EU პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში მელიაზე, გვარამიაზე, ჯაფარიძე-ხაზარაძესა და სააკაშვილზე საუბრობს

ფოტოკოლაჟი: ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში, ევროკავშირი საქართველოში პოლიტიკურად სენსიტიურ სასამართლო საქმეებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას; პარტია "ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის; "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიასა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

"პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას", - აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში წერია:

  • "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და 2021 წლის თებერვალში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე წინა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისმა დაკავებამ შემდგომი პოლარიზაცია გამოიწვია. 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, მისი გირაო ევროკავშირში დაფუძნებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციამ გადაიხადა";
  • "თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო თიბისი ბანკის დამფუძნებლები და პოლიტიკური პარტია ლელო 2022 წლის იანვარში; ბრალდება და პროცესი სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააპროტესტეს";
  • "2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ბ-ნ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა";
  • "ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორჯერ არის მსჯავრდებული და რომელსაც წინ კიდევ სამი სასამართლო პროცესი ელოდება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და დააპატიმრეს. 2021 წლის შემოდგომაზე, ბ-ნი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია..."

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შეფასების ანგარიშში, რომელსაც ევროკავშირი აქვეყნებს, წინგადადგმულ ნაბიჯებსა და უკუსვლაზეა საუბარი. დოკუმენტი 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე თითქმის ერთი თვით ადრე. სხდომა 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება.

ანგარიშში წერია, რომ მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს.

"თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის", - წერია ანგარიშში.

ასევე ნახეთ ევროკავშირის ანგარიში ასოცირების შეთანხმებაზე: საქართველოში 2021 წელს კანონის უზენაესობის უკუსვლა იყო