რადიო თავისუფლებამ მოიპოვა აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 9-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს თემაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს, სამოქალაქო საზოგადოებას, სასამართლოს და მართლმსაჯულების თემით დაინტერესებულ ყველა აქტორს სთავაზობს ხედვას გასატარებელი ცვლილებების შესახებ და რეკომენდაციებს სისტემის გასაუმჯობესებლად. დოკუმენტი, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს, ამერიკის საელჩოს მხრიდან ზეწოლად და სასამართლოს სისტემაში ჩარევის მცდელობად აღიქვეს “ქართული ოცნებიდან” “სიმართლის სათქმელად” წასულმა დეპუტატებმა.
ამერიკის საელჩო პარლამენტისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებში მკაფიოდ წერს, რომ სასამართლოს საკითხებზე პარლამენტში შექმნილი ჯგუფის მუშაობა შეფასდება იმითაც, რამდენად უზრუნველყოფს პროცესის ინკლუზიურობას და მასში ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართულობას.
“პარლამენტმა უნდა განიხილოს სამუშაო ჯგუფის გაფართოების შესაძლებლობა და ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართოს სასამართლო ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე სხვა სუბიექტები, სამართლის ექსპერტები და საერთაშორისო საზოგადოება. ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჯგუფის წევრებს გაუზიაროს საკუთარი ხედვა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში და წარმოადგინოს რეფორმასთან დაკავშირებული წინადადებები”, - ნათქვამია დოკუმენტის ზოგადი რეკომენდაციების ნაწილში.
ასევე ნახეთ "ოცნებიდან" წასულები აშშ-ის საელჩოს კლანურობასა და ხელისუფლებაზე შეტევაში ადანაშაულებენსაელჩოს კონკრეტული რეკომენდაციები კი შეეხება სისტემის მეტ გამჭვირვალობას, გენდერული თანასწორობისთვის მაღალ თანამდებობებზე ქალთა მეტ წარმომადგენლობას და ნაფიცი მსაჯულების პრაქტიკის უფრო ფართოდ გამოყენებას. საელჩო მოუწოდებს სასამართლოს, დაუყოვნებლივ ქვეყნდებოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის განსახილველად, გარდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების გამოუქვეყნებლობა გამართლებულია მსხვერპლის დაცვის ან მიმდინარე გამოძიების ინტერესით. გამჭვირვალობის პროცესი, საელჩოს ხედვით, გულისხმობს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის დახვეწასაც. საელჩო რეკომენდაციას უწევს მოსამართლეების წარსული საქმიანობისა და კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის შემუშავებას/დახვეწას, რომლის დროსაც მოხდება ინფორმაციის ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება და შეფასების შედეგის გამოქვეყნება.
საელჩოს რეკომენდაციები ასევე შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის მოქმედ წესებს. უფრო კონკრეტულად კი, საელჩო საჭიროდ მიიჩნევს:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომა გახდეს ღია საზოგადოებისათვის, სხდომის პირდაპირი ტრანსლაციისა და ასევე სხდომების აუდიო/ვიდეო ჩანაწერების საბჭოს ვებგვერდზე განთავსების გზით.
- უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შესანარჩუნებლად, კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეები აირჩნენ უვადოდ.
- გაიზარდოს საჭირო ასაკი და გამოცდილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანდიდატების კვალიფიციურობა. ამასთან, იმ კანდიდატებს, რომლებიც განიხილებიან უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის, უნდა მოეთხოვებოდეთ ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- თითოეული სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მოხდეს უშუალოდ ამ სასამართლოს მოსამართლეების მიერ ან როტაციის წესით, შეზღუდული, მაგრამ განახლებადი ვადით. დამატებით ისეთი თანამდებობრივი პრივილეგიები, რომლებიც უკავშირდება თავმჯდომარის პოზიციას, როგორიცაა სამსახურებრივი მანქანა, მძღოლი, სახელფასო დანამატი და ბონუსები, უნდა გაუქმდეს. უფრო მეტიც, საქმეების განხილვა უნდა იყოს სასამართლოს თავმჯდომარეების უპირველესი მოვალეობა, მათი სამოსამართლო კომპეტენციისა და მომზადების გამო.
- შემუშავდეს მოსამართლეთა დაწინაურების ყოვლისმომცველი სისტემა, რომლის საფუძველზეც დაწინაურება და სხვა სასამართლოში გადაყვანა დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ობიექტურ შეფასებაზე და მოხდება მხოლოდ კონკურენტული პროცესის შედეგად. ასევე, მოსამართლის გადაყვანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული, დროში ლიმიტირებული და ექვემდებარებოდეს გასაჩივრებას.
- შემცირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრების არჩევის პროცესზე.
სასამართლო სისტემის რეფორმირება ერთ-ერთი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან, რომლის შესრულებაც საქართველოს სჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ანგარიში ასოცირების შეთანხმებაზე: საქართველოში 2021 წელს კანონის უზენაესობის უკუსვლა იყო