Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენსა და ეკიპაჟის წევრებზე ინფორმაციას ავრცელებს


29 ივლისი, გუდაური
29 ივლისი, გუდაური

შინაგან საქმეთა სამინისტრო 29 ივლისს სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილ ვერტმფრენსა და ეკიპაჟის წევრების გამოცდილებაზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კუდა ხრახნი, რომლის დაზიანებაც განიხილება ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად, ამ კონკრეტულ ვერტმფრენზე რამდენიმე თვის წინ შეიცვალა.

პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2022 წლის მარტში უწყებამ შეიძინა კუდა ხრახნის ორი კომპლექტი და შეუცვალა სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ორ ვერტმფრენს.

"სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ...

ვერტმფრენი "მი–8" გამოიყენება ძებნა - გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ ეკიპაჟზე მყოფი ოთხივე პილოტი მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ:

"ბორტს მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომელიც 1992 წლიდან გახლდათ მფრინავი და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას.

პოლკოვნიკი ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში, განხორციელებულა ბევრი, რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი".

29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით თქვა, რომ გარდაიცვალა სამაშველო ოპერაციაში ჩართული, ვერტმფრენში მჯდარი ყველა ადამიანი და ტურისტი.

"სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია დაშავებული. უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც იყო, ის ამოიყვანეს, ცოცხალია, გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს", - თქვა მინისტრმა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის) იძიებს.

XS
SM
MD
LG