გოგაშვილი მორიგ წერილში პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატის შესახებ წერს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.

„რუსული ოცნება VS ქართული ეკლესია" - ამ სათაურით მორიგ წერილს აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი. ამჯერად ის წერს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები დაინტერესებულნი არიან პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩააანაცვლონ.

„საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს: ჩემთვის უცნაურია ხელისუფლებამ რატო გადაწყვიტა ჩემი დასჯა ამ საქმით, რომელიც არის შეკერილი, როდესაც ვითომდა დაზარალებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან, ამით პირდაპირ დასტურდება ჩვენი ძალოვანი უწყებების და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი.

მე ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, რადგან რომ დიახ, ჩვენ ერთად ვართ, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების" მოქმედებებიდან და განცხადებებიდან. რომანოვსკი და ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის - მატვიენკოს, პოლტავჩენკოს და ასევე „ეფ-ეს-ბე"-ს გავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.

ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში რომ არიან ეს ზემოაღნიშნული (მიმდინარე) საქმითაც დასტურდება, რაშიც მე პირადად ეჭვი აღარ მეპარება და დასკვნები საზოგადოებისათვის მიმინდია", - აღნიშნავს გოგაშვილი.

სუს-ის ყოფილი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე 2021 წელს გადადგომას აპირებდა. ამასთან, გოგაშვილმა, მისი ინფორმაციით, მომავალი პატრიარქობის კანდიდატიც დაასახელა.

„ახლა მოგიყვებით რას აკეთებს და აკეთებდა ქართული მხარე და რა ფორმით ვიყავი მე ჩართული ამ ყველაფერში. სანამ კონკრეტულად ფაქტებზე გადავალთ, იქამდე მინდა რამდენიმე პასაჟი გავაკეთო სუს-ში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც, მე ყოველთვის ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის ხელი შემეშალა.

პრევენციულად რამოდენიმეჯერ სუსიდან წამოსული ეს ინფორმაცია ტელევიზიითაც გავაჟღერე, მაგრამ, სავარაუდო კანდიდატები არ დამისახელებია (პატრიარქობის). პირველ კანდიდატად განიხილებოდა მეუფე შიო, რომელზეც ორივე მხარე მუშაობდა. მე ტელევიზიით არ გავაჟღერე ეს, იმიტომ, რომ მინდოდა პირადად მეუფე შიო მენახა.

30 სექტემბერს ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ მე დავუკავშირდი მეუფე შიოს და მოვუყევი ყველაფერი, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩარევა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას კონკრეტულად 14 ოქტომბერს, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება. ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია.

უფრო ადრე, 2020 წელს მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახე ჩემი მზაობა შემეჩერებინა ეს ყველაფერი. მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: „იოსებ, შვილო ნუ დაეჯახები მათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”.

მე ვეამბორე მას ხელზე და ვუთხარი, რომ მე თავს უფლებას არ მივცემ და ჩემ გასაკეთებელ საქმეზე მას კურთხევას არ ვთხოვდი. მას შემდეგ მე ავიღე რაღაც პაუზა, ამ ხნის განმავლობაში მივიღე ბევრი მუქარა, გაფრთხილება, „კეთილი რჩევა”, ცოტა ხნის შემდეგ დავიწყე პოლიტიკური აქტივობა, მხილების კამპანია, თვითმმართველობის არჩევნებამდე მეგობრული „რჩევა-გაფრთხილება" მივიღე ვახო გომელაურისგან და პრემიერ ღარიბაშვილისგან, მაგრამ რა ვიცოდი საქმე რომ უკვე აღძრული ჰქონდათ", - აცხადებს გოგაშვილი.

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე მისი ლიკვიდაციის გეგმაზეც წერს. „მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც, რის შესახებაც თეამ [გოგაშვილის ცოლი] შეცდომით თქვა დრო, ეს იყო არა 5-6 თვის წინ, არამედ წელიწადნახევრის წინ. მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ „ქილერს" და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს „ქილერი" იმყოფებოდა პანკისში.

მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია. დავუბრუნდები ე.წ. „გატარებულ" ღონისძიებებს. როგორც ინგა გრიგოლიას გადაცემაში ვთქვი, ჩემთან შეხვედრა ითხოვა ვანო ჩხარტიშვილმა, საპატრიარქოს ტახტის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე დავალებული მქონდა მისთვის მიმეწოდებინა ყველა ინფორმაცია. მან თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა მეუფეებთან დაკავშირებით, ახასიათებდა სხვადასხვანაირად ყველა მათგანს როგორც საკუთარ კომპანიაში დასანიშნ კანდიდატებს. მან მთავარი აქცენტი გააკეთა მეუფე შიოზე, რომ ის იყო ყველაზე მისაღები კანდიდატი, რომ ეს იყო შეთანხმებული უფროსთან", - ვკითხულობთ გოგაშვილის წერილში.

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ვანო ჩხარტიშვილი ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ახსენა. ის ამბობდა, რომ ჩხარტიშვილს აინტერესებდა, პატრიარქის გადადგომის შემთხვევაში ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ ეპისკოპოსებს, როგორი პოზიცია ექნებოდათ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. „იმდენჯერ ილაპარაკა გოგაშვილმა ამ თემაზე, რომ შარშან ოქტომბერში გაცემული მაქვს ამაზე პასუხი. ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ", - გვითხრა დეკანოზმა.

2021 წლის შემოდგომაზე კი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამოეხმაურა სოსო გოგაშვილს: „შესაძლებელი არის, რომ სოსომ იცის ამბავი შუიდან. ამ ფაილებში ჩანს, რომ პატრიარქმა რამდენჯერმა თვითონ დააყენა საკითხი - მომხდარიყო პატრიარქის ცვლილება. მეც ვარ შესწრებული ერთხელ, ძალიან ვიწრო წრეში, მღვდელმთავრებთან ერთად, როდესაც მან ეს საკითხი დააყენა, მაგრამ მღვდელმთავრები იცით, რომ მისი ხელდასმულები არიან, ძალიან დიდი სიყვარული აქვთ მისადმი და ერთხმად ყველამ სთხოვა, რომ არ გაგრძელებულიყო ამ საკითხზე საუბარი. მე არ ვიცი იქ რა ვითარებები იყო, მაგრამ ცხადია, თუ მსგავსი ინიციატივა იქნებოდა, ეს არ შეიძლება, ყოფილიყო გარედან ვიღაცის ინიციატივა".

ასევე ნახეთ გოგაშვილის თქმით, "უკანონო დავალებების" მიღების შემდეგ წამოსვლას "სისტემის მხილება" არჩია

გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

27 ივლისს სოსო გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ თქვა, რომ სუს-ის ყოფილი თანამდებობის პირის საქმეს საოდუმლო გრიფი დაედო.

რაც შეეხება წერილში ნახსენებ რომანოვსკის, ადვოკატის თქმით, გოგაშვილის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ, რუსეთის მოქალაქის კონსტანტინ რომანოვსკის საჩივარია. ის ამტკიცებს, რომ გოგაშვილმა მის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და გაავრცელა.

"არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა. თუმცა არის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც სოსო გოგაშვილი ერთ-ერთ პიროვნებას ეკითხება, ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა საზღვარი ამა და ამ პირმა. რომანოვსკი საკმაოდ საინტერესო ფიგურა ჩანს, ვინაიდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით სუს-ის 18 მოქმედ თანამშრომელს შემოწმებული აქვს მისი პირადი ინფორმაცია, 54-ჯერ არის ეს პირი გადამოწმებული. ამ 54-დან შესაძლებელია სოსო გოგაშვილმა ვიღაცას ჰკითხა, მითხარით, არის თუ არა ნამდვილად შემოსული საქართველოში, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს", - თქვა რამაზ ჩინჩალაძემ.

კონსტანტინ რომანოვსკიმ თქვა, რომ მისი პირადი მონაცემების გაჟღერებით მორალური ზიანი მიადგა. ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილის საქმეში სხვა დაზარალებული არ არსებობს.

ასევე ნახეთ როგორ შეაგროვო საარჩევნო ხმები - მმართველი გუნდის რეცეპტი „გოგაშვილის ფაილებიდან“

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა" გაასაჯაროვეს ინფორმაცია და ათობით დოკუმენტი, რომელიც ეხება, სავარაუდოდ, სახელმწიფო რესურსების უკანონო გამოყენებით, ფაქტობრივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პარტიის სასარგებლოდ ხმების შეგროვებას. დოკუმენტაცია მათ სოსო გოგაშვილმა გადასცა.