გუდაურში 29 ივლისს უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ტურისტის ცოლი, შერილ მორალ ტიმანი პოლიციამ გამოკითხა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, უკვე გამოიკითხა რამდენიმე სხვა ადამიანიც.
ასევე ნახეთ რატომ ირჩევენ ტურისტები გუდაურს და რამდენად უსაფრთხოა პარაპლანით ფრენა - ინტერვიუ"ჯერ ჩემი ქალიშვილი გაფრინდა პარაპლანით, შემდეგ მე და ბოლოს ჩემი ქმარი. ამინდი კარგი იყო, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩემს ინსტრუქტორსაც კი პრობლემა შეექმნა დაჯდომის დროს. მე რომ დავეშვი, დავინახე, რომ ჩემს ქმარს ინციდენტი შეემთხვა. ჩვენ ველოდებოდით მაშველებს და ბოლოს გამოჩნდა ვერტმფრენიც. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან რთული იყო სამაშველო ოპერაცია და ამიტომ მეც ვითხოვდი, რომ ვერტმფრენი გამოეყენებინათ. მოვიდა ვერტმფრენი და დაიწყო მოსახერხებელი პოზიციის შერჩევა. მოულოდნელად მან ვარდნა დაიწყო და აფეთქდა", - ასე იხსენებდა შერილ მორალ ტიმანი რადიო თავისუფლებასთან იმ დღეს.
29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით თქვა, რომ გარდაიცვალა სამაშველო ოპერაციაში ჩართული, ვერტმფრენში მჯდარი ყველა ადამიანი და ტურისტი.
ასევე ნახეთ ცნობილია, ვინ ისხდა იმ ვერტმფრენში, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა"სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია დაშავებული. უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც იყო, ის ამოიყვანეს, ცოცხალია, გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს", - თქვა მინისტრმა.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის) იძიებს.