისთვის მიუღებელია და იმისათვის, რომ არ დაკარგონ ქალის სხეულზე კონტროლი, მათი ნაწილი კონტროლის „დაბრუნებას“ ძალადობით, მკვლელობითაც კი ცდილობს.

სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ წარმომადგენელი, იდა ბახტურიძე. მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვრივმა თუ განქორწინებულმა ქალმა, რომელსაც შვილები ჰყავს, მთელი ემოციები სწორედ შვილებს უნდა მიუძღვნას:

იდა ბახტურიძე

„პატრიარქალური საზოგადოება არ მიესალმება არაფერს, რაც ქალის პერსონალური ჰარმონიისთვის არის საჭირო. ეს არის ყველაზე ტრაგიკული, რომ თუკი მაგალითად, ქალმა დაქვრივების შემდეგ გაიცინა, თუკი თუნდაც წლების შემდეგ პარტნიორი გაიჩინა, ეს უკვე ქალის პერსონალური ემოციებია და მიუღებელია პატრიარქალური საზოგადოებისთვის. შვილი ჰყავს? მორჩა, მიხედოს შვილს. ხოლო როცა შვილი წამოიზრდება, პატრიარქალური კულტურა ამ შვილს მოსთხოვს, რომ მისი კაცობა გაზომოს იმით, თუ რამხელა კონტროლი ექნება ოჯახის ქალების სხეულზე - იქნება ეს დედა თუ და“.

იდა ბახტურიძეს მიაჩნია, რომ ადრეულ ასაკშივე სქესობრივი განათლება, მოზარდებისთვის გენდერული თანასწორობის ცოდნის გაზიარება, შეიძლება იქცეს პატრიარქალური კულტურის მიდგომებისა და მანკიერი სტიგმებისა თუ სტერეოტიპების ნგრევის საფუძვლად:

„ის გენდერული უთანასწორობა, რომელსაც განათლების სისტემა თუ ოჯახი უნერგავს ბავშვს, მოგვიანებით შესაძლოა იმგვარ ფატალურ შემთხვევებში გადაიზარდოს, რასაც, სამწუხაროდ, ახლაც ვადევნებთ თვალს“.

რატომ ვერ ვამცირებთ ფემიციდის სტატისტიკას? - კითხულობს იდა ბახტურიძე და თავადვე სცემს კითხვას პასუხს: „იმიტომ, რომ უმეტესწილად, ფაქტის დადგომის შემდეგ ვითხოვთ ხოლმე რეაგირებას ძალოვანი სტრუქტურებისგან, ისევ მათგან ვითხოვთ პრევენციული ზომების მიღებას. თუმცა, პრევენცია არა მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს, არამედ განათლების სისტემასაც უნდა მოვთხოვოთ. სისტემას, რომელმაც ამ საკითხზე მუშაობა სწორედ ბავშვებთან, მოზარდებთან უნდა დაიწყოს. ვინმეს მოუკლავს მამა, რატომ მოიყვანე სხვა ცოლიო? ან სხვა რატომ შეგიყვარდაო? შეიძლება ბედნიერი არ იყოს შვილი ამით, მაგრამ ეს მის „ღირსებაზე“ ისე მწარედ არ აისახება, როგორც მაგალითად, დედის პირადი ცხოვრება. ჩვენს კულტურაში ქალების სექსუალობა უნდა გაკონტროლდეს და თუკი ის კონტროლს მიღმა გადის, მაშინ ქალი უნდა დაისაჯოს. აი, სწორედ ეს მოდელი მიეწოდება ბავშვს ოჯახშიც და მის გარეთაც“.

სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს. 2020 წელს - 24. 2019 წელს - 19 ქალი. უკანასკნელ თვეებში, საქართველოში ფემიციდის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. მათ შორის, საჯარო სივრცეებში.