აჟიტირებას მღელვარების მეტი არაფერი მოაქვს - პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო დაკავებაზე

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ ასეთ შეთხვევებში რაც უნდა გაკეთდეს ეს არის, საქართველოს ხელისუფლებოს გვერდში დადგომა ამ საქმეში ერთიანობის ჩვენებისთვის და არა საკითხით აჟიტირება.

პარლამენტში მედიასთან გაკეთებულ კომენტარში შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სამწუხაროდ „ეს არ არის ახალი გამოწვევა, ეს არის სამწუხაროდ, შედეგი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და იმის, რომ 10 ათასამდე რუსი ჯარისკაცი სამწუხაროდ, დღემდე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ნაწილში“.

მისი სიტყვებით, ამ გამოწვევას გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლით და დაკავებულების გამოსახსნელად მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით შეიძლება გაეცეს პასუხი.

„საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც პატრიოტულად უყურებენ ამ საკითხს ნდობა უნდა გამოუცხადონ იმ სამსახურებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებული და ჩვენ უნდა ვენდოთ და ისინი ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რომ უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ. რაც უფრო მეტად ხდება აჟიტირება ამ საქმის, არაფერი გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დამატებითი მღელვარების შემოტანის მცდელობა ხდება, ამას არ მოაქვს. საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ჰყავს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ასეთ დროს საკმაოდ პროფესიონალურადაც მუშაობენ და შესაბამის შედეგსაც აღწევენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალად ედება „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ 25 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობისთვის" დააკავეს გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქალის უკანონოდ დაკავება დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს). რადიო თავისუფლებას სუს-ში განუცხადეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.