საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ ცოლს, ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა დაზარალებულის გამოკითხვის ეტაპზეა გადასული. ამ სტატუსით დღეს, 16 აგვისტოს, სასამართლო სხდომაზე ნელი დოროყაშვილი გამოჰკითხეს. მან თქვა, რომ ქმარი ქორწილში "გაიცნო", როცა მასზე პირველად იძალადა.
"ჩვენ ერთმანეთი გავიცანით 2011 წელს, წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ ქორწინება, სექტემბერში ოფიციალურად დავქორწინდით. ჩემთვის ამაზე საუბარი ემოციურია, მაგრამ ვეცდები ყველა ფაქტი გავიხსენო. რთული იქნება რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა. ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და ახლიდან გავიცანი ნიკოლოზი დაქორწინების შემდეგ.
რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური - ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, ნიკოლოზს ეჩხუბებოდა. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. ძალიან მეტკინა, მაგრამ ემოციურად უფრო რთული იყო, ვერ მივხვდი საერთოდ რა მოხდა - როდესაც შენი მეუღლე გიჯდება გვერდით და ასეთ რაღაცას გიკეთებს. ვკითხე, რა ხდებოდა და არ მიპასუხა.
მახსოვს, დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო, არც კი მიფიქრია, რომ ის ხმამაღლა დამელაპარაკებოდა. მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით.
მე აღმოვაჩინე ქორწილის დღეს, რომ სხვა ადამიანი გავიცანი", - თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე.
დაზარალებულის მონაყოლის მიხედვით, მასზე ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ქორწინებიდან 5-6 თვის შემდეგ დაიწყო და ეს არ შეწყვეტილა არც მაშინ, როცა ფეხმძიმედ იყო.
"2015 წელს ჩვენ ბავშვი შეგვეძინა. მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზის დამოკიდებულება იყო, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი. მე მას ვემორჩილებოდი. ისე აღმოჩნდა, რომ ორსულობის განმავლობაში თითქმის მარტო ვიყავი, შემდეგ მშობიარობის დღესაც მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი...
ქორწილიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, მოხსენიება დამაკნინებელ ასპექტში, ამას მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა... ყოფილა შემთხვევა, როცა კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ და თვალებდახუჭულზე ცივი წყალი ჩაუსხამს ყურში. ესეთი ქმედებები იყო სხვადასხვა სახის: თმებით თრევა, საჭმელების თავზე დაყრა... გარკვეულ წარმატებას რომ მიაღწია, გამომიცხადა, მე ვარ მეფე და მე უნდა მოვქცეულიყავი მისი ქვეშევრდომივით", - ამბობს დაზარალებული.
ნელი დოროყაშვილმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ეშინოდა, მისი ეს ქმედებები არ გადაეღო.
"ჩვენს ოჯახში ხშირი იყო დიალოგები გაშორებასთან დაკავშირებით, თითქმის ყოველ კვირაში - არ უნდა მეთქვა, რომ მე დავშორდებოდი; თუ არ შეწყვეტდა ძალადობას, მე პოლიციას მივმართავდი... მე მგონია, რომ მას ჰქონდა განცდა, რომ მე ამას ვერ გავაკეთებდი...
ნიკა მეუბნებოდა დედის აზრს. სანამ ბავშვს გავაჩენდი, ის [ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა] მეუბნებოდა მე, რომ ქალი როდესაც ბავშვს აჩენს, გიჟდება. ანუ მე როცა ბავშვი გავაჩინე, გავგიჟდი. ძალიან სერიოზულად მაჯერებდნენ, რომ მეღიარებინა, გიჟი ვიყავი...
მაშინაც კი, როდესაც ვიყავი ორსულად, მეძახდა სხვადასხვა ცხოველების სახელებს: ვირთხას, გველს, რწყილს. ასეთი სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს", - თქვა დოროყაშვილმა.
ნეკა დოროყაშვილის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დასრულებულა. პროკურატურას, რომელმაც საქართველოს ტიტულოვან ჩოგბურთელს ბრალი წაუყენა, დაზარალებულთან კიდევ აქვს კითხვები.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.