Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლომ არ მიიღო პრიგოჟინის საჩივარი სანქციების სიაში მისი შეყვანის თაობაზე


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

ევროპის კავშირის სასამართლომ ლუქსემბურგში არ მიიღო რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის საჩივარი სანქციების სიაში მისი შეყვანის გამო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება.

როგორც ნათქვამია სასამართლოს განკარგულებაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, პრიგოჟინმა, რომელიც სანქციების სიაში 2020 წლის ოქტომბერში შეიყვანეს ლიბიაში მოქმედ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ მისი სავარაუდო კავშირების გამო, სანქციების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ამტკიცებს, რომ ისინი მის უფლებებს არღვევს, „ვაგნერთან“ მისი კავშირები კი დამტკიცებული არ არის.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მტკიცებულებები, რის საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, ემყარებოდა ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებებიდან და პრესის მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებიდან, რის უარყოფაც მოსარჩელემ ვერ შეძლო. მათ შორის იყო ასევე „ჯგუფ ‘ვაგნერსა’ და ბატონ პრიგოჟინს შორის კავშირების დეტალური, ზუსტი და არაწინააღმდეგობრივი მტკიცებულებები“. პრიგოჟინს უფლება აქვს, ზემდგომ ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი.

მრავალრიცხოვანი ჟურნალისტური გამოძიებები, მათ შორის რადიო თავისუფლებისა, ცხადყოფდა პრიგოჟინის გარემოცვისა და პირადად მის კავშირებს „ვაგნერის“ საქმიანობასთან სირიაში, ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და აფრიკის სხვა ქვეყნებში.

პრიგოჟინი, რომელიც „პუტინის მზარეულის“ სახელითაა ცნობილი (მისი ბიზნესის ნაწილი დაკავშირებულია საკვებ პროდუქტებთან), შეყვანილია ასევე აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების სიაში. ამერიკაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული არჩევნებში ჩარევის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG