კელი დეგნანი: შეერთებული შტატები ვერ იტყვის ივანიშვილზე არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "ფორმულასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არ გასცა პირდაპირი პასუხი კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და თქვა, რომ ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს.

"შეერთებული შტატები ვერ იტყვის მასზე ან ვინმე სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიჰყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე, არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც ეს კანონი უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც ებრძვიან მსგავს გამოწვევას. თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად", - ასე უპასუხა კელი დეგნანმა ჟურნალისტ სოფო ზურაბიანის კითხვას ივანიშვილის შესახებ. ამავე ინტერვიუში ელჩმა თქვა, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის მარტში გამართულ შეხვედრაზე, არ ყოფილა საუბარი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის სანქცირებაზე ან ფინანსურ გარიგებაზე, რაც შეიძლება მას მიეჩნია შანტაჟად ან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობად.

ასევე ნახეთ კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებსა და სანქციებზე

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 მოთხოვნას შორის, რომლებსაც საქართველოს ევროკავშირი უყენებს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონი არ აქვს. პარლამენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი "ქართული ოცნებიდან."

ასევე ნახეთ “დებიძინიზაცია” - უახლოვდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?