აშშ 10 მილიონ დოლარს გადაიხდის ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის მონაწილე პირების და სტრუქტურების იდენტიფიცირებას, მათი ადგილსამყოფლის დადგენას და მომავალში მსგავსი ჩარევის აღკვეთას.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე დაკონკრეტებულია, რომ აშშ ეძებს ინფორმაციას რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინსა და ინტერნეტ-კვლევების სააგენტოზე. „ტროლების ფაბრიკად“ წოდებულ სააგენტოს, რომლის დამფინანსებლად პრიგოჟინია მიჩნეული, 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში დასახელებულია კიდევ 10-ზე მეტი პირი, რომლებიც სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ „ტროლების ფაბრიკის“ საქმიანობაში.
სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა, რაც ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ იყო სანქცირებული და მიზნად ისხავდა ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და დემოკრატიის საფუძვლების შერყევას. 2016 წლის არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დაამარცხა დემოკრატი ჰილარი კლინტონი. გამოძიებას არ დაუდგენია რუსეთთან ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა უშუალო კავშირები. არჩევნებში ჩარევის გამო, აშშ-ში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რამდენიმე პირს, მათ შორის ევგენი პრიგოჟინს.
ასევე ნახეთ ევროკავშირის სასამართლომ არ მიიღო პრიგოჟინის საჩივარი სანქციების სიაში მისი შეყვანის თაობაზერუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ, "პუტინის მზარეულად" წოდებულ პრიგოჟინს სხვადასხვა, მათ შორის საკვები პროდუქტების ბიზნესი აქვს და რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელადაც ითვლება. პროგოჟინი აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებუთა სიაშია.