რუსული მაღალი სიზუსტის, ისევე როგორც ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებული იარაღი, წლებით და ათწლეულებით უსწრებს უცხოურ ანალოგებს და მნიშვნელოვნად აღემატება მათ ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 15 აგვისტოს საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმის, "არმია -2022"-ის და საერთაშორისო სამხედრო თამაშები 2022-ის გახსნაზე.
რუსეთის ლიდერი შეეხო ასევე უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" და აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები "ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასს."
24 თებერვლის ინტერვენციას მეზობელ უკრაინაში, რუსეთი უწოდებს „სპეცოპერაციას დონბასში“, რომელიც უკრაინის სეპარატისტული, რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების თხოვნით დაიწყო. მაგრამ პირველ დღესვე, რუსეთის არმია უკრაინის სიღრმეში შეიჭრა და დონბასს გარეთ არაერთ ქალაქზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზეც მიიტანა იერიში.
ასევე ნახეთ უკრაინის დაზვერვა ზაპოროჟიეს აეს-ის მახლობლად პროვოკაციებზე იტყობინებაუკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დაიღუპა რუსეთის 42 ათასი სამხედრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკანასკნელად 25 მარტს გააკეთა დანაკარგების შესახებ განცხადება. მაშინ მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ დაიღუპა 1351 სამხედრო და დაიჭრა 3825.
ივნისის დასაწყისში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ თებერვლის შემდეგ უკრაინამ 10 ათასამდე სამხედრო დაკარგა დაღუპულთა სახით.