რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ დაძაბულ ვითარებას ტელეგრამის არხზე ეხმაურება. ის დასავლეთის ქვეყნებსა და უკრაინას „მეორე ჩერნობილის“ მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს და ევროკავშირის ქვეყნებს მათ ტერიტორიაზე არსებულ ელექტროსადგურებზე მიანიშნებს, სადაც, მისი განმარტებით, ასევე შესაძლებელია შემთხვევითობები.
„კიეველი არამზადები და მათი დასავლელი მფარველები, როგორ ჩანს, ახალი ჩერნობილის მოსაწყობად არიან მზად. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს და რადიოაქტიური იზოტოპების საცავებს.
ამბობენ, ამას რუსეთი [შვება], მაგრამ ეს, ცხადია, 100%-იანი სისულელეა, თუნდაც სულელი რუსოფობიური საზოგადოებისთვისაც. გაეროსაც კი არ სჯერა. ამბობენ, თითქოს, შემთხვევით ხდება, ვითომდაც, არ სურდათ. რა უნდა თქვა... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური სადგურები და შემთხვევითობები მანდაც შესაძლებელია“, - წერს მედვედევი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 11 აგვისტოს თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან პლანეტის ღია ბირთვულ შანტაჟზე გადავიდა და აუცილებელია მათი იქიდან დაუყოვნებლივ გამოდევნა, ევროპის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსების განდევნა უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასსადგურის მიმართ გახსნილი ცეცხლის საკითხი განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება მოითხოვა, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.
ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამჟამად რუსული ძალების კონტროლს ექვემდებარება.