უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბმა 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში განცდილი დანაკარგების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტატისტიკას საორიენტაციო ხასიათი აქვს და ის შეიძლება ზუსტი არ იყოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით ყველაზე დიდი დანაკარგი რუსეთის არმიამ ბოლო დღეებში, ბახმუტის მიმართულებით განიცადა.
სულ კი, გენშტაბის ცნობით რუსეთმა 24 თებერვლიდან 17 ივლისამდე 38 300 რუსი ჯარისკაცი დაკარგა. ამას გარდა, მათი მტკიცებით, განადგურებულია 1684 ტანკი, 3879 ჯავშანტექნიკა, 846 საარტილერიო სისტემა, 248 ზალპური სარაკეტო სისტემა, 110 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 688 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 166 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2746 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 68 ერთეული სპეცტექნიკა.
რუსეთის მხარე თავისი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 25 მარტს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკრაინაში 1 351 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.