ასეთი დისკუსია იყო 2015 წელს, ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობისას და 2017 წელსაც, როდესაც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეზობელი ქვეყნებიდან დაგვჭირდა ვერტმფრენების ჩამოყვანა.
მფრინავების, მაშველებისა და სასწრაფოს ეკიპაჟის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში შინაგან საქმეთა მინისტრმა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა. მედიას აინტერესებდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო ახალი სამაშველო ვერტმფრენების შეძენას. ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ ის თქვა, რომ მძიმეა გამოცდილი თანამშრომლების დაკარგვა და სახელმწიფო შეეცდება გარდაცვლილების ოჯახებს ტკივილი შეუმსუბუქოს.
სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ არც მას და არც ხელისუფლების რომელიმე სხვა წარმომადგენელს არაფერი უთქვამს სამაშველო სამსახურის გაძლიერების ან ახალი ვერტმფრენების შეძენის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური საზოგადოებას არწმუნებს, რომ ის ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა განიცადა და სხვებიც, რომლებსაც სამაშველო ოპერაციებში იყენებს, ტექნიკურად გამართულია.
ასევე ნახეთ შსს გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენსა და ეკიპაჟის წევრებზე ინფორმაციას ავრცელებსრამდენი ვერტმფრენი ჰყავს სახელმწიფოს სამაშველო ოპერაციებისთვის?
ვერტმფრენების საჭირო რაოდენობის შესახებ კითხვა საზოგადოებაში ყოველი სტიქიური უბედურების დროს ჩნდება. 2015 წელს, როდესაც ვერეს ხეობაში წყალდიდობას 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - სახელმწიფოს სტიქიის ღამეს ვერტმფრენები არ გამოუყენებია. 2017 წელს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანიდან და თურქეთისგან ჩამოყვანილი ვერტმფრენები ეხმარებოდნენ. ამ დროს კატასტროფა განიცადა სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა ვერტმფრენმა - მდინარეში მაშინ MИ-8-ს ჩავარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თავად შვეულმფრენის აღდგენა კი ვეღარ მოხერხდა. 2020 წლის აგვისტოში შატილის გზაზე ხევში მიკროავტობუსი გადავარდა 20 მგზავრით - ვერტმფრენი არც მაშინ ყოფილა გამოყენებული და მაშველებს და სასწრაფოს ექიმებს რამდენიმე საათი დასჭირდათ შემთხვევის ადგილამდე ავტომობილებით მისასვლელად და მხოლოდ იმ სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, რომლებიც ექიმებს ცოცხლები დახვდათ. ადგილობრივები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე მივიდნენ და დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ, ამბობდნენ, რომ დროული სამედიცინო დახმარების შემთხვევაში მეტი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.
სამაშველო სამსახურს საკუთარი ვერტმფრენი არ ჰყავს და საგანგებო მდგომარეობების დროს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებს იყენებს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასაზღვრო პოლიციას 12 შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჰყავდა. უწყებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მითითებული არ აქვს ამ საფრენი მოწყობილობების დასახელებები. უცნობია ისიც, ამ 12 შვეულმფრენიდან რამდენია გამართული.
ღია წყაროების მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ავიაცია ახლა ფლობს:
- ორი MИ-8 ტიპის შვეულმფრენს (2014 წელს სასაზღვრო პოლიცია ამ ტიპის 4 ვერტმფრენს ფლობდა. ერთი ბორჯომის ტყის ხანძრების ჩაქრობისას ჩამოვარდა, მეორე კი გუდაურის ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. დარჩენილი ორიდან ერთი თითქმის მუდმივად დგას ქუთაისის აეროპორტში)
- ერთ MИ-2 ტიპის შვეულმფრენს
- ერთ АН-28 ტიპის თვითმფრინავს
- ფრანგული "Airbus Helicopters"-ის წარმოების AS-350B3e ტიპის ვერტმფრენს
- ერთ სუპერ პუმას - AS332L1e, რომელიც 2018 წლის ივლისში საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ანდარაზართან, მიუვალ ადგილზე ჩამოვარდა და რომელიც, შსს-ს განცხადებით, "დასაწყობებულია ავიაციის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზაზე"
- ორ „ან-28“ ტიპის თვითმფრინავს
ამ საჰაერო ხომალდებიდან ძირითადად MИ-8 ტიპის შვეულმფრენებს იყენებს სასაზღვრო ავიაცია საზღვრის კონტროლის, მესაზღვრეების ტრანსპორტირებისა და მომარაგებისას. იმავე ვერტმფრენებს იყენებენ ხანძრების ჩაქრობისას, წყალდიდობებისას ან სხვა სტიქიური უბედურებების ზონებიდან მოსახლეობის გამოსაყვანად. MИ-8-ით ეხმარებიან მაღალმთიან, ძნელად მისადგომ რეგიონებში მცხოვრებლებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და აუცილებელი ყოფითი პრობლემების მოგვარებისას. ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულად დაფრინავს თუშეთში.
“საგანგებო სიტუაციების სამსახურს უნდა ჰყავდეს საკუთარი, სპეციალიზებული, თანამედროვე ვერტმფრენები. საქართველო რთული რელიეფის ქვეყანაა და სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ვერტმფრენი უნდა გვყავდეს: სამაშველოც, სამაშველო-სამედიცინო, სახანძრო. ორნაირი ვერტმფრენიც რომ შეიძინოს ამათგან სახელმწიფომ დასაწყისში, ეგეც კარგი იქნება. თანამედროვე ვერტმფრენებს უკვე ისეთი ნავიგაცია აქვს, რომ საშიშ ადგილებში შეიძლება არც შეგიშვას. უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, მაგრამ ასეთი ტექნიკით მინიმუმამდე დავა ამის ალბათობა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ გიორგაძემ. მან ეს პოსტი 2014 წელს საკუთარი ნებით დატოვა. ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ სანამ სამსახურიდან წამოვიდოდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფიქრობდა პოლონეთისგან ორი ნახმარი შვეულმფრენი შეეძინა. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი პირადადაც ჩავიდა პოლონეთში შვეულმფრენების სანახავად. საბოლოოდ ეს გარიგება საქართველოსა და პოლონეთს შორის აღარ შედგა და სამაშველო სამსახური ისევ სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენების იმედად დარჩა.
მხოლოდ 2020 წელს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა 21-ჯერ მიიღეს მონაწილეობა ადამიანების გადასარჩენად დაგეგმილ ოპერაციებში, იფრინეს 67 საათი, ხანძრების ჩასაქრობად კი 24 დავალება შეასრულეს და 218 საათზე მეტი იფრინეს. ყველა ამ დავალებას ძირითადად MИ-8 ტიპის შვეულმფრენებით ასრულებდნენ. ამავე ვერტმფრენით დაფრინავს ხელისუფლებაც ქვეყნის შიგნით ვიზიტებისას - MИ-8-თი ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ენგურის ხიდთან, საოკუპაციო ხაზთან 2021 წელს საქართველოში ვიზიტისას. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ნაყიდ სუპერ პუმას ხელისუფლება სამთავრობო დელეგაციების რეისებისთვისაც კი არ იყენებს, იმის მიუხედავად, რომ ერთი მათგანის სალონი სპეციალურად მაღალი დონის სტუმრების გადასაყვანადაა მოწყობილი.
იმის საილუსტრაციოდ, რამდენად მცირეა საქართველოსთვის ერთი ტიპის რამდენიმე ერთეული ვერტმფრენი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ტიპის დავალებას ასრულებს, შეგვიძლია ვნახოთ შვეიცარიის სამაშველო სამსახურის, Rega-ს აღჭურვილობა. ეს სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა სამთო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მთელ მსოფლიოში - მისი ავიაფლოტი რამდენიმე ტიპის 20 შვეულმფრენსა და სამ თვითმფრინავს ფლობს. ავიაციას სამძებრო სამუშაოებისას დახმარებას დრონებიც უწევენ - Rega-ს შვეიცარიაში 14 საავიაციო ბაზა აქვს და უბედური შემთხვევისას 15 წუთში შეუძლია დანიშნულების ადგილას ყოფნა სამაშველო ჯგუფს.
ასევე ნახეთ რა შეგვიძლია ვთქვათ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებზე - ინტერვიუ მფრინავთანრატომ არ ჰყავს ქვეყანას საკმარისი სამაშველო ვერტმფრენები
“სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება სასაზღვრო პოლიციის როტაციას. მაგალითად: თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, საგანგებო სიტუაციებში მართვას, როდესაც ადამიანი ზიანდება მთაში, ზამთრის პერიოდში. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება 4, რა თქმა უნდა, გამართული და არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენი”, - თქვა 2019 წლის მაისში პარლამენტში ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი ამ პოსტზე ყოფნის დროს სახელმწიფოს ვერტმფრენები არ განუახლებია.
“სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის ორი ახალი შვეულმფრენის შეძენა”, - ამას უკვე მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს 2021 წლის 2 აგვისტოს. სასაზღვრო პოლიციას ახალი შვეულმფრენები ისევ არ უყიდია, თუმცა სახელმწიფო შესყიდვებიდან ჩანს, რომ 2019 წლის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე ვერტმფრენი, მათ შორის ის MИ-8, რომელიც გუდაურის სიახლოვეს ჩამოვარდა, შეკეთდა.
სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი და მფრინავი, შამილ ქორთოშიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მხოლოდ სასაზღვრო ამოცანების შესასრულებლად საქართველოს სამი შვეულმფრენიც შეიძლება ეყოს, მაგრამ როცა ერთი და იგივე ტექნიკა გამოიყენება საზღვრების დაცვისთვისაც, სამაშველო ოპერაციებისასაც და მთავრობის წევრების ტრანსპორტირებისთვისაც, რაოდენობაც მეტია საჭირო. 29 ივლისს, როცა სასაზღვრო პოლიციის ერთი MИ-8 გუდაურში სამაშველო ოპერაციაზე მიამაგრეს, მეორე ასეთივე ვერტმფრენით პრემიერ-მინისტრი მესტიაში “სვანეთობაზე” ჩაფრინდა.
“როცა ხანძარი ან რაიმე სხვა ტიპის სტიქიაა, ერთდროულად არის ხოლმე საჭირო რამდენიმე შვეულმფრენი. ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, მე რაც ვიცი, სასაზღვრო პოლიციას ახლა სულ 5 შვეულმფრენი ჰყავს გამართულ მდგომარეობაში, მათ შორისაა MИ-8-ებიც. ჩემ დროსაც [შამილ ქორთოშიძე 1999 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა სასაზღვრო ავიაციას. რ.თ] სამი ცალი შვეულმფრენი გვყავდა, მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია შეუერთდა თავდაცვის სამინისტროს ავიაციას, მერე ისევ ცალკე გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია და თავდაცვის რამდენიმე შვეულმფრენიც გადაეცა”, - გვითხრა მფრინავმა შამილ ქორთოშიძემ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ღია და გამჭვირვალე და არ ამბობს, რამდენი ვერტმფრენი როგორ მდგომარეობაში ყავს სახელმწიფოს და ეს აიხსნება უსაფრთხოების მიზნებით. ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენები გადადის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ერთვება სამხედრო ოპერაციებში, შესაბამისად, მათი რაოდენობა შეიძლება ამ არგუმენტით არ ვიცოდეთ.
დოკუმენტებზე დაყრდნობით [შეგვიძლია ვთქვათ რომ] სამი ვერტმფრენია, რომელიც არის მუშა მდგომარეობაში. სამივეს 2014 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და შემდეგ, პერიოდულად უტარდება განახლება და იცვლება რაღაც ნაწილები. იმ ბორტს, რომელიც ჩამოვარდა, დოკუმენტების მიხედვით, სლოვაკეთში განუახლეს ნაწილები და უნდა ყოფილიყო გამართული. ასევე გამართული იყო ბორტი ნომერი 10006, რომელსაც იმ დღეს პრემიერის დელეგაცია ჰყავდა სვანეთში წაყვანილი. ეს ვერტმფრენები 1992 წლიდან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე და, შესაბამისად, მოძველებულია, მაგრამ სხვა ფიზიკურად არ გვყავს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბესიკ დონაძემ, „ევროპული“ საქართველოს წევრმა. დოკუმენტები, რომელსაც ის ახსენებს, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტენდერის გამოცხადებისას გამოქვეყნებული განცხადებებია.
ტენდერების მიხედვით, სასაზღვრო პოლიცია MИ-8 ტიპის საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული შვეულმფრენებისთვის პერიოდულად მართლაც ყიდულობდა სხვადასხვა ნაწილს.
2022 წლის მარტში სასაზღვრო პოლიციამ ორი MИ-8-ისთვის 2 კუდა ხრახნის კომპლექტი შეიძინა. სწორედ კუდა ხრახნი მოძვრა სავარაუდოდ კლდესთან შეჯახების გამო იმ ვერტმფრენს, რომელმაც გუდაურში კატასტროფა განიცადა. 2021 წელს ისევ MИ-8-ისთვის შეისყიდეს ლოპოსტების, მთავარი რედუქტორის და საჭის ხრახნის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. ამავე წელს შეაკეთეს MИ-8-ის ძრავის საწვავის მაღალი წნევის მარეგულირებელ ტუმბო. სახელმწიფოს ძველი, 1960-იანი წლების საბჭოთა კავშირში გამოშვებული შვეულმფრენების შეკეთება ასობით ათასი დოლარი უჯდება - მხოლოდ 2021 წელს MИ-8-ს რემონტი, რომელსაც ძირითადად აზერბაიჯანში ან ბელარუსში ატარებენ, ბიუჯეტს 651 000 დოლარი დაუჯდა. ამ ფასად ახალი, თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენების შეძენა თითქმის შეუძლებელია - თანამედროვე შვეულმფრენების ფასები მწარმოებლის, სპეციფიკაციების, მოცულობის მიხედვით განსხვავებულია და უმეტესად მილიონებში ითვლება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წლიური ბიუჯეტი 5 მილიონ ლარზე ნაკლებია და ამ თანხის ნახევარზე მეტი სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ხელფასებზე იხარჯება.