ხაბაროვსკის ოლქში დისლოცირებული რუსეთის არმიის ცალკეული მოტომსროლელი 64-ე ბრიგადიდან, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა საპატიო წოდება „გვარდიული“ მიანიჭა, უკრაინაში ბრძოლების შედეგად მწყობრში თითქმის აღარავინ დარჩა.
სოციალურ სივრცეში უფრო ადრე მიმოფანტულ ცნობებს 7 აგვისტოს სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ 64-ე ბრიგადის დახოცილი 44 ჯარისკაცისა და ოფიცრის სამგლოვიარო ფოტოსტენდიც დაემატა. რადიო თავისუფლებამ შეძლო მოეპოვებინა მათი უმრავლესობის დაღუპვის დამადასტურებელი ფაქტი და გასაუბრებოდა იმ ადამიანს, ვინც ფოტოსტენდს სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. იგი აღმოჩნდა სამხედრო ექიმი, ალექსეი ასტაშოვი, რომელიც ამტკიცებს, რომ სტენდზე გამოსახულია მცირე ნაწილი იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს დაიღუპნენ.
დამოუკიდებელი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა არ იჩქარებს ამ ბრიგადის დაშლას, რადგან ეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ჩადენილ იმ სამხედრო დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღების ირიბი დადასტურება იქნებოდა, რომელსაც სამუდამოდ დაუკავშირდა 64-ე ბრიგადის სახელი.
„საუბარია ასობით დაღუპულ ჯარისკაცზე“
სოციალურ ქსელში ფოტოსტენდის ფოტო ხაბაროვსკელმა სამხედრო ექიმმა, ალექსეი ასტაშოვმა გამოაქვეყნა. „ამ სტენდზე გამოსახულია ბრიგადის მთელი პირადი შემადგენლობის მხოლოდ 1/10 ნაწილი“, - წერდა სამხედრო ექიმი 7 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნებული პოსტში, რომელიც ერთი დღე-ღამის შემდეგ წაშალეს. მაგრამ დარჩა მისი ასლი. აქვე შეგიძლიათ ნახოთ მაქსიმალურად გადიდებული ფოტოსტენდიც.
რადიო თავისუფლებასთან მიმოწერაში ასტაშოვმა განმარტა, რომ ფოტო მან გადაიღო ხაბაროვსკიდან 20 კილომეტრით დაშორებულ სოფელ თავად ვოლკონსკიში მდებარე 51460-ე სამხედრო ნაწილის კლუბის ჰოლში. სწორედ ამ ნუმერაციით აღინიშნება ცალკეული მოტომსროლელი 64-ე ბრიგადა, რომლის პირადი შემადგენლობა, ასტაშოვის თქმით, ომის დაწყებამდე 1500 ჯარისკაცს ითვლიდა.
„სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა მთელი პირადი შემადგენლობა, გარდა გოგოების, შტაბის „წრუწუნების“ (ასე ეძახიან რუსეთის ჯარში თბილ ადგილას მომსახურე პერსონალს - რედ.) და ახალწვეულებისა. ანუ ოფიცერთა შემადგენლობისა და კონტრაქტიანი სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის იმ „ნახევრადვადიან“ მოსამსახურეთა 95%, რომლებმაც კონტრაქტებს ხელი უშუალოდ გამგზავრების წინ, ზეზეურად მოაწერეს. ბევრი მათგანი უკრაინაში მეზობელი ბელარუსიდან, პირდაპირ სამხედრო სწავლებიდან გადაისროლეს“, - მისწერა სამხედრო ექიმმა რადიო თავისუფლებას.
სამხედრო ნაწილის კლუბის ჰოლში გამოფენილ ფოტოსტენდზე, ასტაშოვის თქმით, მხოლოდ ის ჯარისკაცები და ოფიცრები მოხვდნენ, რომლებიც გამოჩენილი მამაცობისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ორდენებით.
ხოლო ბრიგადის დაღუპული პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობა, ასტაშოვის მტკიცებით, რამდენიმე ასეულს შეადგენს.
სამხედრო ანალიტიკოსი, მაიკლ კოფმანი, მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპულ თითოეულ რუს ჯარისკაცზე მოდის დაახლოებით 3,5 დაჭრილი. ამრიგად, 64-ე ბრიგადას უნდა დაეკარგა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი, დაახლოებით 600 ჯარისკაცი. ამას გარდა, კიდევ დაახლოებით 100-მა სამხედრომ, როგორც ასტაშოვი სწერს რადიო თავისუფლებას, უარი თქვა ომში წასვლაზე და გაწყვიტა კონტრაქტი.
ასევე ნახეთ ტრიბუნალი პუტინისთვის„იანვრის შემდეგ, რაც ჯერ ბელარუსში სამხედრო სწავლებაზე, მერე კი უკრაინაში გააგზავნეს, შვებულება არავისთვის არ მიუციათ. ფაქტობრივად როტაცია არ ჩატარებულა, მაშინ როცა რუსეთის გვარდიაში ეს სამი თვის თავზე ჩატარდა. სამსახურზე უარი თქვა დაახლოებით 100-მა ადამიანმა. არა პირველი მარცხის შემდეგ, არამედ მეთაურების მხრიდან მრავალი ტყუილის გამო. ბიჭები გადაიღალნენ ინტენსიური ბრძოლებითა და გადაადგილებებით, მრავალი მივლინებით გაურკვევლობის ფონზე“, - წერს ასტაშოვი ერთ-ერთ თავის ცნობაში.
8 აგვისტოს ქალაქ ბუჩის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ ჩატარებული სამაშველო-სამძებრო სამუშაოების შედეგი გამოაქვეყნა. 458 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქიდან 417 რუსმა სამხედროებმა დახოცეს. მათი უმრავლესობა ოჯახებით, საკუთარ მანქანებში ჩაცხრილული იპოვეს. დაღუპულთა შორის აღმოჩნდა 21 წლის ასაკის 12 ადამიანი.
დაფიქსირდა ადამიანების ქუჩებში, სარდაფებსა და სახლებში დახვრეტის მრავალი შემთხვევა. 19 ადამიანი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ალექსეი ასტაშოვს არ უნდა დაიჯეროს, რომ ამ მხეცობას ბუჩაში 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლები სჩადიოდნენ. ის აღნიშნავს, რომ ამ ქვედანაყოფთან ერთად „კიევის მიმართულებით მოძრაობდნენ“ სხვა დანაყოფები, რომლებიც „ბუჩაში შევიდნენ“. 64-ე ბრიგადა კი, ასტაშოვის თქმით, „იქ არ ყოფილა“. ამის შემდეგ ყოველგვარი მიზეზის დაუსახელებლად მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დაბლოკა და თავის გვერდზე წვდომა შეუზღუდა.
„ზოგიერთებს კი ნაწილ-ნაწილ აგროვებდნენ“
მაგრამ, როგორც უფრო ადრე რადიო თავისუფლებამ და სხვა საინფორმაციო საშუალებამ გაარკვია, 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ჯარისკაცები ბუჩაში ნამდვილად იმყოფებოდნენ.
მაგალითად, ზემოხსენებულ სტენდზე ანბანის მიხედვით პირველი ნახსენებია სერჟანტი ნიკიტა აკიმოვი, რომლის გამორჩეულ სისასტიკესაც უკრაინული გამოცემა Слiдство Iнфо-ს მიერ გამოკითხული ბუჩის მცხოვრებლები იხსენებდნენ. აკიმოვი ერთადერთია სტენდზე, რომელიც უკრაინის პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილია ომის წესებისა და კანონების დარღვევაში ბუჩის მოვლენების დროს. გარდა აკიმოვისა, ანალოგიური ბრალდება 64-ე ბრიგადის კიდევ 9 სამხედრო მოსამსახურეს აქვს წაყენებული.
ზემოხსენებულ სამგლოვიარო სტენდზე მოთავსებული 64-ე ბრიგადის 44 ჯარისკაცის ფოტოების ქვემოთ მითითებული დაღუპვის თარიღების მიხედვით ირკვევა, რომ მათი ნახევარი უკრაინაში თებერვალ-მარტში, ანუ მანამდე დაიღუპა, ვიდრე რუსეთის საოკუპაციო ჯარი ბუჩას და კიევის ოლქის სხვა ოკუპირებულ ქალაქებს დატოვებდა.
ამის შემდეგ 64-ე ბრიგადა გადაისროლეს ხარკოვის ოლქში, იზიუმის მიმართულებაზე, სადაც დანაყოფმა კვლავ განიცადა დანაკარგები.
სტენდზე მითითებული დაღუპვის თარიღების თანახმად, 25 აპრილს 64-ე ბრიგადის ერთბაშად 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამ დღეს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ჯარი შეეცადა „განეხორციელებინა შეტევითი ოპერაცია“ იზიუმ-ბარვენკოვისა და იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებებზე. მანამდე ერთი კვირით ადრე, 18 რიცხვში, 64-ე მოტომსროლელი გვარდიული ბრიგადის კიდევ ერთი ჯარისკაცი, ალექსანდრ როსტოვსკი დაიღუპა.
ღია პუბლიკაციებით, მათ შორის ოფიციალური წყაროების მიხედვით, რადიო თავისუფლებამ შეძლო დაედასტურებინა სტენდზე გამოსახული 44-დან 30 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ხუთ შემთხვევაში სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობებში პირდაპირ არის ნახსენები, რომ ისინი სამხედრო სამსახურს გადიოდნენ 64-ე ბრიგადაში, რამდენიმე შემთხვევაში კი, სამხედრო სამსახურის ადგილად უბრალოდ ნახსენებია „ხაბაროვსკში მდებარე მოტომსროლელი ჯარები“. სხვა მოტომსროლელი ბრიგადა ამ ქალაქსა და მის შემოგარენში არ არსებობს.
4 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გამოაქვეყნა „64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის პირადი შემადგენლობის სია“, რომელსაც ასეთი სიტყვები გასდევს: „გახსოვდეთ! უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის ყველა სამხედრო დამნაშავე წარდგება სასამართლოს წინაშე და პასუხისმგებლობა დაეკისრება“. ხოლო მთავარი სადაზვერვო უწყების მიერ გამოქვეყნებულ სიაში ის გვარებიცაა, რომლებიც დაღუპული ჯარისკაცების ფოტოსურათებიან სტენდზეც გვხვდება.
სოციალურ ქსელებში არსებობს სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენებით ჯარისკაცების დაჯილდოების ცერემონიის ამსახველი ფოტოებიც, რის გამოც ყველა ამ ადამიანის სურათი 64-ე ბრიგადის კლუბის სტენდზეც აღმოჩნდა. ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის, სერჟანტ ალექსეი პუშილოს, დაჯილდოების ცერემონიის ამსახველი სურათი სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“ ჯგუფმა Spassk Today-მ გამოაქვეყნა. სტენდზე გამოქვეყნებულ ცნობას თუ დავუჯერებთ, ის დაიღუპა 64-ე ბრიგადისათვის საბედისწერო დღეს, 25 აპრილს, როდესაც მოტომსროლელმა ბრიგადამ ერთბაშად 7 ჯარისკაცი დაკარგა.
სამგლოვიარო სტენდზე მოხვედრილი ზოგიერთი ჯარისკაცის სიკვდილს ადასტურებს ასევე ხაბაროვსკის სასაფლაოზე გადაღებული ფოტოებიც: ასე მაგალითად, სურათებზე კერძოდ შეიძლება დავინახოთ ეფრეიტორ ევგენი გორდიევსკისა და ედუარდ კაპლუნკოვის სასაფლაოებიც.
რუსეთის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ბუჩის გარდა კიევის ოლქის სხვა ქალაქებშიც შევიდნენ ბრძოლებით. მათ შორის, პრაქტიკულად მიწასთან გასწორებულ ქალაქ ბოროდიანკაში. სწორედ აქ დაიღუპა ბაიკალისპირელი ეფრეიტორი ვლადისლავ ვედერნიკოვი, როგორც ამას სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ ერთ-ერთი ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ.
„მან ხაბაროვსკში დაიწყო სწავლა, უკვე ამთავრებდა 11 კლასს, აბარებდა სესიებს, მაგრამ ამ დროს გამოაცხადეს, რომ ბელარუსში მიდიან. შემდეგ თხრიდნენ სანგრებს, ბოლოჯერ ჩერნობილიდან დარეკა, 23 თებერვალს ასეთი შინაარსის შეტყობინება გამოგზავნა: სხვა რაიონში გადავყავართ, ტელეფონებს ჩამოგვართმევენ, კავშირი არ იქნება, ნუ ღელავ, მიყვარხარ, გკოცნი. 3 მარტს მათი კოლონა ორი მხრიდან დაბომბეს, ბრძოლა 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ნამსხვრევი ფეხში მოხვდა. მისი სხეული მთელი მოიტანეს, ზოგიერთებს კი ნაწილ-ნაწილ აგროვებდნენ. დაიღუპა კიევის ოლქის სოფელ ბოროდიანკაში, დაჯილდოებულია მამაცობის ორდენით“, - ნათქვამია ვედერნიკოვის სიკვდილის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში. (ორთოგრაფია მოტანილია ორიგინალის მიხედვით).
„ეს ბუჩაზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს“
როგორც ერთ-ერთ თავის მოხსენებაში წერენ ბრიტანეთის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (Institute for the Study of War, ISW) ექსპერტები, კიევიდან უკან დახევის შემდეგ რუსეთის მრავალი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფიდან, „ერთი მუჭა ხალხის“ გარდა პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა 8 აპრილს განაცხადა, რომ ზოგიერთმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა პირადი შემადგენლობის ერთი მესამედი დაკარგა. ხოლო მათ ხელახლა დაკომპლექტებას წვევამდელებითა და სხვა სამხედრო ნაწილებიდან გადმობირებული მოსამსახურეებით, თვეები დასჭირდება.
დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი, იური ფიოდოროვი მიიჩნევს, რომ 64-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში, რომელიც ერთ მოტომსროლელ და ერთ სატანკო ბატალიონს აერთიანებდა, ომამდე შესაძლოა 2500 ჯარისკაციც კი ყოფილიყო.
„64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა მდებარეობს შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, სადაც ბევრი სამხედრო ნაწილი ძლიერ სუსტი და დაუკომპლექტებელი იყო. ხშირად ისინი განახევრებულია: მაგალითად, არსებობს პირადი შემადგენლობით რამდენიმე მეტ-ნაკლებად კარგად დაკომპლექტებული ბატალიონი, დანარჩენებში კი რამდენიმე ოფიცერი და პრაპორშჩიკია. როცა ასეთი დანაყოფები იღებენ დამატებით პირად შემადგენლობას, მათი ხელმძღვანელობა ვალდებულია, რომ მიიღოს ის, ასწავლოს, ჩაუდგეს სათავეში და მასთან ერთად ომში წავიდეს. ამგვარად, 64-ე ბრიგადის რიცხოვნობა შეიძლებოდა 2,5 ათასიდან - 2,7ათასამდე ყოფილიყო“.
თუ ბრიგადის დანაკარგები (მოკლულები, დაჭრილები და ე.წ ოტკაზნიკები, ვინც ომში წასვლაზე უარს ამბობს - რედ.) ნამდვილად მიუახლოვდება 1000 ადამიანს, მაშინ სარდლობას შეუძლია დანაყოფის დაშლა. მაგრამ არა 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის შემთხვევაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპატიო წოდება „გვარდიული“ მიანიჭა ომის დანაშაულების თაობაზე ამ ნაწილის მიმართ გამოთქმული ბრალდებების მიუხედავად.
„ეს არის საერთო ჩვეულებრივი პრაქტიკა: თუ დანაყოფები ძლიერ დაზარალდა, მაშინ ამა თუ იმ ნაწილის დარჩენილი ნაწილებისგან იქმნება ახალი შერეული ბრიგადა. იმისათვის, რომ ბრძოლისთვის იყოს მზად, ასეთმა ბრიგადებმა უნდა გაიარონ საბრძოლო ჩამოყალიბების პროცესი, ოცეულისა და ასეულის მეთაურებმა უნდა გაიცნონ ერთმანეთი, ააწყონ ურთიერთქმედების არხები, რასაც მინიმუმ რამდენიმე თვე ესაჭიროება. მაგრამ 64-ე ბრიგადა დაჯილდოვდა „გვარდიულის“ წოდებით, რის გამოც მას ნამდვილად არ დაშლიან. მისი დაშლა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას ამ ბრიგადის მიერ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულზე. ამიტომ ბრიგადის დარჩენილ ოფიცერთა შემადგენლობას გაუგზავნიან ახალ ვადიან მოსამსახურეებსა და კონტრაქტის დაქირავებულ მებრძოლებს. ბრიგადის შემადგენლობაში შეიძლება ასევე შეიყვანონ სხვა დაშლილი ბრიგადიდან გადმოყვანილი ბატალიონი და რამდენიმე ასეული“, - ამბობს იური ფიოდოროვი.
საგამოძიებო ჯგუფის Conflict Intelligence Team (CIT) ანალიტიკოსებმა 64-ე ბრიგადის გარშემო ვითარების კომენტირებისას რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბრიგადას სამხედრო სარდლობა ნომინალურად შეინარჩუნებს, მაგრამ ფრონტზე დარჩენილი მისი პირადი შემადგენლობის ნარჩენებს, დიდი ალბათობით, სხვა ქვედანაყოფს გადასცემენ.
საერთო ჯამში, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა მოკლულისა და დაჭრილის სახით 70-80 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, - განაცხადა 9 აგვისტოს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კოლინ კალმა. ივლისის ბოლოს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა შეაფასა რუსეთის დანაკარგები უკრაინასთან ომში. მისი თქმით, ომში დაიღუპა 15,000 რუსი სამხედრო, ხოლო დაახლოებით 45,000 - დაიჭრა. ბერნსის თქმით, უკრაინის არმიის დანაკარგები „სავარაუდოდ ცოტათი ნაკლებია“, მაგრამ ეს დანაკარგები მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვისო, - დასძინა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 25 მარტს გამოაქვეყნა მონაცემები დანაკარგების შესახებ. რუსეთის თანახმად, უკრაინასთან შეიარაღებულ კონფლიქტში დაიღუპა 1,351 და დაიჭრა 3,825 რუსი სამხედრო მოსამსახურე.