კელი დეგნანი საუბრობს, არის თუ არა ნიკა გვარამიას მოსამართლე სანქცირებული

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე სანქცირებული არ არის. ლაშა ჩხიკვაძის შესახებ კითხვა "ინტერპრესნიუსმა" დასვა ელჩთან ინტერვიუს დროს.

"რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.

პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან", - თქვა ელჩმა.

20 მაისს ცნობილი გახდა, რომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოიხსნა. ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ ამერიკული სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს, ადმინისტრატორებს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, გაეცნონ ამერიკულ სასამართლოებს, საქმის წარმოების წესსა და ეთიკას.

ამ საკითხზე ღიად საუბარი მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა. მაგალითად, 17 ივლისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "იმედი" ეთერში თქვა, რომ მან თავის კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

"დღემდე ჩემთვის ეს კითხვა აბსოლუტურად პასუხგაუცემელია - არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული თუ არ არის. თუ არის, ამას ბუნებრივია მოსდევს კითხვა - რატომ", - თქვა მოსამართლემ.

ასევე ნახეთ გვარამიას მოსამართლე: აშშ-ის საელჩომ ამ საქმეზე ანგარიში მომთხოვა

უფრო ადრე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია