ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

ხელოვნების მუზეუმის შენობა

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება. ვაჩნაძე, რომლის სასამართლო გადაწყვეტილებაც 8 აგვისტოს გამოცხადდა, ერთ-ერთია იმ 70-მდე პირიდან, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან გაათავისუფლეს.

ასევე ნახეთ ეროვნული მუზეუმიდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს - მიზეზი რეორგანიზაციაა

"სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა", - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

ასევე ნახეთ ხელოვნების მუზეუმიდან "რეორგანიზაციის" დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი გაათავისუფლეს

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ეროვნული მუზეუმი ვალდებულია დიანა ვაჩნაძეს გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განაცდური ხელფასის ოდენობა გადაუხადოს. "სოციალური სამართლიანობის ცენტრში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სასამართლომ არ მიიღო ვაჩნაძის აღდგენის გადაწყვეტილება, რადგან უწყებაში დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად მისი აღდგენისთვის საჭირო შესაბამისი თანამდებობა აღარ არსებობდა.

ასევე ნახეთ ვინ როგორ გამოიყენა მითი “გამოშიგნულ მუზეუმზე”

"მასობრივი გათავისუფლებებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის, რომელთაც უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო", - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

ასევე ნახეთ რა არის ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ფუნქცია - მართვა თუ დაშლა

მათივე განმარტებით, დინარა ვაჩნაძე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით "ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა".

რადიო თავისუფლებას კულტურის სამინისტროში უთხრეს, რომ ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმია მოპასუხე. მათი პასუხი მასალაში აისახება.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეორგანიზაცია 2021 წლის 6 დეკემბერს დაიწყო და ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებით დასრულდა. ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ, რომ რეორგანიზაციის წინ მათ ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ ინფორმირებული იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში 175-დან 146-მდე შემცირდა საშტატო პოზიციები. მათ, ვინც სამსახურიდან არ გაათავისუფლეს, ხელფასები გაეზრდებათ. ახალი საშტატო განრიგის მიხედვით:

  • ლაბორანტისა და უფროსი ლაბორანტის არსებული 500 და 520-ლარიანი პოზიციების ნაცვლად, შეიქმნა ასისტენტის 650-ლარიანი პოზიცია;
  • ასისტენტის არსებული 460-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ასისტენტის 650-ლარიანი პოზიცია;
  • უფროსი ასისტენტის არსებული 580-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა უფროსი ასისტენტის 750-ლარიანი პოზიცია;
  • ასისტენტ-კურატორის არსებული 620-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა კურატორის მოადგილის 800-ლარიანი პოზიცია;
  • კურატორისა და უფროსი კურატორის 700 და 820-ლარიანი პოზიციების ნაცვლად, დამტკიცდა კურატორის 850-ლარიანი პოზიცია;
  • სარესტავრაციო განყოფილების რესტავრატორის არსებული 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა რესტავრატორის 800-ლარიანი პოზიცია;
  • სარესტავრაციო განყოფილების ასისტენტ-კონსერვატორის არსებული 620-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ასისტენტ-კონსერვატორის 700-ლარიანი პოზიცია;
  • საგამოფენო განყოფილებაში ზედამხედველის არსებული 500-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ზედამხედველის 550-ლარიანი პოზიცია;
  • საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის კურატორის 550-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის კურატორის 700-ლარიანი პოზიცია;
  • საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის უფროსი კურატორის 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის უფროსი კურატორის 800-ლარიანი პოზიცია;
  • საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის მთავარი კურატორის 820-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის მთავარი კურატორის 950-ლარიანი პოზიცია;
  • სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილებაში არსებული მეცნიერ-თანამშრომლის 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა მეცნიერ-თანამშრომლის 800-ლარიანი პოზიცია.