ვეგანობა ციხეში - ინტერვიუ ყოფილ პატიმართან, რომელმაც სახელმწიფოს სასამართლო მოუგო

გლებ ტიმოფეევი, ყოფილი პატიმარი, რომელმაც სახელმწიფოს საქმე მოუგო.

30 ივნისს ყოფილმა პატიმარმა გლებ ტიმოფეევმა უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ციხემ დაარღვია მისი უფლებები, როდესაც მას პატიმრობაში ვეგანური კვების გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა.

სასამართლო დავა ჯანდაცვის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ 2019 წელს დისკრიმინაციის დადგენისთვის დაიწყო.

როგორ წამოიწყო და მოიგო ეს სასამართლო დავა ყოფილმა პატიმარმა და რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება სხვა პატიმრებისთვის - რადიო თავისუფლებას ამ კითხვებზე თავად გლებ ტიმოფეევი უპასუხებს.

გლებ, საერთო ჯამში რამდენი ხანი დაჰყავით ციხეში და ამ პერიოდის განმავლობაში რა საკვებს გთავაზობდათ ციხის ადმინისტრაცია?

[2021 წლის] 28 მაისიდან 7 ნოემბრამდე. 5,5 თვე დაახლოებით. ეს იყო ჩვეულებრივი მენიუ, რომელიც ყველა პატიმარს აქვს, ჯანდაცვის [სამინისტროს] ნორმებით გაწერილი… ცხოველური პროდუქტები ჩემთვის მიუღებელი იყო. არავინ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა… დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი ციხეს არ ჰყავდა, რომ კვება შეეცვალა.

ამ მენიუდან თქვენ რისი ჭამა შეგეძლოთ?

სულ ოთხი კერძი მქონდა მთელი კვირის განმავლობაში: ორჯერ ლობიო, ერთხელ წიწიბურა და ერთხელ ბარდის სუპი. დიდი არჩევანის წინაშე არ ვდგავარ - ეს იყო, რისი არჩევაც შემეძლო, სხვა დანარჩენი ჩემთვის იყო მიუღებელი. ციხის მთავარ ექიმთან ლაპარაკის შემდეგ ნორმები გაზარდეს.

მე ეგ [მაინც] არ მანაყრებდა არანაირად და არც რაციონს, კალორაჟს ავსებდა - ისე იყო, როგორც ძაღლისთვის ძვლის მიგდება, თავი გაგვანებეო.

ამ კვებაზე გავძელი. რაც ჩამოვთვალე, არაა საკმარისი, სიკვდილის ტოლფასია. ლენინგრადში რომ ბლოკადის დროს [იყო], კალორიებში რომ გადავთვალოთ, იმ ბლოკადაში მყოფებს უფრო მეტი კალორიები ჰქონდათ, ვიდრე მე ციხე მაძლევდა.

პროდუქტის შემოტანის უფლებას არ გაძლევენ, ყიდვის საშუალება არ გაქვს, არ იყიდება. კამერაში 8 კაცი ვისხედით. პატიმრები თავის ულუფას მითმობდნენ. ჩემს გაჭირვებას ხედავდნენ, მშიერი ვრჩებოდი.

რატომ იყო თქვენთვის ციხეშიც კი პრინციპული ვეგანურ კვებაზე დარჩენა?

ჩემი კვება ძალიან მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა რელიგიების სამარხვო კვებასთან... მე 9 წლის სტაჟი მაქვს ვეგანობის, იქამდე ორი წლის სტაჟი მქონდა ვეგეტარიანელობის. [ჩემთვის] კომფორტის ზონა არის ვეგანობა.

როცა მიხვდით, რომ მშიერი რჩებოდით, რამე დახმარება ითხოვეთ ციხის ადმინისტრაციისგან?

მთელი პენიტენციური სისტემის ადმინისტრაცია საქმის კურსში იყო და რეაგირება იყო ნული. სახალხო დამცველს მივწერე. მივწერე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც.

მე არაერთი პატიმარი ვარ, რომელსაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა… ისინი ტეხავდნენ პატიმარს - „არ გაძლევ და მორჩა”. შენი ათვლის წერტილი არის რკინის კარი და ბეტონის ოთხი კედელი, გარეთ შენი მშველელი არავინ არ არის.

[ციხეში] გულგრილები რჩებიან ნებისმიერ შემთხვევაში. არც ერთხელ არ დასჯილა არავინ - „ილაპარაკე რამდენიც გინდა. გაგვდის და ვაკეთებთ” - ეს არის მაგათი პრინციპი. და კიდევ ერთი პრინციპია - „ვინ გაიგებს ამას?”.

რაღაცას რომ სთხოვ, რაღაც ქმედება უნდა გამოიწვიოს და არ უნდათ - ეს ფულთან არის კავშირში, შეწუხებასთან.

მაგალითად, იყო პატიმარი, რომელსაც ჰქონდა გლუტენის აუტანლობა, პურს ვერ ჭამდა, აღებინებდა. ითხოვდა გარკვეული სახეობის პურს - არ მისცეს ეგ „სიამოვნება”. ჯერ იჯდა გლდანის ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს ქსანში. შეტანილი ჰქონდა განცხადება სახალხო დამცველთან ცალკე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ცალკე, იმდენი „ეჩალიჩნენ“, გატეხეს ის პიროვნება.

ჩემს გატეხასაც ცდილობდნენ - „არ გაძლევთ საჭმელს და სად წახვალ, რას გვიზამ?”.

თქვით, რომ კვების პრობლემები სხვა პატიმრებსაც ჰქონდათ. ალბათ, ყველაზე დიდი ჯგუფი, ვისაც შეიძლება ციხეში კვების პრობლემა ჰქონდეს, რომელიმე აღმსარებლობის წარმომადგენელია? მაგალითად, მუსლიმები ან ქრისტიანები, ვისაც მარხვა უნდათ.

მანდ არ აქვთ რელიგიური კონფესიების მიხედვით არანაირი კვება. აქვთ ზოგადი მენიუ და [მენიუ] დიაბეტიკებისთვის - ეს დაავადება გათვლილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. [მაგრამ] თქვენ თუ გგონიათ, რომ დიაბეტიკის მენიუ დიდად განსხვავდება სხვა პატიმრებისგან, გეშლებათ - პურს აძლევენ სხვა ფერისას, ესაა სხვაობა.

სასულიერო პირებს, რომლებიც ციხეში მრევლთან შედიან, არასდროს უცდიათ ამ საკითხის წამოჭრა?

მანდ არის სპეციალური ოთახი, სადაც სასულიერო პირს ხვდებიან პატიმრები. როცა ადამიანს ცოდვების მონანიება უნდა, დაშვებულია ერთი ბოთლი ღვინის შეტანა… მე ვიცი, რომ ეს ხდება მართლმადიდებლებზე და სხვა კონფესიებზე რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს.

წარმოიდგინეთ, რამდენი ექიმი მჯდარა ციხეში… მღვდლებიც ისხდნენ… მაგრამ ეს თემა არ წამოუწევიათ. მე წამოვწიე და შევიტანე სარჩელი.

ციხის ადმინისტრაციის გულგრილობა გახდა იმის მიზეზი, რომ გადაწყვიტეთ სასამართლოში ჩივილი?

მეყო ნებისყოფა, რომ შეტევაზე გადავსულიყავი. უნდა იყო ძალიან გაბედული, რომ ორ სამინისტროს [ჯანდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურს] დაუწერო საჩივარი და თან ისეთ თემებზე, რომელშიც ძალიან ცოტა ერკვევა…

საია-ს და სახალხო დამცველს მივწერე. საია პირველივე დღიდან ჩემს დამცველად დადგა. ჯერ სახალხო დამცველთან ითხოვდნენ, დადგენილიყო დისკრიმინაცია. ბოლოს სახალხო დამცველმა მოგვწერა, რომ ვერ დაადგენდა დისკრიმინაციას მაშინ, როცა მე პატიმარი აღარ ვიყავი.

[სახალხო დამცველს] ჰქონდა მიწერ-მოწერა ციხის ადმინისტრაციასთან, მაგრამ კვება არ ესმით, მცდელობა ჰქონდათ გაგების, მაგრამ არ ესმით. ვთხოვდი, დაექირავებინათ ერთი დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგი და 10 წუთში ავუხსნიდი პრობლემას. როცა არ ესმის კაცს, რას იზამ. მერე უკვე მე და საია მივაწექით.

თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღეთ მაშინ, როცა უკვე აღარ იყავით პატიმრობაში. თქვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება შეცვლის თუ არა სხვა პატიმრების ყოფას?

მე გამომდის ასეთი რაღაცები, სხვას შეიძლება უნდა, მაგრამ არ გამოუვიდეს. მე თუ არა, სხვა ვინ?.. აი, მე რომ მიტინგი მომეწყო ჯანდაცვის სამინისტროსთან, შედეგს მივიღებდი?! ვერანაირად. სასამართლო დადგენილება სხვა თემაა. როცა მოსამართლის მიერ არის დადგენილი, რომ დისკრიმინაცია ჩადენილია და ეს უნდა აღმოიფხვრას და არამარტო ჩემ მიმართ…