კონსტანტინ ტულინოვი, რომლის "გმირობას" მიუძღვნა მისი გადაცემა "ბესაგონ-ტვ" კრემლის ფავორიტმა რეჟისორმა, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა უკრაინის ომში მოხალისედ წასვლის სანაცვლოდ. მიხალკოვის გადაცემით რუსეთმა პირველად აღიარა, რომ უკრაინაში საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად შეიარაღებული ძალებში პატიმრებს ქირაობს.
ივლისის დასაწყისში, საგამოძიებო პროექტი „ვაჟნიე ისტორიი“ იტყობინებოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიწყო პეტერბურგის კოლონიის მსაჯვრდებულთა გადაბირება. საპატიმროდან გასათავისუფლებლად მათ ხელი უნდა მოეწერათ კონტრაქტისთვის და უკრაინაში საომრად წასულიყვნენ.
ჯარისკაცად ქცეული პატიმრის ბიოგრაფიაზე საუბრის დროს მიხალკოვს არ უხსენებია ტულინოვის, მეტსახელად "რიჟის" (წითური) ციხეში ყოფნის ის პერიოდი, როდესაც ის პეტერბურგის ცნობილ იზოლატორ „კრესტებში“ პატიმრებს აწამებდა ციხის ე.წ. „აქტივის“ სხვა წევრებთან ერთად .
ციხის მწამებლის გზა „კრესტებიდან“ ფრონტის ხაზამდე
საავტორო გადაცემა „ბესაგონის“ ბოლო გამოშვებაში კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა ვრცლად ისაუბრა კონსტანტინ ტულინოვის „რთულ გზაზე“. 16 წლის ასაკში მას პირველად მიუსაჯეს პატიმრობა პირობითი ვადით, მალე ამას მოჰყვა მკვლელობის მცდელობის მიზნით მოწყობილი თავდასხმა, „ძარცვა, ნარკოტიკები და მრავალი პატიმრობა“.
გაზაფხულზე კი, რეჟისორის სიტყვებით, ტულინოვმა „შუამდგომლობა დაწერა ფრონტზე გაგზავნის თხოვნით“, მოხალისედ წავიდა საომრად უკრაინაში, სადაც 14 ივლისს დაიღუპა. „ბესაგონში“ ნაჩვენებ ვიდეოში ტულინოვის „თანამებრძოლი“ ამტკიცებს, რომ მან თავი აიფეთქა და სამი უკრაინელი ჯარისკაციც ააფეთქა, რათა მის სხვა თანამებრძოლებს უსაფრთხოდ უკანდახევის შესაძლებლობა მისცემოდათ.
ამას მერე მოჰყვება ნიკიტა მიხალკოვის გრძელი მონოლოგი, რომელშიც კრემლთან დაახლოებული რეჟისორი ამტკიცებს, რომ კონსტანტინ ტულინოვმა თავის გასწირა იმისთვის, რომ გამოესყიდა მისი განვლილი ცხოვრება. ამ საქციელისთვის, მიხალკოვის სიტყვებით, სახელმწიფომ დაღუპული ყოფილი პატიმარი სიკვდილის შემდგომ შეიწყალა და გაუთანაბრა საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ მებრძოლებს, რომელთა ოჯახებს სახელმწიფოსგან შეღავათები და ფულადი შემწეობა ენიშნებათ.
კიდევ ერთი დეტალი - მიხალკოვის თანახმად, წინა სასჯელისთვის ტულინოვს საპატიმრო 2023 წელს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ის არ დაელოდა ვადაზე გათავისუფლებას და ბრძოლის ველზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა.
უფლებადამცველ პროექტ Gulagu.net-ის დამფუძნებელი, ვლადიმირ ოსეჩკინი, ამტკიცებს, რომ კონსტანტინ ტულინოვი პეტერბურგის ცნობილ საგამოძიებო იზოლატორ „კრესტებში“ შექმნილი იმ „აქტივის“ წევრი იყო, რომელიც პატიმრებს აწამებდა. პეტერბურგის ინტერნეტგაზეთ „ფონტანკის“ თანახმად, ტულინოვი, რომლის მეტსახელი იყო „რიჟი“, ამ აქტივში „ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა“.
2019 წელს ოსეჩკინმა „კრესტებში“ პატიმრების ცემის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. უფლებადამცველის თანახმად, პატიმრებს, რომლებიც ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ, შეღავათიან პირობებს უქმნიდნენ. კერძოდ, აძლევდნენ მობილური ტელეფონებით სარგებლობისა და ოჯახებიდან მიღებული კერძების ჭამის უფლებას. ოსეჩკინმა ასევე გამოაქვეყნა იმ პრივილეგირებული პატიმრების სურათები, რომელზეც ჩანს, რომ მათ აცვიათ მაისურები წარწერით „სასჯელაღსრულებითი დაწესებულების აქტივი ერთიანია“. აქ გარკვეული სიტყვათა თამაშიცაა, რადგან რუსული აბრევიატურით АУЕ ("арестантский уклад един" – „პატიმართა წესი ერთია“) ასევე ნიშნავს მოძრაობას, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულად არის მიჩნეული.
ასეთსავე მაისურში პოზირებს მიხალკოვის მიერ გმირად შერაცხილი კონსტანტინ ტულინოვიც. ამ ფოტოზე ახალგაზრდა კაცს მკერდზე აქვს იზოლატორ „კრესტების“ გამოსახულებიანი ტატუ, რომელიც საავტორო გადაცემა „ბესაგონის“ სიუჟეტის ერთ-ერთ ფოტოზეც ფიგურირებს.
2021 წლის მაისში, სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ ტულინოვსა და მის ორ თანამზრახველს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა საგამოძიებო იზოლატორის პატიმრის ცემის, ამ ცემის ამსახველი ვიდეოს გადაღებისა და გამოძალვის ბრალდებით. შესაბამისად, ტულინოვს საპატიმრო უნდა დაეტოვებინა სულ მცირე 2035 წელს და არა 2023-ში, როგორც ამას კრემლის პროპაგანდისტი ნიკიტა მიხალკოვი ამტკიცებს.
„ნებაყოფლობით საფუძველზე“ მობილიზებული პატიმრები
გარდა ამისა, ცნობილმა რეჟისორმა დაადასტურა დამოუკიდებელი წყაროებით გავრცელებული ცნობები, რასაც რუსეთის ხელისუფლება დღემდე მალავს. კერძოდ, „ნებაყოფლობით საფუძველზე“ პატიმრების მობილიზება უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომში, სადაც რუსეთის არმია 24 თებერვლის შემდეგ პირადი შემადგენლობის დიდ დანაკლისს განიცდის.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ცნობით ომის დაწყებიდან დღემდე 38 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული
საგამოძიებო პროექტ „ვაჟნიე ისტორიის“ ცნობით, 6 ივლისის ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე გადასროლის მიზნით, „იაბლონევკის“ გამოსასწორებელი კოლონიის (ИК-7) 40-მდე პატიმარი მოხალისეებად გადაიყვანეს როსტოვის რეგიონში. კიდევ 11 მსჯავრდებული, ამავე პროექტის მტკიცებით, ობუხოვოს კოლონიაში გადაიბირეს. სავარაუდოდ, ექვსი თვის განმავლობაში პატიმრებს დაჰპირდნენ ამნისტიას და 200 ათას რუბლ ხელფასს. მათი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახებს 5 მილიონი რუბლის კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ.
იმავე წყაროს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს პეტერბურგის „იაბლონევკის“ გამოსასწორებელი კოლონიიდან გათავისუფლებული სამი მსჯავრდებული დაიღუპა, კიდევ ორი დაჭრილი ლუგანსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.
გამოცემის ცნობით, სამედიცინო დოკუმენტებში არ არის მითითებული დაქირავებული პატიმრების ნამდვილი სახელები, არამედ ფსევდონიმები - მეტსახელები ან ამომცნობი სახმისები.
„თუ დაჭრილი საავადმყოფოში თავისი ნამდვილი სახელით არ შესულა, როგორც ჩანს, გარდაცვლილსაც ასევე მეტსახელით დაკრძალავენ. შესაბამისად, იბადება კითხვა, თუ როგორ შეძლებენ გარდაცვლილის ნათესავები ფულის მიღებას. მაგალითად, თუ შესაძლებელია ივან ივანოვთან ნათესაობის დამტკიცება, მაშინ როგორ უნდა დადასტურდეს რომელიმე „ადუვანჩიკთან“ ნათესაობა? სავარაუდოდ, მისი ნათესავები ვერ მიიღებენ ომში დაღუპული ჯარისკაცისთვის განსაზღვრულ თანხას“, - უთხრა ადვოკატმა ლეონიდ კრიკუნმა „ვაჟნიე ისტორიის“.
პეტერბურგის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისია უარყოფს უკრაინაში გასამგზავრებლად ადგილობრივი კოლონიებიდან პატიმრების მობილიზაციას. კომისიის პეტერბურგის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ ხოლოდოვმა სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მსჯავრდებულთა „დაუგეგმავი“ ეტაპირება არ მომხდარა. მან საგამოძიებო პროექტ „ვაჟნიე ისტორიის“ მასალას მაშინ „ფანტაზია“ უწოდა.