უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან პლანეტის ღია ბირთვულ შანტაჟზე გადავიდა და აუცილებელია მათი იქიდან დაუყოვნებლივ გამოდევნა, ევროპის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„რაც ახლა ხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, ეს ტერორისტი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმსხვილესი დანაშაულია. დღეს დააფიქსირეს სადგურის ტერიტორიაზე, ატომური ელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს, რუსული ჭურვების ვარდნა. რუსეთი კიდევ ერთხელ დაეშვა მსოფლიო ტერორიზმის ისტორიის ფსკერზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, კაცობრიობის ისტორიაში არცერთ სახელმწიფოს ასე ღიად არ გამოუყენებია ატომური სადგური მთელი მსოფლიოსთვის მუქარისა და ულტიმატუმების წასაყენებლად.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიის ნაწილების ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან განდევნა, მხოლოდ უკრაინის საჭიროება კი არა, გლობალური ინტერესია.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან მხოლოდ რუსების სრულად გასვლა და იქ სადგურის გარშემო სიტუაციაზე უკრაინის სრულყოფილი კონტროლის აღდგენა, იძლევა მთელი ევროპის ბირთვული უსაფრთხოების აღდგენის გარანტიას“, - თქვა ზელენსკიმ.
ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს ბრალი 11 აგვისტოს კიდევ ერთხელ დასდეს.
სადგურის მიმართ გახსნილი ცეცხლის საკითხი განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება მოითხოვა.
რუსეთი ამგვარი ზონის შექმნას ეწინააღმდეგება. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს იცავს, მათ შორის შესაძლო ტერაქტებისგანაც.
ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამჟამად რუსული ძალების კონტროლს ექვემდებარება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 11 აგვისტოს მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.
გასულ კვირაში, უკრაინული სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, თავდასხმის გამო ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.
ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.