აშშ-ის სენატორები: ელჩ დეგნანზე თავდასხმები უნდა შეწყდეს

აშშ-ის სენატორები: ჯიმ რიში (მარცხნივ) და ჯინ შაჰინი

შეერთებული შტატების სენატში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის წინააღმდეგ და, ზოგადად, ბოლო დროს მიმდინარე ანტიამერიკულ კამპანიას ორივე პარტიის წარმომადგენელი სენატორები გამოეხმაურნენ.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ელჩ დეგნანსა და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. სენატორი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპირების და უნდობლობის კამპანიას მედიასივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის წერილი - პოლიტიკოსების შეფასებები

„იმედგამაცრუელებელია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებასა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“.

რესპუბლიკელი სენატორის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოება კეთილსინდისიერი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომლის მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის დამთავრება უნდა იყოს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“, უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“.

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ანტიამერიკულ კამპანიას პრორუსულ ძალებს უკავშირებს. ის აცხადებს, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეეწინააღმდეგებიან.

„სამწუხაროდ, ჩვენ ადრეც გვინახავს ამ ტიპის ტაქტიკა, რაც მიუთითებს რუსეთის მტკიცე ნებაზე, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და, კონკრეტულად, ხელი შეუშალოს საქართველოს საკუთარი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. მე მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა. ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი უთანხმოების და უნდობლობის დათესვის მცდელობებთან ბრძოლაში. შეერთებული შტატები რჩება ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული, რათა საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს“, განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

საქართველოში ამერიკის ელჩის საქმიანობაზე კი მან თქვა, რომ კელი დეგნანი სწორედ ამ მიზნის ხელშესაწყობად მუშაობს, რაც ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას გულისხმობს. „მე მივესალმები ელჩ დეგნანის გულმოდგინე მუშაობას ამ მიზნის მიღწევის გზაზე”.

ანტიამერიკული კამპანია განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გამძაფრდა. პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის, „ქართული ოცნებიდან“ ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წასული წევრები, ელჩ დეგნანს და მასთან ერთად ამერიკას, საქართველოს რუსეთთან ოში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ. შეერთებულ შტატებში ამ ბრალდებას როგორც საექსპერტო, ასევე პოლიტიკურ წრეებში „აბსოლუტურ აბსურდად“ აფასებენ.

ელჩზე თავდასხმას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერიც. მან განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს და რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების „ზოგიერთი“ წარმომადგენელის მხრიდან ისმის, „მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას“.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა, აშშ-ის ელჩის მიმართ ბრალდებების გაჟღერება დაიწყო. მათ შორის, ელჩი მოხსენიებული იყო საქართველოში ომის დაწყების კონტექსტშიც.

ასევე ნახეთ ყაველაშვილი დეგნანს: ომში ჩართვის ნარატივი თქვენგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის

"რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, ეფესბეს მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო. რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ...

ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.​

​რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია", - წერდა ყაველაშვილი.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს, აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.

სტატია მომზადებულია "ამერიკის ხმის" მასალებზე დაყრდნობით.