გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა დაადასტურა, რომ ივლისის ბოლოს, მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. გერმანულ გამოცემა Stern-თან და ტელეარხ RTL/ntv-სთან ინტერვიუში შრიოდერმა კარგი ამბავი უწოდა იმას, რომ კრემლს სურს უკრაინასთან კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრა.
გერმანიის ყოფილი კანცლერი პირველ წარმატებად აფასებს უკრაინიდან ხორბლის გასატანად მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა, თანდათან გაფართოვდეს საზავო შეთანხმებამდე. შრიოდერმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომის დაწყებას შეცდომად მიიჩნევს, ყირიმს კი - რუსეთის რეგიონად.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობას, შრიოდერმა მეგობრობის შეწყვეტა გამორიცხა და თქვა, რომ პუტინისგან მისი დისტანცირება არავის არაფერს მოუტანს.
ასევე ნახეთ გერმანიის ყოფილი კანცლერი მოსკოვში ჩავიდა და „როსნეფტის“ ოფისთან დასახლდაგერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998-2005 წლებში. 2017 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა რუსული ნავთობკომპანიის, "როსნეფტ"-ის დირექტორთა საბჭოს. ეს თანამდებობა შრიოდერმა 2022 წლის მაისში, პრაქტიკულად, იძულებით დატოვა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ ამოქმედებული სანქციები პირადად მასაც შეეხებოდა.